ახალი ამბები
იმერეთში დაკეტილ ბინებს მერია და "სოკარი" ერთობლივად შეამოწმებენ
FaceBook
იმერეთის რეგიონში ყველა დაკეტილ ბინას "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები მუნიციპალიტეტების მერიასთან შეთანხმებით შეამოწმებენ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება ქუთაისის სამხარეო ადმინისტრაციაში იმერეთის გუბერნატორის მიერ საგანგებოდ მოწვეულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც მუნიციპალიტეტის ყველა მერი და "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, მთავარ პრობლემად გამოიკვეთა ის, რომ, ძირითადად, უბედური შემთხვევის ფაქტები ხდება ისეთ სახლებში, რომლებიც არის გაქირავებული და დაკეტილი.

"ამ შემთხვევაში "სოკარი" ვერ ახერხებს ბინაში შესვლას, რომ ფიზიკურად აღწეროს მდგომარეობა. ამიტომ, ყველა გამგეობა ჩაერთვება ამ პროცესში, რათა მდგომარეობა შეიცვალოს. დღესვე შეხვდებიან ისინი ყველა ამხანაგობის წარმომადგენელს და ერთობლივად დავგეგმავთ გასვლებს კორპუსებში და  ბინების აღწერას. რამდენიმე დღეში გვექნება სრული სურათი, თუ რა ხდება იმერეთში, სად გვაქვს ძირითადი რისკის კერები და სად, რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ", - ამბობს ზვიად შალამბერიძე.

ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი  შვილი ზესტაფონში გარდაიცვალა. ისინი ბიბილაშვილის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

"სოკარ ჯორჯია გაზი"-ს იმერეთის რეგიონალური ოფისის მთავარი სპეციალისტის, ალექსანდრე გაბრიჭიძის განმარტებით, ბიბილაშვილის ქუჩაზე არსებული ოთხსართულიანი კორპუსი, სადაც 40 ოჯახი ცხოვრობს, ბოლოს არაგეგმიურად, მიმდინარე წლის ოთხ აპრილს შეამოწმეს. თუმცა, გაბრიჭიძის თქმით,  ყველა ბინის ტექნიკური დათვალიერება ვერ მოხდა. მათ შორის იმ ბინის, სადაც ტრაგედია დატრიალდა, რადგან ის დაკეტილი იყო. 

"ჩვენთვის უცნობი იყო წყლის გამათბობლის არსებობა. თუ კარები ჩაკეტილია, შიგნით შესვლას ვერ ვახერხებთ", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი, ალექსანდრე გაბრიჭიძე. მისი ინფორმაციით, აღმოჩნდა რომ მომხმარებელს ბინაში წყალგამაცხელებელი ტექნიკური ნორმების დარღვევით ჰქონდა დამონტაჟებული.

"სავარაუდოდ, წყლის სისტემაც მოუწესრიგებელი იყო, რომელსაც უფრო ზუსტად ექსპერტიზა დაადგენს. ვფიქრობთ, რომ ინტოქსიკაცია ტექნიკური ნორმების დარღევით დამონტაჟებულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია", - ამბობს ალექსანდრე გაბრიჭიძე.

ზემოთაღნიშნული კორპუსის მორიგი გეგმიური შემოწმება, 30 ოქტომბერს არის დაგეგმილი. კომპანიაში განმარტავენ, რომ ისინი არაგეგმიურ შემოწმებასაც ასრულებენ, განსაკუთრებით  შემოდგომა-ზამთრის სეზონზე. 

"სოკარ ჯორჯია გაზი"-ს იმერეთის რეგიონალური ოფისის მთავარი სპეციალისტი განმარტავს, რომ  იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა დააყენა ახალი ხელსაწყო, უფლება აქვს მივიდეს გაზის მეურნეობასთან და ჰკითხოს, რამდენად გამართულად და უსაფრთხოდ არის ის დამონტაჟებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს მომსახურება სრულიად უსასყიდლოა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებაც არის.

"სავარაუდოდ, არ აქვთ ინფორმაცია ამაზე ან არ ახორციელებენ. მეორე პრობლემა ისაა, რომ ვისაც უნდა იმას ამონტაჟებინებენ. ჩვენთან ეს თანხაში არ არის გაწერილი. უბრალოდ, შეიძლება იმ დღეს ვერ მივიდეს კომპანიის წარმომადგენელი და მივიდეს ორი დღის მერე. რაღაც მენტალიტეტი და მიდგომა თუ არ შეიცვალა, ჩვენ მარტო ვერაფერს გავხდებით. გათამამება გაზთან არ შეიძლება", - ამბობს ალექსანდრე გაბრიჭიძე.

"სოკარ ჯორჯია გაზს" იმერეთში 150 000 აბონენტი ჰყავს. 


16 სექტემბერს, დედა და ორი მცირეწლოვნის გარდაცვალება ზესტაფონში საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებამ გამოიწვია. დედა 24 წლის იყო, ხოლო შვილები ორი და ოთხი წლის.

ისინი ზესტაფონში ოთხსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე საცხოვრებლად ორი კვირის წინ გადავიდნენ. მეზობლების თქმით, დედა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ერთოთახიან ბინაში ქირით ცხოვრობდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


ამავე თემაზე:

ზესტაფონში გარდაცვლილი დედა-შვილები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ - დეტალები შემთხვევის ადგილიდან
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მთავრობა, რაჭაში, 4,2 მლნ. ლარის ღირებულების კლიმატური
მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს მსოფლიო ბანკის
ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
16:56 / 27.05.2024
საქართველოს მთავრობა, რაჭაში, 4,2 მლნ. ლარის ღირებულების კლიმატური მდგრადობის უზრუნველყოფის სამუშაოებს მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს
უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, 27 და 28 მაისს, დასავლეთ
საქართველოში, მაღალი ტემპერატურა, 30-დან 32 გრადუსი დაფიქსირდება.
11:22 / 27.05.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსის, დოდო გვაზავას ინფორმაციით, 27 და 28 მაისს, დასავლეთ საქართველოში, მაღალი ტემპერატურა, 30-დან 32 გრადუსი დაფიქსირდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.