ახალი ამბები
"ნამახვანჰესის“ პროექტის ხელმძღვანელად „ჯორჯიან მანგანეზის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი დაინიშნა
FaceBook
"ნამახვანჰესის" კასკადის პროექტს ახალი დირექტორი ჰყავს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პოზიციაზე მერაბ ლომინაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე "ჯორჯიან მანგანეზის" ფინანსური დირექტორი იყო. ლომინაძემ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების გადამოწმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამას სავარაუდოდ, ექვსიდან რვა კვირამდე დასჭირდება. ახალ დირექტორს არ უსაუბრია იმაზე, გაგრძელდება თუ არა კაშხლისა და წყალსაცავის სამშენებლო სამუშაოები კვლევების გადამოწმების პროცესის დასრულებისთანავე.

"სანამ არ იქნება დასტური  იმ კვლევებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს, იქამდე არ დაიწყება პროექტის ისეთი ნაწილების მშენებლობა, როგორიც არის კაშხალი. ვფიქრობთ, ძალიან მოკლე ვადაში შევძლებთ ამ კვლევების მომზადებას. ჩემი აზრით, ამას ექვსიდან რვა კვირამდე დასჭირდება. ეს არის ის პროექტი, რომელზეც დღეს ჩემთვის, რიგითი მოქალაქისთვის გადის ქვეყნის დამოუკიდებლობა", - განაცხადა ლომინაძემ.

ნამახვანჰესის პროექტის მიმართ საზოგადოების პროტესტზე პრემიერ-მინისტრმა 29 მარტს ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქციის მონაწილეები ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის წარმოებაში დაადანაშაულა, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის წინააღმდეგ არის მიმართული.

განცხადებაში მან ასევე თქვა, რომ კომპანია "ენკასთან" მიღწეული შეთანხმების მიხედვით, კასკადისა და წყალსაცავის მშენებლობა 9-დან 12 თვემდე შეჩერდებოდა, თუმცა, რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ ჩატარებული კვლევების გადამოწმება 6-8 კვირაში დასრულდება, როგორც ეს ახალმა დირექტორმა თქვა, უცნობია.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 156-ე ღამე გაათიეს კარვებში. მათთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ოთხპუნქტიანი გეგმა მიუღებელია. ხეობის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ისინი შეღავათებს არ ითხოვენ. მათი მთავარი მოთხოვნა ჰესის მშენებლობის შეჩერება და კომპანია "ენკას" ხეობიდან გასვლაა.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.



ამავე თემაზე:

"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC
Print