ახალი ამბები
"ჩვენი, ქალების უპირველესი მოვალეობაა დავდგეთ იქ, სადაც წყდება ჩვენი შვილების მომავალი"
FaceBook
"არა რუსულ კანონს";  „არა მონობას“;  "საქართველო რუსეთი არ გახდება", "ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სლოგანით ქუთაისში ქალების მარში მოეწყო.
ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის დასაცავად, ცენტრალურ მოედანზე ის ადამიანები არიან შეიკრიბნენ, რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნის არჩევანი ევროპაა და „რუსული კანონპროექტის“ მიღება დაუშვებელია.

მათ ქალაქში ფეხით მსვლელობა მოაწყვეს და ქუთაისის მერიასთან სიმბოლურად შეჩერდნენ.



„ჩვენი აქცია დაგეგმილი იყო იმისთვის, რომ ქალებს გამოეხატათ თავიანთი სულისკვეთება, რომ უარს ეუბნებიან რუსულ კანონს, მაგრამ მოხდა ისე, რომ გუშინ, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რამაც აქციას თავისთავად შესძინა სულ სხვა დატვირთვა და დინამიკა. თქვენ ხედავთ, რომ დღეს აქ არიან სტუდენტებიც, უბრალო მოქალაქეებიც, ბავშვებიც კი მშობლებთან ერთად და ბენეფიციარები, რომლებიც ჩამოვიდნენ რეგიონებიდან, რომლებიც კარგად ხედავენ, რომ ამ კანონით საფრთხე ექმნება იმ სერვისებს, რომლებსაც არასამთავრობო სექტორი პარტნიორების, ევროპული და ამერიკული ფონდების დახმარებით მიაწოდებს მათ.

გამჭვირვალობა რომ არაფერ შუაშია ამ კანონის შინაარსთან უკვე დაამტკიცა ხელისუფლებამ. ჩვენ ვნახეთ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, პოლიტიკური ანგარიშსწორება, ახალგაზრდები, რომლებიც დუბინკებით არიან ნაცემი და დღეს საავადმყოფოში იმყოფებიან, ყველამ დაინახა ამით რა სურს ხელისუფლებას სინამდვილეში ამ კანონით. ამიტომ, საქართველო არასოდეს დაუშვებს აღმოჩნდეს იქ, სადაც მიგვათრევს ეს 76 პარლამენტარი (აღმოჩნდა, რომ მათი რიცხვი მეტიც ყოფილა). ქართველი ხალხი არის იქ, სადაც არის კონსტიტუცია, რომელიც საბედნიეროდ, იძლევა იმის გარანტიას, ადამაინებმა დაიცვან თავიანთი ევროპული მომავალი. ჩვენი, ქალების უპირველესი მოვალეობაა დავდგეთ იქ, სადაც წყდება ჩვენი შვილების მომავალი“, - ამბობს ქალთა ფონდ „სოხუმის“ წარმომადგენელი ემა კამკია.

იგი მიიჩნევს, რომ „ოცნების“ დღევანდელი მესიჯბოქსი „ღირსებით ევროპისკენ“ რუსული კანონის მიღების შემდეგ, მშვიდობიანი აქციის დარბევისა და საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე სასაცილოა.

"ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ევროპა წარმოუდგენელია იმ ტოტალიტარიზმის პირობებში, რომელსაც ეტრფის ხელისუფლება. დღეს ძალიან ცხადია თეთრი და შავი“,- ამბობს ემა კამკია.

აქციას ქუთაისში ორგანიზება ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ და ქალთა კლუბმა გაუწია.



ფოტო: ლანა თოთაძე

ქალთა მარში საქართველოს რამდენიმე ქალაქში იმართება. მათ შორის, თბილისში, ბათუმში, ოზურგეთში, ამბროლაურში, ბოლნისში, გორში, თელავში, ახმეტასა და მარნეულში.

„ოცნებიდან“ ფორმალურად წასული ე.წ "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ ინიცირებული „რუსული კანონპროექტი“ გუშინ, პირველი მოსმენით მიიღეს. მას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეების მშვიდობიან აქციას კი ხელისუფლება ძალადობით დაუპირისპირდა. დაკავებულია 66 ადამიანი. 

ამ კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.