ახალი ამბები
გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციისთვის არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი შეიქმნა
FaceBook
გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში საშემსრულებლო ხარვეხების შესწავლის მიზნით არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი შეიქმნა.
ჯგუფის მიზანი ხარვეზების შესწავლა და მათი აღმოფხვრის გზების ძიებაა.

არქიტექტორულ-რესტავრატორთა ჯგუფს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი შეხვდა.

შეხვედრაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, რომ იუნესკოსთან სრულფასოვანი კომუნიკაცია აწარმოოს და მოკლე ვადებში მიაღწიოს საქართველოში ისეთი სპეციალიზაციის მქონე ექსპერტების მოწვევას, რომლებიც ქვეყანას არ ჰყავს (სხვებს შორის, მოჭიქული კრამიტით გადახურვის სპეციალისტი).

,, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, მიმდინარე წლის 5 აპრილამდე სამინისტროსა და ექსპერტებს წარუდგინოს გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის სარესტავრაციო სამუშაოების 2008 წელს შემუშავებული პროექტი და ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დღემდე სახურავზე ჩატარებულ სამუშაოებს ქრონოლოგიურად ასახავს (მათ შორის ფოტო და ვიდეომასალა, ასეთის არსებობის შემთხვევაში).მოცემული მასალები სამინისტროსა და ქართველ არქიტექტორ-რესტავრატორებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ ჩატარებული სამუშაოების შესრულებისას დაშვებულ შეცდომებს და მათი გამოსწორებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა უცხოელ ექსპერტებთან ერთად შეიმუშავონ''-, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან განისაზღვრა არქიტექტორ-რესტავრატორთა ჯგუფი, რომელიც ძირითადი ტაძრის სახურავის ერთ-ერთ მონაკვეთზე წითელი მოჭიქული კრამიტის ნიმუშებს აიღებს ექსპერტიზაზე გადაგზავნის მიზნით.

,, წითელი კრამიტის სახურავზე დაგებამდე მას სამხარაულის ექსპერტიზა არ ჩატარებია. წითელ კრამიტზე ექსპერტიზის პასუხი და 2008-2020 წლების დოკუმენტების კვლევა აუცილებელია უცხოელ ექსპერტთა ვიზიტის სათანადოდ მოსამზადებლად''-, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კულტურის მინისტრის თქმით, სამინისტრო გეგმავს მეორე ჯგუფის შექმნასაც, რომელშიც ფერწერის სპეციალისტები გაერთიანდებიან და დაზიანებული ფრესკების გადარჩენის საკითხზე იმუშავებენ.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ტაძარზე ხარვეზებმა თავი იჩინა და შუა საუკუნეების ნაგებობის უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს" დააბრალა. სააგენტოს თქმით, კომპანიამ სახურავი ცუდი ხარისხის კრამიტით მოაპირკეთა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ტენტით გადახურეს.

ტაძარს დროებითმა გადახურვამ არ უშველა. ნაგებობაში კვლავ ჩადიოდა წყალი. საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ, სააგენტო იძულებული გახდა სახურავზე ამჯერად თუნუქის გადახურვა მოეწყო, თუმცა, არც ეს დროებითი ღონისძიება აღმოჩნდა მყარი. რამდენიმე დღეში თუნუქიც დაზიანდა და ტაძარზე სპეციალისტები ისევ ხარვეზების გამოსასწორებლად ავიდნენ.

მომხდარის შემდეგ სააგენტო იძულებული გახდა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები დაეჯარიმებინა და პროცესისთვის ჩამოეშორებინა. ტაძარზე ახლა სრულად უნდა შეიცვალოს კრამიტი, რომელსაც ახალი კომპანია "ბაგინეთი + " შეასრულებს.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.