ახალი ამბები
“გაუფრთხილდით დროს” - პატრიარქის საშობაო ეპისტოლე
FaceBook
სამების საკათედრო ტაძარში, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის 2022 წლის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.
“ქუთაისიპოსტი” ეპისტოლეს ტექსტს სრულად გთავაზობთ:

"დგება დღე შეუდარებელი, სრულიად განსხვავებული და განსაკუთრებული არამარტო კაცობრიობის ისტორიაში, არამედ მთელი სამყაროს არსებობაშიც. ის, რაც 2022 წლის წინ იერუსალიმის მახლობლად, ბეთლემის ერთ მიტოვებულ, პირუტყვის თავშესაფრად გამოყენებულ გამოქვაბულში ზამთრის ცივ ღამეს აღესრულა, ენითუთქმელი სასწაულია, - იშვა ემანუელი! მანამდე ღმერთი კაცობრივად არ მოვლენილა. მსგავსი რამ სამყაროში არასოდეს მომხდარა და არც მოხდება.

ეს არის დღე ცისა და მიწის, შემოქმედისა და ადამიანის ერთობისათვის გზის გამკვალავი, ეს არის დღე უფალთან ჩვენი დიდი მშვიდობის, დიდი შერიგების, დიდი სიხარულის დასაწყისისა.

გაცხადდა იაკობ მამამთავრის წინასწარმეტყველება: "წაერთმევა კვერთხი იუდას... ვიდრე არ მოვა მისი მფლობელი და ის იქნება იმედი ხალხთა" (დაბ. 49, 10), რაც გულისხმობდა იმას, რომ, როდესაც ისრაელს აღარ ეყოლებოდა კანონიერი მეფე იუდას ტომიდან, მაშინ მოევლინებოდათ ზეციური მეუფე. მართალც, რომის იმპერიაში, მის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, იუდეაში, პირველი წარმართი და უცხოტომელი მეფის, იდუმიელი ჰეროდეს მმართველობის ჟამს უცნაურმა ვარსკვლავმა და ანგელოზთა დასმა სამყაროს ამცნო იესოს შობა.
ეს იყო უფლის მოწყალების და კაცობრიობის საუკეთესო ნაწილის მიერ ღვთის განკაცების მრავალათასწლიანი მოლოდინის შედეგი.
ამ გზაზე იყო ებრაელთა ერის მრავალგზისი განდგომა ღვთისგან, გაუცხოება ჭეშმარიტი რწმენისგან, შიში წარმართ დამპყრობელთა წინაშე და მათი გავლენის ქვეშ მოქცევა..., მაგრამ იყო სინანულიც, ღვთისადმი თავგანწირული ერთგულებაც და უფლისა და მოყვასისათვის მსახურების გამორჩეული მაგალითებიც.

დიდი რყევებისა და სულიერი ქარტეხილების მიუხედავად, სინას მთაზე მოსე წინასწარმეტყველისთვის მიცემული უფლის მცნებები ისრაელიანთა ღირსეულმა მოღვაწეებმა დაიცვეს და მოამზადეს კაცობრიობა მაცხოვრის განკაცებისთვის. და, აი, დავით წინასწარმეტყველის შთამომავალ ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისგან მოევლინა ამ ქვეყანას "ნათელი სოფლისა,"... ,,რომლისგან ყოველივე შეიქმნა და მის გარეშე არც ერთი რამ იქმნა" (ინ.1,3); მოევლინა, რათა კაცთა მოდგმისთვის ეხარებინა:
"მოვედით ჩემდა ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისვენო თქვენ"; (მთ. 11.28)
"მე ვარ პური სიცოცხლისა, ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება"(ინ. 6.35);
"მე ვარ კარი ცხოვართა, ვინც შედის ჩემით, გადარჩება"; ( ინ. 8,12);
"მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები, ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ განიგდება"(ინ.15,5-6);
"მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე" (ინ. 14,8).
- რას გულისხმობს, უფრო სწორად, რისკენ მოგვიწოდებს ეს სიტყვები?
- სინერგიისაკენ, - ღვთაებრივი და ადამიანური ნების შეერთებისა და შერწყმისაკენ. ანუ იმისკენ, რაც უნდა იყოს ერთადერთი მთავარი აზრი და მიზანი ჩვენი ცხოვრებისა; ყველაფერი სხვა კი, მასთან შედარებით, ამაოებაა. ჩვენში რომ მოხდეს სინერგია, აუცილებელია, შევძლოთ საკუთარი თავისა და ღმერთის, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, შეცნობა; ამისთვის კი უპირველესი პირობა ის არის, რომ ადამიანი წმინდა ნათლობით შეუერთდეს ქრისტეს; ასევე, ყოვლად აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანში მოხდეს პიროვნული შეხვედრა ღმერთთან.
ეს აუხსნელი, ადამიანური ლოგიკისათვის მიუწვდომელი მეტად შთამბეჭდავი მოვლენაა, რომელიც არავინ იცის, ვისთან და როდის აღესრულება. ისიც შეიძლება, რომ არასწორად ვცხოვრობდეთ, ცუდად ვიქცეოდეთ, ღმერთზე ფიქრსაც კი გავურბოდეთ, მაგრამ განსაცდელი, ან სხვა რამ შემთხვევა გამოგვაფხიზლებს, თვალს აგვიხელს ჩვენი ცხოვრებისა და აზროვნების წესს სრულიად შესცვლის და ჩვენი ნებითა და მონდომებით სიხარულით მიგვმართავს ცხონების ვიწრო და ეკლიანი გზისაკენ. გაუფრთხილდით დროს!

დრო ძალიან ძვირფასია, თუ მისი საშუალებით ცხონებას მოვიპოვებთ; დაკარგულ დროზე დასანანიც არაფერია, თუ იგი წარწყმედის მიზეზად გვექცევა (ჩვენ კი ხშირად სწორედ ფუჭად გატარებული დროით ვხარობთ). არდავიწყება გვმართებს იმისაც, რომ დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია; ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ.

სწორად მოიქცევი, თუ შეძლებ, იაზროვნო ისე და აკეთო ის, რაც მარადიული ცხოვრებისთვის იქნება სარგებლის მომტანი. ამიტომაც, ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე, იგია მხოლოდ უცვალებელი, ზედროული და ჭეშმარიტი. მიემსგავსე ლოტს, რომელიც ყველაზე მძიმე გარემოში, სოდომში, ცხოვრობდა, მაგრამ უფლის მცნებას არ ღალატობდა. ამას შენც შეძლებ, თუ მუდმივად უფალს დაეყრდნობი და მისი მცნებებით იმოქმედებ. ეკლიანია ეს გზა, მაგრამ თან ახლავს სიხარული განსხვავებული, რომელიც ყველა განსაცდელს, ყველა სირთულეს ადვილად დაგვაძლევინებს, ზოგს შეუმჩნევლადაც, იმის მსგავსად, როგორც ჯანსაღ სხეულში შეუმჩნევლად მიმდინარეობს სხვადასხვა ურთულესი პროცესი.

შენ ხარ მოწოდებული, რათა იყო შემოქმედის თვალშეუდგამი ნათლის თანაზიარი; მთელი სამყარო, როგორც ცოცხალი წიგნი, შენს წინაშეა გადაშლილი და ქადაგებს ყოვლადწმიდა სამების დიდებას. სიყვარულით გვიმზერს ბეთლემს შობილი ყრმა იესო, თავისკენ გვიხმობს და მოგვიწოდებს:

აირჩიე სიცოცხლე, აირჩიე ნეტარი მარადიულობა! ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, უკრაინელნო, რუსნო, ასირიელნო, სომეხნო, ებრაელნო, აზებაიჯანელნო, უდინნო, იეზიდნო, ქურთნო, ინგუშნო, ჩერქეზნო, ჩეჩენნო, ლეკნო, ყოველნო შვილნო ივერიის ეკლესიისა, - იხარებდით, რამეთუ ღმერთი გამოჩნდა დღეს ხორცით; აქებენ მოგვნი, მწყემსთა თანა განკვირვებულნი, შობასა მისსა ქალწულისაგან და დიდებასა შესწირვენ ანგელოზთა გუნდთა თანა”
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.