ახალი ამბები
ოპოზიციამ ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტს, შესაძლოა, მხარი არ დაუჭიროს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია, 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს, სავარაუდოდ, მხარს არ დაუჭერს.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ დოკუმენტი დარღვევებითაა შედგენილი და აღმასრულებელი ციფრებით მანიპულირებს, როცა აცხადებს, რომ ბიუჯეტი იზრდება. "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, ბესო ბრეგაძე ამბობს, რომ მერიის მიერ მომზადებულ  პროექტში არსებული შეცდომები, მათი შინაარსის გათვალისწინებით, დოკუმენტის განხილვის ამ ეტაპზე ვეღარ დაკორექტირდება და მათი დანართის სახით შესწორება შეუძლებელი იქნება. ოპოზიცია, ბიუჯეტის შემუშავების პროცესში მონაწილე პირების პასუხისმგებლობის საკითხზეც საუბრობს.

"ფაქტია, რომ ეს ბიუჯეტი დაბრუნების გარეშე ვერ დაკორექტირდება და თუ დაკორექტირდა, მაშინ ან დაგეგმვის პროცესშია ვიღაც დასაჭერი, ან შესრულების პროცესში. ეს ნიშნავს იმას, რომ ან დაგეგმვის დროს დაუშვა ვიღაცამ შეცდომა და უნდა დაიჭირონ, ან როცა შეცვლიან და როგორც შეცვლიან, მაშინ. სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ფორმალობას დაემსგავსა ჩვენი ბიუჯეტი.

ეს იგივეა, ცარიელი ცხრილები რომ შემოეტანათ და წლის განმავლობაში შეავსონ. მაგალითად, წინა წელს ამბობენ, რომ 320 000 ლარი დაიხარჯეს ლიფტების რეაბილიტაციისთვის და გაკეთდა 28 ლიფტი, მომდევნო წელს დაგეგმილი აქვთ 32 ლიფტის გაკეთება 15 000 ლარად, რომელს უნდა დაუჯეროთ? ეს არის უცოდინარობა და მავნებლობა.

ეს არის უპასუხისმგებლობა და ის, რომ რასაც მინდა იმას ვაკეთებ და რაც მინდა, ის გამდის. როცა ამბობენ, რომ წინა წელთან შედარებით იზრდება ბიუჯეტიო, მოტანილი აქვთ წინა წლის დამტკიცებული გეგმა და არა დაზუსტებული. დამტკიცებული გეგმა არის წლის დასაწყისში რა ციფრსაც ვიღებთ, ხოლო დაზუსტებული არის რეალურად რაც შემოვიდა იმის მიხედვით გაკეთებული გეგმა.

მაგალითად, საკუთარი შემოსავლების ნაწილში წინა წელს თუ იყო 84 მილიონი, წელს უწერიათ 77 მილიონი, ანუ პირიქით, შვიდი მილიონით შემცირებულია. ამ ნაწილში იყენებს დაზუსტებულ გეგმას, ხოლო საერთო კონტექსტში - დამტკიცებულს, ეს ნიშნავს ციფრებით მანიპულირებას. საზოგადოება შეჰყავთ შეცდომაში, რომ თითქოს ბიუჯეტი იზრდება"
, - ამბობს ბესო ბრეგაძე.

ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს მერია. საფინანსო სამსახურის უფროსი, დავით ნიშნიანიძე ამბობს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი 29 მილიონი ლარით იზრდება და პროექტში შეუსაბამობები არ არის.

"როგორ არის ციფრებით მანიპულირება, როცა მხოლოდ გადასახადებთან მიმართებაში გვაქვს 7 მილიონიანი ზრდა, პრივატიზაციის კუთხით გვაქვს 2 მილიონიანი ზრდა, მანიპულირებას სად ხედავენ, არ ვიცი. თუ შევადარებთ 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს, 2022 წლის ბიუჯეტი იზრდება 29 მილიონი ლარით. დადგენილების პროექტში არანაირი შეცდომა, არანაირი შეუსაბამობა არ არის, ეს არის მაქსიმალური ყურადღებით გაკეთებული დოკუმენტი.

რაზეც ოპოზიციამ ისაუბრა, ეს ეხება ბაგა-ბაღების ააიპის დანართს, სადაც დასაქმებულთა რიცხოვნობა იყო ძველი მონაცემით ჩარჩენილი, ეს არის უბრალოდ საინფორმაციო ბარათი, დეპუტატებისთვის გაგზავნილი სამუშაო ვერსია. მართალია, ეს უნდა იყოს ძირითად დოკუმენტთან შესაბამისობაში, რომელსაც ჩვენ გამოვასწორებთ, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, იმ ძირითად დოკუმენტს, რაც მაცნეზე უნდა გამოქვეყნდეს, იქ ყველაფერი გასწორებულია
", - ამბობს დავით ნიშნიანიძე.

საკრებულოს ოპოზიცია ჯერ არ ამბობს დაუჭერს თუ არა მხარს ბიუჯეტის პროექტს, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ხელისუფლების ოპონენტები დოკუმენტის კენჭისყრაზე გატანას მუხლობრივად მოითხოვენ. ბესო ბრეგაძე ამბობს, რომ თუ საკრებულოს უმრავლესობა ამაზე თანხმობას განაცხადებს, ოპოზიცია კონკრეტულ პროექტებს, ძირითადად, სოციალურს, მხარს დაუჭერს.

ქუთაისის მერია ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოზე დასამტკიცებლად 29 დეკემბერს გაიტანს.

ქალაქის 2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებული ვარიანტი 89 876 000 ლარი იქნება. პრიორიტეტული მიმართულებები შემდეგნაირად დაფინანსდა:

ინფრასტრუქტურა - 29 929 000 ლარი;

კულტურა - 8 845 000 ლარი;

სოციალური პროგრამები - 5 958 000 ლარი;

ეკონომიკა - 1 940 000 ლარი;

საკრებულომ ქალაქის  2022 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი  29 დეკემბერს  უნდა დაამტკიცოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #ბიუჯეტი 2022
მსგავსი სიახლეები
14:51 / 24.04.2024
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა, ქუთაისის საკრებულოს სხდომა, ხმაურის და დაპირისპირების ფონზე დატოვეს.
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.