ახალი ამბები
Პირველი ქალები (ფოტო)
FaceBook
1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტზე სულ ორი ქალის ხელმოწერაა - მინადორა ორჯონიკიძე ტოროშელიძისა და ოლღა სანიკიძე-ვალაბუევას.
პირველი საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას წარმომადგენდა, მეორე - საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას.

ისინი იყვნენ ერთ-ერთი პირველი ქალები ეროვნულ საბჭოში. პირველები - ისტორიაში. პირველები, რომელთაც, ისტორიული ხელმოწერა და დრამატული ბედი ერგო.

Მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე


„ დავიბადე 1879 წლის პირველ მარტს, ქუთაისის გუბერნიის,შორაპნის მაზრის სოფელ ღორეშაში (ამჟამად სახელი გადარქმეულია – სოფელი ორჯონიკიძე, ორჯონიკიძის რაიონი,ქუთაისის მხარე.). მამაჩემი, ეფრემ ბესარიონის ძე ორჯონიკიძე აზნაური იყო წარმოშობით, ჰქონდა 2 დესიატინა 1 მიწა და ჰყავდა ექვსი სული შვილი, ხუთი ქალიშვილი და ერთი ვაჟი. მიუხედავად იმისა, რომ დღე და ღამე მუშაობდა საკუთარ მეურნეობაში და ჩვენც ვეხმარებოდით, სიმინდი არ გვყოფნიდა მომდევნო მოსავლამდე და გვიწევდა შიმშილის ატანა. მამა განათლებული და ქართულ ენაზე ნაკითხი კაცი იყო. უფროს დებს თავად მისცა განათლება სახლში; მე და ჩემი უმცროსი და კი მიგვაბარა სამრევლო სკოლაში.."

. ...მამამ ქალაქში დამაბრუნა. მეცადინეობები გრძელდებოდა.მე მეოთხე კლასში გადავედი. მივიღე მამისაგან წერილი, სადაც მწერდა: „შენ უკვე დიდი ხარ, მალე მეხუთე კლასში გადახვალ.მე გაძლევ სრულ თავისუფლებას, შეგიძლია იარო თეატრში, საღამოებზე, სასეირნოდ პარკში და ა.შ. მაგრამ გახსოვდეს, თუ კი რაიმე ამორალური შეგემთხვევა, მე თავს მოვიკლავ“. მე მამას კარგად ვიცნობდი, ის მკაცრი და სამართლიანი იყო და სიტყვებს იოლად არ ისროდა. ეს სიტყვები მე მთელი სიცოცხლის მანძილზე თან მსდევდა...“

1898 წელს დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია; ამავე პერიოდიდან ჩაება მარქსისტული წრეების მუშაობაში.

„...გათენებისას გადავწყვიტე შვეიცარიაში წასვლა. ვიფიქრე, რაც მომივა, მომივა-თქო. იმ დღესვე მშობლებს მივწერე ჩემი გადაწყვეტილება. პასუხს არ დაუგვიანებია. მამა მწერდა, რომ უკანასკნელ პერანგს გავყიდით და დაგეხმარებითო. 1901 წ. ზაფხულის დასაწყისში  ჩამოვიდენ მშობლები ქუთაისში; გამაცილეს ბათუმამდის, მაჯინეს გემში..."

1901 წელს სწავლა განაგრძო ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე.

აქტიურად მუშაობდა ჟენევის სოციალისტურ წრეებში, „ისკრის“ დამხმარე ჯგუფში; გიორგი ვალენტინის ძე პლეხანოვის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა
მარქსიზმის თეორიას.

ჟენევაში დაქორწინდა მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძეზე.

"... აქედან იწყება ჩემი პოლიტიკური უნივერსიტეტიც. პოლიტიკამ დაიკავა პირველი ადგილი და გაცილებით მეტ დროს მართმევდა, ვიდრე მედიცინა.ეს ხანა გახდა ჩემს ცხოვრებაში გეზის შემმუშავებელი და ჩემიბედ-იღბლის გადამწყვეტი...."

1905 წელს დაბრუნდა თბილისში და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში:

"„...მოვნახე სახელმწიფო სათათბიროს ს.-დემ. ფრაქციის თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე , რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი და გადავეცი გ. პლეხანოვისა და სხვა ამხანაგების დავალება. კ. ჩხეიძემ ყურადღებით მომისმინა და ცოტა სიჩუმის შემდეგ მიპასუხა: „ამხანაგო მინადორა, საკითხი რთულია. დღემდე ვიბრძოდით ჩრდილოეთის თეთრი დათვის დასამხობად. დღეს კი გვეუბნებიან, რომ მას გვერდში ამოვუდგეთ, გავამაგროთ, გავამარჯვებინოთ და ამით ის უფრო გავაძლიეროთ! . . ყოველ შემთხვევაში, გადავცემ ფრაქციას. ვნახოთ, რას  იტყვიან“...“

1917 წლიდან მინადორა გახდა ტფილისის ქალთა სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

„....მოხდა თებერვლის რევოლუცია ხოლო შემდგომ ოქტომბრის გადატრიალება ; თეთრგვარდიელები ჩრდილოეთიდან დაიძრნენ; საქართველო რუსეთისაგან გაითიშა. ქვეყანაში უცხოელების უზარმაზარი მასაა; თურქეთი აზერბაიჯანისაკენ  დაიძრა საქართველოს გავლით და მის დაპყრობას შეეეცადა.დაიწყო მოლაპარაკებები. ამიერკავკასია ჩამოშორდა რუსეთს. საქართველო ჩამოშორდა აზერბაიჯანსა და სომხეთს და დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა . რუსეთში დელეგაცია გაიგზავნა. ბოლშევიკებმა აღიარეს საქართ-ველოს დამოუკიდებლობა და წარმომადგენელად ს. კიროვი გამოგზავნეს. ინგლისმა ფაქტობრივად ცნო რესპუბლიკა, ხოლო ბევრმა სხვა ქვეყანამ იურიდიულად. შეიკრიბა დამფუძნებელი კრება , გამომუშავდა კონსტიტუცია, მმართველობის საპარლამენტო ფორმა. ჩატარდა დეპუტატთა არჩევნები. მუშაობა დუღდა! დღე და ღამე არ გვეძინა. არჩეული დეპუტატებიდან 105. ნესდეკი ხოლო 25 სხვადასხვა პარტიებიდან იყო. სულ 130 ადამიანი.

1921 წ. 25 თებერვალს, ბოლშევიკური მთავრობის მიერ ცნობის შემდეგ მოხდა საქართველოს გასაბჭოება . დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა საზღვარგარეთ გაემგზავრა,სადაც მეც შემომთავაზეს წასვლა. მეუღლე ამ დროს დაპატიმრებული იყო და სხვა ბოლშევიკებთან ერთად იჯდა ქუთაისის ციხეში; მე სამი ბავშვი მყავდა და, ამას გარდა, გაფიქრებაც არ მინდოდა საზღვარგარეთ წასვლაზე – სამშობლოსა და ყველა ახლობლის დატოვებაზე და დავრჩი კიდევაც ტფილისში"


მინადორა ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. მუშაობდა ე. წ. „არა“-ში („ამერიკული დახმარების ადმინისტრაცია“ - American Relief Administration), პარალელურად შედიოდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ქალთა კომიტეტში, რომელიც არალეგალურად მუშაობდა პოლიტიკური პატიმრების და მათი ოჯახების დასახმარებლად.

მინადორა ტოროშელიძეს ბრალად დასდეს ანტისაბჭოთა საუბრები და გადასახლებულ „მენშევიკთან“ გრიგოლ სპირიდონის ძე ლორთქიფანიძესთან კავშირი 1936 წელს, ქალაქ კისლოვოდსკში ყოფნისას. მან კატეგორიულად უარყო ბრალდებები და თავი დამნაშავედ არ ცნო.

1936 წლის 17 დეკემბერს სსრკ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა მინადორა ტოროშელიძეს 5 წლით ყაზახეთის სსრ-ში გადასახლება მიუსაჯა.

სსრ-ს უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლისსაქმეთა სასამართლო კოლეგიას პროტესტი
(ზედამხედველობის წესით)
მ.ე. ტოროშელიძის საქმეზე

„...ანტისაბჭოთა საქმიანობაში მ.ე. ტოროშელიძის მამხილებელი სხვა რაიმე მასალები საქმეში არ არსებობს, გარდა სპეც- ცნობისა, რომელიც ძიების დამთავრებისას დაურთო საქმეს,შემდგენელმა – საქართველოს სსრ შინსახკომის სახელმწიფო  უშიშროების სამმართველოს სპეციალური განყოფილების ყოფ.უფროსმა – სულთანიშვილმა, მასზე, რომ მ.ე. ტოროშელიძე,გარდა იმისა, რომ წარმოადგენს აქტიურ მენშევიკს, არის მა-ლაქია ტოროშელიძის ცოლი, რომელიც დაპატიმრებულია, როგორც საქართველოს კ/რ ტროცკისტული ცენტრის წევრი და რომ მათი შვილი – გიორგი, ასევე პასუხისგებაშია მიცემული კ/რტროცკისტული საქმიანობის გამო. (ფ. 32).."

„კომუნისტი“ #157(4958) – კვირა 11 ივლისი 1937 წ.:

..საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი, რომე ლიც გუშინ გამოქვეყნდა, მთელი ქართველი ხალხის მიერ გამო-ტანილი განაჩენია. სოციალისტური, ორდენოსანი საქართველოს გამყიდველთ, მოღალატეთ, საქართველოს და მთელი საბჭოთა კავშირის მშრომელთა სისხლით მოვაჭრეთ – ბუდუ მდივანს ,მალაქია ტოროშელიძეს, ოკუჯავას და „ძმათა მათთა“ დანაშაულის ადგილზე წაუსწრეს. ხალხმა ფარდა ახადა მათს ჯაშუშურ,დივერსიულ, გამცემლურ, საზიზღარ, სამარცხვინო საქმიანობას და ღირსეული სასჯელი გამოუტანა – სოციალური დაცვის უმაღლესი ზომა, დახვრეტა."

მეუღლეს - მალაქია ტოროშელიძეს 1937 წლის 9 ივლისს საქართველოს სსრ უზენაესმა სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა.

1937 წლის 13 სექტემბერს დააპატიმრეს მინადორას და მალაქიას უმცროსი ვაჟი ლევან ტოროშელიძე.

1938 წლის 25 მარტს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა  ლევან ტოროშელიძეს დახვრეტა მიუსაჯა.


სუსანა ტოროშელიძე (მინადორა ორჯონიკიძის ქალიშვილი):

„....36-ის იანვარში დედაჩემიც გადაასახლეს, ყაზახეთში,„ Свободное поселение “-ზე. მანამდე ხშირად გვიყვებოდა:ერთი უცნაური სიზმარი ამეკვიატა, სულ რაღაც უცნობ სახლს  ვხედავო. გადასახლებაში ოთახი რომ დაიქირავა, მაშინვე მოგვწერა: ახლა სწორედ იმ სახლში ვცხოვრობ, გამუდმებით რომ  ვნახულობდი სიზმარშიო.“

მინადორა ტოროშელიძე გათავისუფლდა 1950 წელს და დაბრუნდა თბილისში.

რეაბილიტირებულია 1956 წელს.

გარდაიცვალა 1967 წლის 17 ოქტომბერს, თბილისში.

ოლღა იესეს ასული სანიკიძე-ვალაბუევა




Მინადორა ტოროშელიძისგან გაბსხვავებით ოლღა სანიკიძე-ვალაბუევაზე მწირი ინფორმაცია არსებობს.

იგი 1883 წელს დაიბადა ქუთაისში, აზნაურის ოჯახში.მიიღო უმაღლესი განათლება; პროფესია - პედაგოგი.

1910-იან წლებში ეწეოდა კომერციულ საქმიანობას.

იყო საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის წევრი.

1917 წელს გახდა  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

1917 წლიდან იყო თბილისის მე-2 ქალთა გიმნაზიის დირექტორი.

საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ ჩაბმული იყო. წინააღმდეგობის მოძრაობაში.

თავდაპირველად გიმნაზიის ბაზაზე ორგანიზებას უწევდა 1921 წელს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაჭრილი საქართველოს არმიის და გვარდიის ჯარისკაცების დახმარების საქმეს; შემდგომ, სავარაუდოდ იყო ქალთა "პოლიტიკური წითელი ჯვრის" წევრი.


1921 წლის აპრილში, საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ ("ჩეკა") ოლღა სანიკიძე დააპატიმრა პოლიტიკური საბაბით - გამოძიება ცდილობდა დაემტკიცებინა რომ იგი მოსწავლეებს უკრძალავდა კლასში "ინტერნაციონალის" შესრულებას.

პატიმრობიდან გაათავისუფლეს ამნისტიის შედეგად.

1920-იან წლებში აგრძელებდა მუშაობას მე-2 გიმნაზიაში.
შემდგომი ბედი უცნობია.


სტატიაში გამოყენებულია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მასალები.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას,
რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.
12:09 / 23.04.2024
ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის გენერალურ ასამბლეას, რომელიც საქართველოში პირველად იმართება, იმერეთი მასპინძლობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.