ახალი ამბები
ომის „არშემჩნევა“ - რა ინფორმაციას აქვეყნებენ სამინისტროები ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე
FaceBook
საქართველოში ორგანიზაციები, დაწესებულებები, უწყებები თუ კერძო პირები, სხვადასხვა ფორმით ცდილობენ უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვას.

სოლიდარობის გამოხატვის დიდი სივრცეა სოციალური ქსელი ფეისბუკიც.

ფეისბუკში ოფიციალური გვერდი თითქმის ყველა ორგანიზაციასა და უწყებას აქვს. მათ შორის - სამინისტროებს.

რას წერენ და რა ინფორმაციას დებენ საქართველოს სამინისტროების ფეისბუკ გვერდებზე უკრაინაში რუსული აგრესიის ჭრილში? რამდენად ჩანს ფბ გვერდებზე გამოქვეყნებულ მათ განცხადებებში, პოსტერებში, გნებავთ ემოჯებში მხარდაჭერა უკრაინის მიმართ?

მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე უკრაინაში ომის შესახებ ინფორმაცია არ დევს. ბოლო ახალი ამბავი სამი მარტის დღესასწაულს ეხება და იმას, თუ როგორ ულოცავენ მეომრების დედებს ამ დღეს. სამინისტროს 24 თებერვლიდან მოყოლებული, ერთი სიტყვითაც არ უხსენებია, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

უკრაინაში ომზე ინფორმაცია არ იძებნება არც შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე. ბოლო ახალი ამბავი 25 თებერვალს არის გამოქვეყნებული და ის 101 წლის წინ საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ეხება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც, მათი ფბ გვერდით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ არაფერი სმენია. ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე, რუსეთის აგრესიას უკრაინაში არც ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ეხმაურება. თუკი იარსებებდა ისეთი მომხმარებელი, რომელიც ინფორმაციას მხოლოდ ამ გვერდებიდან მიიღებდა, გამოდის, რომ ის ვერც გაიგებდა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო.

კულტურის სამინისტროს ფბ გვერდზე არ გვხვდება მხარდამჭერი განცხადება ან პოსტერი უკრაინის მიმართ. ომზე მხოლოდ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საუბრობს "იმედის" ეთერში და მის მიერვე გამართულ ბრიფინგზე.

ეკონომიკის სამინისტროს ფბ გვერდზე რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ ინფორმაცია 25 თებერვლიდან იდება. იგი დახმარებას ეხება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს გაუწევს - სასტუმროებში თავშესაფრის მიცემასთან და საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების გაწევასთან დაკავშირებით.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ფბ გვერდი უკრაინაში ომის დაწყებას 26 თებერვლამდე არ ეხმაურება. შემდეგ რამდენიმე პოსტს დებს იმ ერთადერთ დახმარებაზე, რაც საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის გამოიჩინა. საუბარია 100 ტონა ჰუმანიტარულ ტვირთზე, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით უკრაინაში ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს, 28 თებერვალს გაიგზავნა

იუსტიციის სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე, ინფორმაცია რუსეთის აგრესიის შესახებ მხოლოდ 28 თებერვალს ჩნდება რატი ბრეგაძის ტვ "იმედში" მიცემული ინტერვიუს სახით, სადაც მინისტრი უკრაინაში ომზე საუბრობს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე რუსეთ-უკრაინის ომზე არაფერი იდება 28 თებერვლამდე. ომის შესახებ მინისტრი ოთარ შამუგია მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრობს. ამ კომენტარების გაშიფრული ვერსია დევს სამინისტროს ფბ გვერდზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური გვერდი რუსეთის აგრესიას უკრაინაში არ ეხმაურება 28 თებერვლამდე. 28 თებერვალს, სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე მთავრობის ადმინისტრაციაში თეა წულუკიანის ბრიფინგის ამსახველი ვიდეოს იდება, სადაც კულტურის მინისტრი ჟურნალისტების კითხვების შემდეგ აკეთებს კომენტარს ომზე.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რუსეთის აგრესიას უკრაინაში 1 მარტს ეხმაურება მთავრობის სხდომის ვიდეოჩანაწერის სახით, სადაც პრემიერ - მინისტრი უკრაინაში ომზე საუბრობს.

რუსეთ-უკრაინის ომს, თავის ფბ გვერდზე კონფლიქტის დაწყების დღესვე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. სამინისტრო 24 თებერვალს დებს პოსტს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს ომის დაწყებასთან დაკავშირებით. 24-შივე ქვეყნდება ინფორმაცია ცხელი ხაზის შესახებ და ცნობა იმაზე, რომ უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებები ადგილზე მუშაობას აგრძელებენ საგანგებო რეჟიმში.

საქართველოს მთავრობის ფბ გვერდზე, რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 25 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიდეო ჩანაწერის სახით ქვეყნდება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამ თემაზე ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვებს პასუხობს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე
დღეს გავა.
11:30 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს გავა.
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე
ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.
11:00 / 16.04.2024
თბილისში, რუსული კანონის წინააღმდეგ, პარლამენტთან გამართულ აქციაზე ქუთაისელი აქტივისტი იმედა კლდიაშვილი დააკავეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.