ახალი ამბები
გელათის ღვთისმშობლის ტაძარზე დროებითი გადახურვის მოწყობა დასრულდა
FaceBook
გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დროებითი გადახურვების მოწყობა დასრულდა.

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინფორმაციით, თუნუქის მყარი სახურავით სრულად დაიფარა მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი და ამით, სამუშაო სეზონის განახლებამდე,  ყველა კრიტიკული მონაკვეთის დაცულობა უზრუნველყოფილი გახდა. სააგენტოსვე ინფორმაციით, ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა იქამდე შენარჩუნდება, ვიდრე პრობლემების სრულფასოვნად შესწავლის საფუძველზე შესაბამისი გამოსასწორებელი ღონისძიებები არ განხორციელდება.  ამის შემდეგ, ტაძარზე წუნდებული კრამიტი უნდა მოიხსნას და ახლით ჩანაცვლდეს. რა დრო დასჭირება ამ პროცესს, სააგენტო არ აკონკრეტებს.

გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დროებითი გადახურვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ნაგებობაში სარესტავრაციო სამუშაოების დასრულებიდან ერთ თვეში წყალი ჩავიდა. მიზეზი უხარისხო კრამიტი და მათი არასწორი განლაგება გახდა, რის გამოც გელათი კვლავ ხარაჩოებში მოექცა და დროებით ტენტით გადაიხურა. ტენტით გადახურულ ტაძარში კი ისევ ზიანდებოდა ფრესკები და ცვიოდა კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის დაზიანების ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

რა მდგომარეობაშია გელათის მონასტერში ფრესკები, ნახეთ ვიდეო:
ვიდეო ეკუთვნის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს. ვიდეოს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ  აქ.

გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2013 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. პროექტი ამერიკის საელჩომ და მსოფლიო ბანკმა ორ მილიონ ლარზე მეტით დააფინანსა.

მონასტერი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს ბაგრატის ტაძართან ერთად შეიტანეს, თუმცა, ბაგრატის ტაძარზე განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, იგი ნუსხიდან ამოიღეს და საფრთხის შემცველ ძეგლთა სიაში გადაიტანეს. 2017 წელს, ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გელათის მონასტერი ისევ დააბრუნეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.


ამავე თემაზე:







კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში ფრესკების დაზიანების ფაქტს არ აღიარებს

ზიანი რეკონსტრუქციის ნაცვლად - წვიმით ჩამორეცხილი ფრესკები გელათში


ტაძარი, რომელიც ნადგურდება – გელათში ფრესკები ისევ ზიანდება (ფოტო)

გელათის მონასტრის დაზიანების ფაქტზე საია პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს


Print