ახალი ამბები
უკრაინის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან სააკაშვილის საკითხი განიხილა
FaceBook
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საკითხი განიხილა.

ამის შესახებ ინფორმაცია, უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ მან სატელეფონო საუბარში ირაკლი ღარიბაშვილს უთხრა, დაკავებულ მიხეილ სააკაშვილთან ოჯახის წევრები, ნათესავები და უკრაინელი ექიმები შეუშვან.

,,უკრაინა ყოველთვის დაიცავს თავისი მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესებს. სატელეფონო საუბარში ირაკლი ღარიბაშვილთან, მე ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები აუცილებლად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების ფარგლებში. მოვითხოვე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან შეშვება''-, წერს უკრაინის პრეზიდენტი.




საქართველოს მთავრობის განცხადებით, სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შედგა.

,,ირაკლი ღარიბაშვილმა მას განუცხადა, რომ პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა. უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, რომ იგი მოინახულონ როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა''-, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრემიერმა ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, შესაბამისად, ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.

,,სატელეფონო საუბრისას, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის''

11 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, როგორ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით.

8 ნოემბერს, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ის მოატყუეს. უთხრეს, რომ სამოქალაქო საავადმყოფოში მიჰყავდათ. ამის შემდეგ, მან რუსთავის ციხეში დაბრუნება მოითხოვა და კლინიკაში შესვლაზე უარი განაცხადა.

დაკავებული პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებით, კადრებით მტკიცდება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა არაადამიანურ მოპყრობას.

11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, რომლის მიხედვითაც ის თანახმაა შეწყვიტოს შიმშილობა ერთი პირობით, თუ მას სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ხოლო მის ჯანმრთელობაზე ექიმების კონსილიუმი იზრუნებს.

მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა შიმშილობს.

ყოფილი პრეზიდენტი პირველ ოქტომბერს თბილისში დააკავეს. გამოძიება დაიწყო მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდადებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მას განაჩენი გამოტანილი აქვს "ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის მოვლენებისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების საქმეზე, თუმცა, მას 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ, 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუუქმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს გაიმართება.




Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.