ახალი ამბები
ენმ კულტურული მემკვიდრეობის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვს
FaceBook
პარტია "ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელების გადადგომას ითხოვს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა შუშანიას თქმით, 7 მილიონი ლარი გაიფლანგა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

შუშანია საქმის რეალურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, მომხდარზე, ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საქმის გადაფარვას და ისრების ყოფილი ხელისუფლებისკენ გადატანას ცდილობს. შუშანია გელათის ტაძრის გადახურვის სამუშაოებში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.

გელათის მონასტერში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დროებით გადახურვა სამი დღის წინ დაზიანდა. ისტორიულ ნაგებობაზე დროებითი სამუშაოების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გასული წლის ზაფხულში, სახურავის რეკონსტრუქციიდან ერთ თვეში, ტაძარში წყალი ჩავიდა და ფრესკები დააზიანა. უნიკალური მხატვრობის დაზიანების პროცესი ამ დრომდე გრძელდება, კედლის წვრილი ფრაგმენტები ტაძრის მსახურებს იატაკსა და ხალიჩებზე ამ დრომდე ხვდებათ.

მას შემდეგ, რაც ტაძარზე ხარვეზებმა თავი იჩინა და შუა საუკუნეების ნაგებობის უნიკალური ფრესკები განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, პრობლემა აღიარა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომაც, თუმცა, პასუხისმგებლობა მოიხსნა და მომხდარი სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს" დააბრალა. სააგენტოს თქმით, კომპანიამ სახურავი ცუდი ხარისხის კრამიტით მოაპირკეთა. ამის შემდეგ გელათი ისევ ხარაჩოებში მოექცა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ტენტით გადახურეს. ტაძარს დროებითმა გადახურვამ არ უშველა. ნაგებობაში კვლავ ჩადიოდა წყალი. საზოგადოების მწვავე პროტესტის შემდეგ, სააგენტო იძულებული გახდა სახურავზე ამჯერად თუნუქის გადახურვა მოეწყო, თუმცა, არც ეს დროებითი ღონისძიება აღმოჩნდა მყარი. ორი დღის წინ თუნუქიც დაზიანდა და ტაძარზე სპეციალისტები ისევ ხარვეზების გამოსასწორებლად ავიდნენ.

მომხდარის შემდეგ სააგენტო იძულებული გახდა სამუშაოების მწარმოებელი კომპანიები დაეჯარიმებინა და პროცესისთვის ჩამოეშორებინა.

ტაძარზე ახლა სრულად უნდა შეიცვალოს კრამიტი, რომელსაც ახალი კომპანია შეასრულებს.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა. მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

ამავე თემაზე:

გელათის მონასტერზე დაზიანებული დროებითი გადახურვის აღდგენა დასრულდა


გელათის გადახურვის სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები დაჯარიმდნენ და პროცესს ჩამოშორდნენ





კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში ფრესკების დაზიანების ფაქტს არ აღიარებს

ზიანი რეკონსტრუქციის ნაცვლად - წვიმით ჩამორეცხილი ფრესკები გელათში


ტაძარი, რომელიც ნადგურდება – გელათში ფრესკები ისევ ზიანდება (ფოტო)

გელათის მონასტრის დაზიანების ფაქტზე საია პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს



Print