ახალი ამბები
გელათის მონასტრის დროებითი გადახურვის პროცესი წლის ბოლოს დასრულდება
FaceBook
"გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე საჭიროების წინაშე მდგარი ყველა არქიტექტურული სეგმენტი წლის ბოლომდე დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცევა",  - აცხადებენ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში.


დროებითი გადახურვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ტაძარში, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულებიდან ერთ თვეში წყალი ჩავიდა. მიზეზი უხარისხო კრამიტი და მათი არასწორი განლაგება გახდა. რის შემდეგაც გელათი კვლავ ხარაჩოებში მოექცა და დროებით ტენტით გადაიხურა. ტენტით გადახურულ ტაძარში კი ისევ ზიანდებოდა ფრესკები და ცვიოდა კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.

საქართველოს კულტურული მემკვდირეობის ეროვნული სააგენტოს ქუთაისიპოსტისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თუნუქის მყარი სახურავით ამჯერად მთავარი ტაძრის ოთხივე მკლავი დაიფარება.

მთავარი ტაძრის გადახურვის სამუშაოები, სავარაუდოდ, 25 დეკემბრამდე გასტანს.

სამუშაოებს შემსრულებელი მხარე - "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" და მისი კონტრაქტორი კომპანია "იკორთა 2007" განახრორციელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, მთავარი ტაძრის მკლავების გადაუხურავი ფართობები არსებულ კრამიტზე თუნუქის მყარი ფენილის დაყდნობის მეთოდით დაიფარება.

სააგენტოს მტკიცებით ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კედლის მხატვრობის სრული დაცვის მიზნით დროებითი გადახურვის მე-3 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდგომ, ინტერიერში წყლის ჩადინება არიდებული იქნება.

"ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე დასრულდა დროებითი ღონისძიებების ფარგლებში მყარი გადახურვების მოწყობის 2 ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც გუმბათის ყელის ძირის ნიშნულზე, ეკვდერებზე, საკურთხეველზე, პასტოფორიუმებზე, კარიბჭეებსა და ნართექსზე პროექტით განსაზღვრული თუნუქის კონსტრუქციული ფენილების დაგებას ითვალისწინებდა", - აღნიშნავენ სააგენტოში.

მათი ინფორმაციით ახლო მომავალში მთავარი ტაძრის ინტერიერში მონიტორინგის სისტემის სენსორების ინსტალაციის პროცესი დაიწყება. მათი მეშვეობით, ინტერიერში მაკრო და მიკრო კლიმატური მონაცემების, არსებული ტენიანობის კოეფიციენტსა და ტემპერატურული დინამიკის პერმანენტული კონტროლი გახდება შესაძლებელი.

სააგენტოში ირწმუნებიან, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარზე თუნუქის დროებითი გადახურვა მის ქვედა რეგისტრებზე მოწყობილი წუნდებული კრამიტის თიხის დაწნეხვის მეთოდით დამზადებული კრამიტით სრულად ჩანაცვლებამდე შენარჩუნდება.

სააგენტოში იმასაც მიუთითებენ, რომ კრამიტის ხარისხი ლაბორატორიული კვლევითა და საექსპერტო დასკვნებით იქნება დამოწმებული.

"კრამიტის ჩანაცვლების პროცესამდე, ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრიტიკული არეალები სპეციალისტების მიერ ე.წ. შურფების გახსნის გზით სრულფასოვნად იქნება შესწავლილი, რითაც ინტერიერში წყლის ინფილტრაციის პრობლემა სრულად აღმოიფხვრება", - აღნიშნავენ სააგენტოში.



ამავე თემაზე:

რა გააკეთა კულტურულმა მემკვიდრეობამ გელათში ბოლო ვიზიტიდან დღემდე

გელათის ტაძარს თუნუქის ფირფიტებით ხურავენ

"კრამიტის ხარისხი დაზიანების ერთადერთი მიზეზი არ არის"- ,,ICOMOS საქართველო" გელათის მონასტერზე

ვის არ მოსწონს გელათი?!

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო გელათში ფრესკების დაზიანების ფაქტს არ აღიარებს

ზიანი რეკონსტრუქციის ნაცვლად - წვიმით ჩამორეცხილი ფრესკები გელათში


ტაძარი, რომელიც ნადგურდება – გელათში ფრესკები ისევ ზიანდება (ფოტო)

გელათის მონასტრის დაზიანების ფაქტზე საია პროკურატურას გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდებს

Print