ახალი ამბები
„გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ - ახალი სამოქალაქო ინიციატივა
FaceBook
"გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ" - ეს იმ ახალი კამპანიის სახელია, რომელსაც არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები მედიებთან ერთად იწყებენ.


დღეს, 27 მაისს, კამპანიის პრეზენტაცია გაიმართა, სადაც ორგანიზაციებმა ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს. მანიფესტში ხაზგასმულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი, სურვილი და მისწრაფება ქვეყნის ევროინტეგრაციისკენ:

"ჩვენი სამშობლოსთვის ისტორიული ეტაპი დგება. რამდენიმე კვირაში გადაწყდება, როგორი იქნება ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი. დღეს დადგა დრო, როდესაც ჩვენ, ამ ქვეყნის ყველა ცოცხალმა თაობამ, როგორი იმედგაცრუებულები და დაღლილებიც არ უნდა ვიყოთ, უნდა გადავწყვიტოთ – გვინდა თუ არა საქართველომ, მისმა ხალხმა, უძველესმა კულტურამ და დაუღალავმა სწრაფვამ განვითარებისკენ ახალი მუხტი შეიძინოს და ჩვენი, როგორც სახელმწიფოს და ერის გზა გაგრძელდეს.

რამდენიმე თაობაში ერთს ერგება ხოლმე უდიდესი პასუხისმგებლობა კიდევ ერთხელ დაიმკვიდროს თავისი სახელმწიფო და მისი მომავალი. და თუ თაობიდან თაობამდე, ისევ და ისევ, ხალხი ირჩევს სიცოცხლეს და არა უღირს დასასრულს, მომავალს და არა გაქრობას, თავისუფლებას და არა მონობას – ქვეყნის და მისი ხალხის გზა გრძელდება და ასეთ ხალხს არ უწერია დასასრული და გადაშენება. ჩვენამდე არაერთმა რჩეულმა თაობამ გააკეთა ეს არჩევანი და ასე გადმოგვცა ჩვენი სახელმწიფო დასაცავად, მოსაფრთხილებლად და ასაყვავებლად" – აცხადებენ კამპანიის მონაწილეები.

მანიფესტში აღნიშნულია, რომ დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ირჩევს ევროპულ გზას, რადგან საქართველო თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა. კამპანიის მონაწილეების თქმით, არ არსებობს არჩევანი "სახელმწიფოსა და სამშობლოს", "თავისუფლებასა და უსაფრთხოებას" შორის:

"სამშობლო – თავისუფალი სახელმწიფოა; უსაფრთხოება – თავისუფლების დაცვა. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, რადგან: საქართველოში სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი – არავის, ქონების, წოდებისა და დიდების მიუხედავად, არ უნდა ჰქონდეს უფლება მიითვისოს ან უკანონოდ მოიპოვოს ხელისუფლება. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: ხელისუფლება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით იცვლებოდეს – ხელისუფლების გადაცემა ბუნებრივი მოვლენა იყოს და არა იშვიათი გამონაკლისი", – წერია ერთობლივ განცხადებაში.

მანიფესტში ხაზგასმულია, რომ კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები აღიარებული და დაცული უნდა იყოს. არა მმართველის ნება, არამედ კანონია უზენაესი და მის წინაშე ყველა თანასწორია. "არავინ დგას კანონზე მაღლა" - მიაჩნიათ მანიფესტის ავტორებს.

"დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სიტყვის თავისუფლება ხელშეუხებელი და დაცული იყოს – არავინ იდევნებოდეს აზრის გამოთქმისთვის და ცენზურა ან მედიაზე ზეწოლა კანონით ისჯებოდეს. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სიღატაკე აღარ არსებობდეს – არავინ იყოს ქუჩაში უსახლკაროდ და მშიერი, პენსიონერებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ გარანტირებული.

დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: სახელმწიფო ებრძოდეს და ამარცხებდეს კორუფციას – მმართველების ხელდასმული მოხელეები არ ძარცვავდნენ სახელმწიფოს, ხაზინის ქურდები – ისჯებოდნენ. დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროპულ გზას, იმისთვის, რომ: საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა და ბუნება იყოს დაცული – ეროვნულ საგანძურს და ბუნებრივ რესურსებს უფრთხილდებოდნენ და ხელისუფალნი უკანონოდ არ ასხვისებდნენ. ამიტომ დღეს, ქართველი ხალხი ცალსახად და მკაფიოდ ვირჩევთ ევროკავშირს", – წერია მანიფესტში.

განცხადების ავტორების თქმით, ეს წინაპრების, თავისუფლებისთვის, სახელმწიფოებრიობისა და განვითარებისთვის ბრძოლის ღირსეული გაგრძელებაა.

"მომავალი თაობები სწორედ იმით განგვსჯიან – თუ რა გავაკეთეთ – თუ რა გააკეთე შენ – როცა ქვეყნის ბედი წყდებოდა. მხოლოდ იმ ხალხს დაუმკვიდრებია თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა, რომელიც უამრავი განსხვავების და უთანხმოების მიუხედავად, ერთიანი ყოფილა იმაში, რომ სწორედ ასეთი ქვეყანა ეკუთვნის და ნაკლებს ვერ დასჯერდება. დავდგეთ ერთად და გადავდგათ ნაბიჯი ევროპისაკენ", – აცხადებენ ხელმომწერები.

ივნისში ევროკომისია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსაზრების დოკუმენტს წარადგენს. ამ დოკუმენტის საფუძველზე მოგვიანებით გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო მიიღებს. ამაზეა დამოკიდებულია გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით
დასრულდება.
09:37 / 26.07.2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე
18:14 / 25.07.2024
ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები იგივე "Pაris 24",  26 ივლისს გაიხსნება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.