ახალი ამბები
ომბუდსმენი გელათის ტაძრის ხარვეზებით რეკონსტრუქციის საკითხს ეხმაურება
FaceBook

სახალხო დამცველი გელათის ტაძრის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პირველად შეფასებას ავრცელებს.


 

ომბუდსმენის განმარტებით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე ზრუნვის უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა, რომლის დაცვაზე ზედამხედველობა, საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს.

"განსაკუთრებულად მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი საზოგადოებას წარუდგენს გელათის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, გელათის რეაბილიტაციის პროცესში, გადახურვისთვის გამოყენებული კრამიტი დაზიანდა და ტაძრის ინტერიერში ჩავიდა წყალი, რაც ექსპერტთა განმარტებით ამ დრომდე იწვევს უნიკალური ფრესკების დაზიანებას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამართა შეხვედრები დარგის ექსპერტებთან, ადგილზე გაეცნო შექმნილ მდგომარეობას, ასევე არაერთხელ შედგა კომუნიკაცია სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან.

შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა გამოკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები:

მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დასაწყისში ძეგლზე უკვე არსებობდა დაზიანებები, თითქმის 10 თვით დაგვიანდა დროებითი გადახურვის გაკეთება;

დროებითი ღონისძიებების განხორციელებიდან სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ცნობილი გახდა დროებითი გადახურვის დაზიანების თაობაზე.  აღნიშნული მიუთითებს თუ რამდენად არაეფექტურად მიმდინარეობდა პასუხისმგებელი უწყების მხრიდან ძეგლზე განსახორციელებელი სამუშაოების დაგეგმარება და ზედამხედველობა;

საკითხის შესწავლის დროს გამოვლინდა ასევე სისტემური ხასიათის პრობლემა. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებზე ჩატარებული სამუშაოების ეტაპობრივი ჩაბარების დროს შესრულებული სამუშაოების ხარისხის საექსპერტო დასკვნის გზით შეფასების ვალდებულებას. აღნიშნული დიდ საფრთხეს უქმნის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების რეაბილიტაციის სწორად წარმართვის პროცესს.

ამ ეტაპზე სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გელათის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით დაგეგმილია რიგი ღონისძიებები, რის ფარგლებშიც სახალხო დამცველი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს რეკომენდაციით:

გელათის შეუქცევადი დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, დაგეგმილი სამუშაოები განხორციელდეს იმგვარად, რომ ხელი არ შეუშალოს დაზიანების გამომწვევი ზუსტი მიზეზების დადგენის მიზნით ჩასატარებელ კვლევებს;

როგორც გამოვლენილი ხარვეზების მიზეზების დასადგენად, ასევე სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვისას უზრუნველყოფილ იქნას კვალიფიციური, დამოუკიდებელი საერთაშორისო/ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობა;

საზოგადოებას სისტემატურად მიეწოდოს სრული ინფორმაცია არსებულ პრობლემებთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს კონსტიტუციური მანდატის ფარგლებში საკითხზე ზედამხედველობას და შემდგომ შეფასებებს მიაწვდის საზოგადოებას", - ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე გადახურვის სამუშაოები ხარვეზებით შესრულდა. ისტორიულ ნაგებობაზე დროებითი სამუშაოების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გასული წლის ზაფხულში, სახურავის რეკონსტრუქციიდან ერთ თვეში, ტაძარში წყალი ჩავიდა და ფრესკები დააზიანა. უნიკალური მხატვრობის დაზიანების პროცესი ამ დრომდე გრძელდება, კედლის წვრილი ფრაგმენტები ტაძრის მსახურებს იატაკსა და ხალიჩებზე ამ დრომდე ხვდებათ.


საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო იძულებული გახდა სახურავზე ამჯერად თუნუქის გადახურვა მოეწყო, თუმცა, არც ეს დროებითი ღონისძიება აღმოჩნდა მყარი. ორი დღის წინ თუნუქიც დაზიანდა და ტაძარზე სპეციალისტები ისევ ხარვეზების გამოსასწორებლად ავიდნენ.

მომხდარის შემდეგ სააგენტო იძულებული გახდა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები დაეჯარიმებინა და პროცესისთვის ჩამოეშორებინა.

ტაძარზე ახლა სრულად უნდა შეიცვალოს კრამიტი, რომელსაც ახალი კომპანია შეასრულებს.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების
ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
11:02 / 26.04.2024
საქართველოს პროკურატურამ თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.