ახალი ამბები
ქაჯების დათხოვნა და ქალების პრეზიდენტობა - რა დაპირებების შესრულება მოუწევს სალომე ზურაბიშვილს
FaceBook
საქართველოს ხელისუფლებამ და მის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს უხვი დაპირებები გასცა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა მათი რიცხვი გაზრდა.

დაპირებები


ქუთაისს:

სალომე ზურაბიშვილი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ქუთაისი კულტურის ცენტრი და აკვანი გახდება:

“ქუთაისი არის რეალურად კულტურის დედაქალაქი და უნდა დაიბრუნოს ეს ფუნქცია. სამწუხაროდ დიდხანს იყო ქუთაისი მიტოვებული და მიძინებული. მე ვაპირებ როგორც პრეზიდენტი, ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ქუთაისმა დაიბრუნოს ეს როლი სახელმწიფოში და მსოფლიოში, რომ იყოს საქართველოს კულტურის ცენტრი და აკვანი”.

რეგიონებს:

ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის იქნება რეგიონების პრეზიდენტი, მათი წარმომადგენელი ხელისუფლებაში, რომელიც “მოსახლეობის ინტერესების საზღვარგარეთ გატანას” და ახალი კავშირების ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

რეგიონების გასაძლიერებლად ზურაბიშვილს თემატური ტურიზმის (არქეოლოგიური, რელიგიური, ექსტრემალური, ბალნეოლოგიური, ეკოტურიზმი და ა.შ.) განვითარება მოუწევს.

ქალებს:

მისი საარჩევნო დაპირებაა, იყოს ქალების პრეზიდენტი.

“პირველ რიგში ვიქნები ქალების პრეზიდენტი. უნდა შეიქმნას სპეციალური სამსახური, სადაც სამშობლოში დაბრუნებულ ქალებს „მოუსმენენ, ფსიქოლოგიურ რჩევებს მისცემენ, რომ როგორც დღეს ხდება, ამ ქვეყანაში თავი უცხოდ არ იგრძნონ და შემდეგ ისევ უკან არ წავიდნენ“.

ამავე დროს, ზურაბიშვილი უნდა იყოს:
“ის ქალი პრეზიდენტი, რომელიც იზრუნებს იმ ფენებისთვის, რომლებიც დღეს არიან გაჭირვებაში, სჭირდებათ მეტი ყურადღება და სახელმწიფო რესურსების მათზე გადანაწილება”.

ახალგაზრდებს:

უნდა უზრუნველყოს “სახელმწიფო დაფინანსებით უცხოეთში განათლებამიღებული ახალგაზრდების ღირსეული დაბრუნება და სრულფასოვანი ჩართვა ქვეყნის მშენებლობაში”.

ემიგრანტებს:

სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს დასაბრუნებლად ღირსეული პირობების შექმნას და მათთან კავშირის გაძლიერებას ჰპირდება:

“კავშირი ნიშნავს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის ენის და კულტურის შენარჩუნებას. ეს მოითხოვს გაძლიერებას ყველა იმ ინსტრუმენტის რომელიც ამას ემსახურება, ანუ საკვირაო სკოლები, დისტანციური სწავლება, საზაფხულო ბანაკები, სტაჟირების საშუალებები, გაცვლითი პროგრამები. ამ ყველაფერზე და ამ ყველა ინსტრუმენტების გაძლიერებაზე იზრუნებს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია”.

უნდა შექმნას დიასპორის სახლი, სადაც მათი დაბრუნებისთვის საჭირო ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი.

“ორმაგი მოქალაქეობის დამკვიდრებით” უნდა უზრუნველყოს დიასპორასთან მოქალაქეობრივი და სამართლებრივი კავშირის აღდგენა.

სოციალური სახის დაპირებები:

სალომე ზურაბიშვილმა ხელი უნდა შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის განვითარებას.

უნდა აწარმოოს უწყვეტი საინფორმაციო კამპანია ნარკოტიკების წინააღმდეგ.

ზურაბიშვილი ხალხურ მედიცინასაც მიხედავს:

“მოხდება იმ დიდი პოტენციალისა და ტრადიციების განვითარების ხელშეწყობა, რაც ისტორიულად გვაქვს მედიცინის სფეროში (ფარმაცია და ხალხური მედიცინა, ფაგები, კურორტოლოგია)”.

პრეზიდენტმა უნდა გააქტიუროს მუშაობა დაავადებების პრევენციის კუთხით. ლობირება უნდა გაუწიოს ონკოლოგიის ცენტრის შექმნას, რათა მოქალაქეებს ადგილზე მკურნალობის შესაძლებლობა ჰქონდეთ.

სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ იქნება კულტურის დესპანი.

„იმის ნაცვლად, რომ ყოველ წუთს ავაშენოთ ახალი, საკმაოდ უსახო ეკლესიები, უმჯობესია ეს თანხები ჩაიდოს ძველი ეკლესიების აღორძინებაში".


დაპირებისამებს, ის უზრუნველყოფს, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლების დაცვასა და ხელს შეუწყობს ახალი ძეგლების სიაში შეტანას (მაგალითად, მეგრული ოდა).

ზურაბიშვილმა მთავრობის მიერ ხალხისთვის გაცემული დაპირებების შესრულებაზე მკაცრი ზედამხედველობა უნდა აიღოს. მათ შორის იქნება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე გაცემული ორი დაპირება:

- .„შავ სიაში“ მოხვედრილი 600 ათასი ამომრჩევლის საბანკო ვალდებულებისგან გათავისუფლება;

- 2022 წლიდან საჯარო სკოლებში დასაქმებული პედაგოგების ხელფასების სამჯერ გაზრდა, ხოლო 10 000 პედაგოგისთვის გაზრდილი ხელფასის 2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში უზრუნველყოფა.

საგარეო პოლიტიკა:

სალომე ზურაბიშვილმა ექვსწლიან ვადაში უნდა მოახერხოს საზღვრების შენარჩუნება და რუსული ჯარების გაყვანა ქვეყნის ტერიტორიიდან, მშვიდობიანი გზით.
ასევე, ნატოში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია.

მეხუთე პრეზიდენტი ადმინისტრაციის ახალ მოდელს გვთავაზობს.

სალომე ზურაბიშვილი არ შევა ავლაბრის რეზიდენციაში და იმუშავებს ორბელიანის სასახლეში. უზრუნველყოფს ადმინისტრაციის გამჭვირვალობას, მოქალაქეებთან კავშირს (ცხელი ხაზის საშუალებით), გენდერულს ბალანსს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების წარმომადგენლობას ადმინისტრაციაში.

***

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არას ეტყვის კონფრონტაციას, უზრუნველყოფს კონსტრუქციულ თანამშრომლობას ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან, საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

პრეზიდენტს, საპრეზიდენტო ვადაში, ქაჯების დათხოვაც მოუწევს: “მოვდივარ ქაჯების დასათხოვად, ბოღმა და სიძულვილი ამოვიდა ყელში”.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს დაიგეგმა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის ფიცის დადებისთანავე წყდება მოქმედი პრეზიდენტის - გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 2018 წლის 28 ნოემბერს გაიმართა. ცესკოს მიერ საარჩევნო უბნების დათვლის შედეგებით, არჩევნებში 59,52 %-ით გამარჯვებული მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე
13:31 / 03.05.2024
ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე"-ს ინფორმაციით, საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსით 53.05 ქულით, 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3
მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.
10:22 / 03.05.2024
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, საჯარო სკოლები, დღეიდან, 3 მაისიდან (წითელი პარასკევი) 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.