ახალი ამბები
„მამაოსთან მოვიდნენ ხალხის გადასაბირებლად“ - რიონის ხეობის პროტესტი ნამახვანჰესის წინააღმდეგ
FaceBook
რიონის ხეობის მოსახლეობამ ნამახვანი ჰესის მშენებლობის წინაღმდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" დააფუძნა. მოძრაობის წევრებმა დღეს პრესკონფერენცია ქუთაისიპოსტის პრესკლუბში გამართეს.
მოსახლეობა ჰესის მშენებლობის შემთხვევაში ხეობის დატბორვის საფრთხეებზე საუბრობს. მათი თქმით, 12-მდე სოფელი წყლით დაიფარება, განადგურდება სამეურნეო ნაკვეთები, ყურძნის უნიკალური ჯიშები და საფრთხე შეექმნება მეფუტკრეობას, როგორც რიონის ხეობის მეურნეობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას.

"ეს ჰესი რიონის ხეობას გაანადგურებს. მისი მშენებლობით ზიანი ადგება დასავლეთ საქარველოს უდიდეს ნაწილს. ქუთისია პირველ რიგში საფრთხეში. ქალაქიდან 25 კილომეტრში შენდება 111 მეტრიანი კაშხალი. მისი ერთი დაზიანება საკმარისია, რომ დასავლეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი დაიტბოროს",- ამბობს მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, მალხაზ მუსურიძე.

მოძრაობის წევრების თქმით, ჰესის მშენებელი კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯია" მოსახლეობის გადასაბირებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავს. ჰპირდება მათ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, სწავლის დაფინანსებას, ექსკურსიების მოწყობას, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილი საბჭოების წევრებს კი ყოველ სხდომაზე თითოეულს 30 ლარს უხდის.

მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, მარი მუსელიანი, რომელიც სასულიერო პირის მეუღლეა, ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მისი, როგორც სასულიერო პირის ოჯახის წევრის,  გავლენის გამოყენებასაც შეეცადნენ და მას მოსახლეობასთან მოლაპარაკება შესთავაზეს.

"მამაოსთან მოვიდნენ ხალხის გადმოსაბირებლად და მათზე ზეგავლენის მოსახდენად. ჩემს შვილსაც დაპირდნენ მაღალანაზღაურებად სამსახურს. მეც, როგორც მამაოს მეუღლეს, შემომთავაზეს საბჭოში შესვლა, რომ  გავლენა მომეხდინა მოსახლეობაზე და დამეთანხმებია ჰესის მშენებლობაზე, მაგრამ ახლა ვაპირებ პირიქით გამოვიყენო ეს გავლენა",-ამბობს მარი მუსელიანი.

საზოგადოებრივი მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წევრები კომპანიის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებენ. ასევე გეგმავენ საპროტეტსო აქციების გამართვას. მათ უკვე დაიწყეს ხელმოწერების შეგროვებაც.

ნამახვანი ჰესის საფრთხეები ვრცლად აქვს შეფასებული "მწვანე ალტერნატივას".

არასამთავრობო ორგანიზაცია უხარისხოს უწოდებს კომპანიის მიერ 2015 წელს წარმოდგენილ გზშ-ს და მიიჩნევს, რომ დოკუმენტი სრულყოფილად არ ასახავს ჰესის ადგილობრივ მოსახლეობაზე პირდაპირი და ირიბი ზემოქმედების რისკებს. ასევე, არ არის დასაბუთებული რა კონკრეტულ ფინანსურ სარგებელს მოუტანს ქვეყენას პროექტი გრძელვადიან პერსპექტივაში.

ანგარიშის მიხედვით, პროექტის ზემოქმედება შეეხება არამხოლოდ მოსახლეობას და სასოფლო-სამურნეო მიწებს, არამედ, ბიომრავალფეროვნებას და ისტორიულ ძეგლებსაც კი.

"პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა დაახლოებით 600 ჰა ფართობის ტერიტორია. აქედან 180 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწებია, ხოლო დაახლოებით 360 ჰა - ტყეები. პროექტის განხორციელება გამოიწვევს ბიომრავალფეროვნების შეუქცევად დეგრადაციას. დაგეგმილი პროექტის საპროექტო არეალში ხვდება ბუნების ძეგლიც- იმერეთის 8 მღვიმე. ცალკე უნდა აღინიშნოს პროექტის ზემოქმედება ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე, რომელზეც პროექტში საერთოდ არ არის საუბარი. პროექტის განხორციელება გამოიწვევს მათ ხარისხობრივ გაუარესებას ან საერთოდ გაქრობას",-ნათქვამია ანგარიშში.

პროექტის მიხედვით, ნამახვანი ჰესის გავლენის ზონაში ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებას სულ 104 ოჯახი დაექვემდებარება, მხოლოდ ეკონომიკურს კი 47 კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.

"ქლინ ენერჯი გრუპში" მოსახლეობისა და სპეციალისტების შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ კაშხლები საერთაშორისო სტანდარტებით შენდება, შესაბამისად, განსახლების პროცესი ოჯახების მცირე რაოდენობას შეეხება.

რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) დოკუმენტს, კომპანიაში არ უარყოფენ, რომ განახლებული ნებართვა ჯერჯერობით არ აქვთ.

"დასასრულს უახლოვდება გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განახლებული დოკუმენტის მომზადება. ანგარიში ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ მზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დოკუმენტი 2018 წლის შემოდგომაზე გასაჯაროვდება",- აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში არც იმას უარყოფენ, რომ საბჭოს წევრებს ყველა სხდომაზე 30 ლარს უხდიან, თუმცა, აცხადებენ, რომ ეს მათ მიერ დაკარგული დროის კომპენსაციაა.

"საბჭოს წევრებს თითოეული შეხვედრის დასწრებისათვის სიმბოლური თანხა - 30 ლარი გადაეცემათ, ისინი რამდენიმე საათს ატარებენ საბჭოს სხდომაზე, რა დროსაც წყდებიან ყოველდღიურ საქმიანობას, ეს თანხა არის მათი დაკარგული დროის კომპენსაცია",- ამბობენ კომპანიაში.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდება მოსახლეობისთვის კომპენსაციის გადახდა, "ქლინ ენერჯი გრუპს" ამაზე კონკრეტული პასუხი არ აქვს. კომპანიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ დატბორვის არეალში მცირე რაოდენობის ოჯახები მოხვდება და მათ საშუალება ექნებათ აირჩიონ ალტერნატიული საცხოვრებელი.

კომპანია "ქლინ ენერჯი გრუპმა" ნამახვანი ჰესის მშენებლობის ნებართვა 2015 წელს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტებში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.
პროექტი 750 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3000-მდე ადამიანი დასაქმდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს რეგიონული განვითრებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ყუმი-ღვედის მონაკვეთზე მისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
14:24 / 23.01.2020
საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ყუმი-ღვედის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში,
მეტალურგიულ ქარხანის 200- მდე  მუშა ოთხი დღეა გაფიცულები
არიან.
12:01 / 23.01.2020
ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში, მეტალურგიულ ქარხანის 200- მდე  მუშა ოთხი დღეა გაფიცულები არიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.