ახალი ამბები
სახალხო დამცველი - სასამართლოს განჩინება არღვევს „რუსთავის 2-ის“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას
FaceBook
სახალხო დამცველი ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებს.

"გუშინ, 2015 წლის 5 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო განჩინება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ და 6 ნოემბრის დილას შესაბამისი ცვლილებები სამეწარმეო რეესტრში უკვე აისახა კიდეც. განჩინების მიხედვით, მისი მიზანია ამავე მოსამართლის მიერ 3 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ 3 ნოემბერს გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილების მოსამზადებლად სასამართლოს 14–დღიანი ვადა აქვს," - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, სასამართლოს მიერ 5 ნოემბერს მიღებული განჩინება დაუსაბუთებელია და არღვევს ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.

"უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ არსებული კანონმდებლობის პირობებში, დროებითი მმართველის დანიშვნა კანონის განჭვრეტადობის პრინციპსაც ეწინააღმდეგება, ვინაიდან ასეთი შესაძლებლობა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის. როგორც ჩანს, 5 ნოემბრის განჩინებაში მოსამართლე დაეყრდნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198–ე მუხლის მე–3 ნაწილს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია უზრუნველყოფის „სხვა ღონისძიებების“ გამოყენებაც, თუ ეს აუცილებელია. სახალხო დამცველისათვის არ არის ცნობილი საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებად დროებითი მმართველის დანიშვნის გამოყენების შესახებ. საგულისხმოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში ეყრდნობა ამერიკულ კანონმდებლობასა და პრაქტიკას.

სასამართლო განჩინებაში საკმარისად არ მსჯელობს იმ საკითხზე, თუ რამდენად აუცილებელია დროებითი მმართველის დანიშვნა, მისივე გადაწყვეტილებით 5 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ყადაღის ღონისძიების მოქმედების პარალელურად. 5 აგვისტოს განჩინებით, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორებსა და დირექტორებს აეკრძალათ შედეგის თვალსაზრისით ყველა მნიშვნელოვანი უფლებამოსილების განხორციელება, ყადაღა დაედო კომპანიის როგორც უძრავ, ასევე მოძრავ ქონებას.

შესაბამისად, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება დაუსაბუთებელია, ვინაიდან არ არის გამოკვეთილი, რა ახალ, დამატებით გარანტიებს ქმნის მოსარჩელის ინტერესების დაცვისათვის დროებითი მმართველების დანიშვნა.

ერთადერთი და განსხვავებული საკითხი, რაზეც სასამართლომ დროებითი მმართველობის დანიშვნის შესახებ განჩინებაში იმსჯელა და განსხვავდება ყადაღის დადების შესახებ განჩინებისაგან არის, არხის სარედაქციო პოლიტიკა, როგორ უნდა იმაუწყებლოს არხმა და რა სახის სიუჟეტების მომზადება არის მნიშვნელოვანი საზოგადოების ინტერესების დასაცავად. აღნიშნულს სახალხო დამცველი აფასებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევად სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს. სასამართლოს განხილვის საგანი არ შეიძლება გამხდარიყო ის თუ რა ფორმით უნდა გააგრძელოს მაუწყებლობა „რუსთავი 2-მა“ და ამგვარი გადაწყვეტილება საგანგაშო კითხვებს აჩენს, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს სასამართლოს დროებითი მმართველისათვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭების პირობებში.

მნიშვნელოვანია ასევე საკითხი, რომელიც დროებითი მმართველებისათვის განჩინებაში მითითებული სხვა უფლებამოსილებების მინიჭებას შეეხება, კერძოდ, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დროებით მმართველებს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ სახელით საწარმოს წარმომადგენლობის, მართვის, ხელმძღვანელობის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების, რომელიც გათვალისწინებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-91 მუხლებით, რაც ფაქტობრივად, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორების და დირექტორების სრული უფლებამოსილებების დროებითი მმართველებისათვის გადაცემას გულისხმობს.

ამ ფონზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დროებითი მმართველების საქმიანობაზე უნდა გავრცელდეს სასამართლოს 5 აგვისტოს განჩინებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ყველა შეზღუდვა და აკრძალვა.

სასამართლო განჩინებაში ასევე მსჯელობს, რომ დროებითი მმართველი უნდა იყოს „მხარეებისაგან ნეიტრალური, დამოუკიდებელი პირი“, თუმცა, არ ასაბუთებს, როგორ აკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს შერჩეული პირები - რევაზ საყევარიშვილი, დავით დვალი. მით უფრო, რომ დავით დვალი ასევე აცხადებს პრეტენზიას კომპანია „რუსთავი 2-ზე“ როგორც მესაკუთრე და დღეს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე სასამართლო დავაში, მოსარჩელე მხარე ქიბარ ხალვაშთან თანამშრომლობის დეტალებზე საუბრობენ, მის სასარგებლოდ სასამართლო დავის დასრულების შემთხვევაში. ეს გარემოებები მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს 5 ნოემბერს მიღებული განჩინების მართებულობასთან დაკავშირებით და იმ ფონზე, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმის მოქმედება.

როგორც უკვე აღინიშნა, 5 ნოემბრის განჩინებით დროებით მმართველებს ეძლევათ კომპანიის ხელმძღვანელობის, მართვისა და წარმომადგენლობის სრული უფლებამოსილება, ხოლო, მოქმედ გენერალურ დირექტორსა და ფინანსურ დირექტორს, ასევე მინდობილობების საფუძველზე უფლებამოსილების განმახორციელებელ ყველა პირს, აღნიშნული უფლებამოსილებები შეუჩერდათ. ამ პირობებში, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება ზღუდავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ვინაიდან კომპანიის გენერალური დირექტორი და ფინანსური დირექტორი, უფლებამოსილების შეჩერების გამო, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, განჩინება თავად, ან წარმომადგენლების მეშვეობით გაასაჩივრონ ზემდგომ ინსტანციაში.

ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზები სასამართლოს 5 ნოემბრის განჩინების დაუსაბუთებლობასა და მისი ბუნების განუჭვრეტელობაზე მეტყველებს. მაშინ როცა, იმისათვის რომ იყოს დაცული სამართლიანი სასამართლოს უფლება და მისი უზრუნველყოფით, ნებისმიერ სხვა, მათ შორის საკუთრების უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათლად და ზუსტად დასაბუთებული. რასაც 5 ნოემბრის განჩინების შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ მწვავე უფლებადარღვევებთან ერთად, 5 ნოემბრის გადაწყვეტილება ეჭვქვეშ აყენებს არა მხოლოდ ერთი კონკრეტული მოსამართლის მიუკერძოებლობას, არამედ ავლენს თავად სასამართლო სისტემაში არსებულ სერიოზულ პრობლემებს," - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18
პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
16:03 / 27.04.2024
იმერეთში და სხვა რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 18 პირი დააკავეს, მათ შორის, 8 ნარკორეალიზატორი.
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები
გაიმართება.
14:06 / 27.04.2024
2 მაისს, ქუთაისში გვირილობის აღსანიშნავად, სხავდასხვა ღონისძიებები გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.