ახალი ამბები
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში ფრესკების დაზიანების ფაქტს არ აღიარებს
FaceBook
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან და შემსრულებელ კომპანიასთან ერთად გელათი დაათვალიერა, მონასტერში დაზიანებული კრამიტიდან წყლის ჩასვლის შედეგად ფრესკების დაზიანებას არ ადასტურებს.

ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ფრესკებზე დაზიანებები ადრეც იყო და რომ თეთრი ნაწილები, რაც კედლებიდან ცვივა, მეოცე საუკუნეში შესრულებულ სამუშაოებს უკავშირდება. იგი მხატვრობასთან დაკავშირებით შეფასებებს გადაჭარბებულს უწოდებს.

"პირდაპირ გეტყვით, მხატვრობასთან დაკავშირებით შეფასებები გადაჭარბებულია. სადაც ჩამოცვენილი იყო ნაწილები, ეს არის მეოცე საუკუნის კონსერვაციის დროინდელი, შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ დაზიანებები არ არის. გელათის მხატვრობას ყოველთვის ჰქონდა პრობლემები და ზუსტად ამას ველოდებოდით, რომ დასრულდებოდა სახურავის მოწყობა, რათა შემდგომ მოხდეს მხატვრობის სრული კონსერვაცია. დაზიანება ისედაც იყო სახურავის მოწყობამდე"
, - განაცხადა ანთიძემ მონასტერში არსებული დაზიანებების დათვლიერებისას.




განსხვავებული იყო სააგენტოს შეფასება მაშინ, როცა გელათში, მთავარი მონასტრის მოჭიქული კრამიტის და წვიმის წყლით ფრესკების დაზიანების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ვრცელ წერილში სააგენტო პირდაპირ აცხადებდა, რომ კედლის მხატვრობა სწორედ ამ მიზეზით იყო დაზიანებული.

"ტაძრის დასავლეთ მკლავზე, სავარაუდოდ, გადახურვასა და კედლის შეპირისპირების ადგილას არსებულ კირის შევსებაზე გაჩენილი ბზარებიდან გამოწვეული წყლის ინფილტრაციის შედეგად დასველდა ტაძრის დასავლეთ მკლავის კამარის სამხრეთ ნაწილში არსებული კედლის მხატვრობა, რომლის გამოშრობის პროცესში წარმოიქმნა მარილის ნადები",- ნათქვამი იყო სააგენტოს მიერ 16 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტომ პოზიცია შეცვალა პასუხისმგებლობასთან დაკავშირებითაც. თუ ადრე ამბობდა, რომ კრამიტის წარმოების ხარისხის შემოწმების პროცესში ჩართული არ იყო და ამით პასუხისმგებლობას მგფ-სა და შემსრულებელ კომპანიას აკისრებდა, ტაძრის დათვალიერებისას ნიკოლოზ ანთიძემ თქვა, რომ სააგენტო მომხდარზე პასუხისმგებლობას იღებს.

"პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა არის სააგენტოზე. ჩვენ არ გავურბივართ ამ პასუხისმგებლობას. ახლა სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რომ მოხდეს იმ მცირე დაზიანებების აღმოფხვრა, რაც არის".

რატომ არ იყო ჩართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში სააგენტო, ამაზე დღეს პასუხი არც სააგენტოს
ხელმძღვანელს და არც მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორს, გიორგი შენგელიას არ ჰქონდა.


რამ გამოიწვია მოჭიქული კრამიტის დაზიანება, რომელიც სააგენტოს ინფორმაციით მაღალ და დაბალ ტემმპერატურაზე 50-ჯერ გამოიცადა, ამაზე პასუხს შემსრულებელი კომპანია ექსპერტიზისგან ელოდება.

"ვერ ვიტყვით, რომ არ ივარგა. ასეთი პროცესის თანმდევი ყოველთვის არის ხარვეზები და ეს რისკ-ფაქტორი არის ჩადებული პროექტში. კრამიტმა გაიარა ლაბორატორიული ანალიზი, შეთანხმდა ყველა ინსტანციასთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი გამოყენება. კრამიტი უკვე მიტანილია ლაბორატორიაში და გამოიკვლევა რა არის დაზიანების მიზეზი", - ამბობს "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის" დირექტორი, მაკა დვალიშვლი.

მონასტრის მთავარ ტაძარში გადახურვის პროცესში დაშვებულ სხვა შეცდომებზეც საუბრობს მონასტრის ერთ-ერთი მოძღვარი მამა ანტონი. მისი თქმით, გადახურვის დროს დაიხშო ვენტილაცია, რის გამოც ტაძარი არ ნიავდება და კედლები ნესტიანდება.

გელათის მონასტერში გადახურვის სამუშაოები გასულ წელს დასრულდა, თუმცა, მალევე, დაახლოებით, ერთ თვეში მოჭიქული კრამიტი დაზიანდა და ტაძარში წყალი ჩავიდა.  გადახურვის სულ მცირე 15% შესაცვლელია, რომლის ხარჯებიც შემსრულებელმა კომპანიამ უნდა  აანაზღაუროს. 

გელათის მონასტრის მთავარი ტაძარი ახლა ტენტითაა გადახურული. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, რათა დროულად მოხდეს ხარვეზების აღმოფხვრა.

რა მდგომარეობაშია გელათში წვიმისგან დაზიანებული ფრესკები,
ნახეთ აქ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.