ახალი ამბები
"ასეთი განცხადებები აღრმავებს უფსკრულს" - ვარლამ გოლეთიანი პრემიერის განცხადებაზე
FaceBook
პრემიერ-მინისტრს, რომელმაც ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის წარმოებაში დაადანაშაულა, რიონის ხეობაში პასუხობენ.

ადგილობრივები ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას შეურაცხმყოფელს უწოდებენ და ამბობენ, რომ მსგავსი რიტორიკა აღრმავებს უფსკრულს ხელისუფლებასა და ხალხს შორის.

პროტესტის ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ როგორიც უნდა იყოს პირველი პირების პოზიციები, ხეობის მოსახლეობა პროტესტს არ შეწყვეტს, რადგან მათ სხვა არჩევანი არ აქვთ.

"ეს არის მიუღებელი რიტორიკა ჩვენთვის. ასეთი განცხადებები აღრმავებს უფსკრულს ხელისუფლებასა და ხალხს შორის. ის, რომ  აგენტებს და ჰიბრიდული ომის მწარმოებლებს ჩვენ გვეძახიან,  არის სამარცხვინო. აშკარაა, რომ ხელისუფლება ამ მნიშვნელოვანი პრობლემის გადაჭრას ცდილობს ლოზუნგებით, მაგრამ ჩვენ ვერსად წავალთ, ვერ დავიშლებით და ამ პრობლემას ვერ შევატოვებთ ხელში, იმიტომ, რომ ვხედავთ როგორც აპირებენ ამ საკითხის გადაწყვეტას და რამდენად საგანგაშო განცხადებებს აკეთებენ. რამდენი ხანიც უნდა მოგვიწიოს ყოფნა ამ მდგომარეობაში, ვიქნებით. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს ამ თვალსაზრისით და ამას ძალიან მკაფიოდ ვაცნობიერებთ", - ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივებმა უკვე 155-ე ღამე გაათიეს კარვებში.

რიონის ხეობაში 433 მგვტ. სიმძლავრის ჰესს კომპანია "ენკა" აშენებს. მთავრობასა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულება უკვე შეისწავლეს სპეციალისტებმა და მას საქართველოს ინტერესების საზიანო უწოდეს. გარდა ხელისუფლების მიერ აღებული კოლოსალური ფინანსური ვალდებულებებისა, ექსპერტები საუბრობენ ჰესის ნეგატიურ შედეგებზე. მათი თქმით, ჰესი სრულად შეცვლის ხეობის მიკროკლიმატსა და ბიომრავალფეროვნებას, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში კი 34 მეტრიანი ტალღა 19 წუთში გადაუვლის ხეობას და მიაღწევს ქუთაისამდე.

ამავე თემაზე:
"დავაკონკრეტოთ პრობლემა რაშია" - ნათია თურნავა ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს

რაზე შეთანხმდნენ რიონის ხეობის „მცველები“ და მინისტრები

რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებთან შეხვედრაზე არ წავიდნენ

ნამახვანჰესის საკითხზე მინისტრები ცაგერში დღეს ჩავლენ


„ჩვენი მხრიდან მშვიდი გარემო უზრუნველყოფილი იქნება“ - შეხვდებიან თუ არა რიონის ხეობის "მცველები" მინისტრებს

„ნამახვანჰესის ხელშეკრულებით  სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ“ - EMC


"კარვამდე მაინც მივედით" - ხელჩართული ჩხუბი პოლიციასა და აქტივისტებს შორის (ვიდეო)

Print