ახალი ამბები
„გააჩნია რა ფორმით იქნება აქცია“ – მზადდება თუ არა 6 დეკემბრის კონტრაქციის გეგმა „ქართულ ოცნებაში“
FaceBook

„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.


პარტიის ოფისში საჯარო მოხელეები და საკრებულოს დეპუტატები ყოველდღე იკრიბებიან. შტაბში თითქმის უწყვეტ რეჟიმში  იმყოფებიან მერიისა და მის დაქვემდებარებაში არსებული ააიპების ის თანამშრომლები, რომლებიც ბოლო დღეებში ოპოზიციის პარტიულ ოფისებზე თავდასხმაში აქტიურად მონაწილეობდნენ.


მუშავდება თუ არა 6 დეკემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილი მასშტაბური აქციის წინააღმდეგ კონტრაქციის გეგმა, პარტიის შტაბში ამ შეკითხვას პირდაპირ არ პასუხობენ, თუმცა, ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას მოვლენების განვითარების შესაბამისად მიიღებენ.


„ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ, მაგრამ გააჩნია რა ფორმით იქნება აქცია, როგორ  მოვლენ, როგორ წავლენ.  არ უნდა ჰქონდეთ აქცია და უნდა ჰქონდეთ მშვიდობიანი მსვლელობა. უნდა აცადონ მუშაობა მთავრობას. ჩვენ დავიწყეთ თავიდან? მოვიდნენ და დაადეს ბოქლომი ოფისს. ეს ჩემთვის იგივე ოჯახია. დაგვიკეტეს ოჯახი? მიიღეს საკადრისი პასუხი“, – ამბობს მერიის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ თანამშრომელი, ნიკოლოზ დვალი.



ოპოზიციის პარალელურად აქციის დაგეგმვას უარყოფს საკრებულოს დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი, რომელიც ასევე, აქტიურად ჩანდა საპროტესტო აქციების დროს მომხდარი ინციდენტების დროს. დეპუტატი ამბობს, რომ არავითარი გეგმა არ მუშავდება, თუმცა, არსებობენ გაღიზიანებული ადამიანები, რომლებსაც პროტესტის გამოხატვას ვერ დაუშლიან.


„კონტრაქცია არ იგეგმება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გაღიზიანებული არიან და მათ ვერ დაუშლი პროტესტის გამოხატვას“,–აცხადებს ამირან კოპალეიშვილი.


ქუთაისში 18 ოპოზიციური პარტია მასშტაბურ საპროტესტო აქციას გეგმავს. 6 დეკემბერს აქციის მონაწილეები ფეხით მსვლელობას მოაწყობენ, თუმცა, უცნობია მივლენ თუ არა ისინი მმართველი პარტიის ოფისთან. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მსვლელობა მშვიდობიანი იქნება.


ქუთაისში, ბოლო ორი კვირაა დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა. მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად „დაბოქლომების აქცია“ დაიწყეს, როგორც „ქართული  ოცნების“, ასევე, პოლიტიკური პარტიების ოფისებთან ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. 29 ნოემბერს მმართველი პარტიის ოფისის დაბოქლომების შემდეგ, რა დროსაც შენობის მინა ჩაიმსხვრა,  „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა, ქუთაისის მერიის საჯარო მოხელეებთან და საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“  ოფისზე ორგანიზებული თავდასხმა მოაწყვეს. მათ შენობას ცოცხები და კვერცხები დაუშინეს და პარტიის ოფისში შეჭრა სცადეს. იგივე განმეორდა პირველ დეკემბერს, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა, ცოცხები,  კვერცხები და წითელი საღებავი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ერთად „გაერთიანებული ოპოზიციის“  ადგილობრივ ორგანიზაციასაც ესროლეს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.