ახალი ამბები
ბავშვები სიკვდილის ქალაქიდან - რისი ეშინიათ ტყიბულელ პატარებს
FaceBook
ტყიბულში დღეს ყველას ეშინია, ბავშვებს - განსაკუთრებით. მათ ქალაქში ბოლო სამ თვეში მათი 20 თანატოლი დაობლდა.

ბავშვებს, რომელთა მამები, ბაბუები და ახლობლები მინდელის შატხაში მუშაობენ,  ტრაგედიების განმეორების შიში აქვთ, ამიტომაც მეშახტის პროფესიაზე არ ოცნებობენ.

ლიზი 10 წლის - "მეშინია მამა არ დავკარგო. ერთხელ ნახშირი დაეცა ფეხზე და იტკინა. არ მინდა მამა მეშახტე იყოს. ერთხელ დედას ვთხოვე სხვაგან იმუშავოსთქო, მაგრამ ოჯახში გვიჭირს და მამა იმიტომ მუშაობს შახტაში. დედა მესამე შვილს ელოდება, მალე დაიბადება".

ანრი 11 წლის - "არ მიოცნებია მეშახტე გავხდე. ერთი პატარა რაიმე და ბევრი ტრაგედია ხდება, საშიშია. მამაჩემი და ბიძაჩემი მეშახტეები არიან. 6 კაცი რომ დაიღუპა, მაშინ ვუთხარი მამას, წამოდი შახტიდანთქო. თქვენთვის ვშრომობო მითხრა. ან ყველა უნდა წამოვიდეს, ან ყველა უმუშევარი დარჩება და მთელი ტყიბული მშიერი დარჩება. დახურვა არ მინდა, მაგრამ მინდა, რომ უფრო დაიცვან, გაჩნდეს დასაცავი ინსტრუმენტები და მთელი ტყიბული გადავრჩებით".

გივიკო 11 წლის - "არ მინდა მეშახტე გავხდე, მინდა ფეხბურთელი ვიყო. ნახშირის გულისთვის თავს არ მოვიკლავ და მეშახტე არ გავხდები".

ანასტასია 9 წლის - "მამა და ბაბუა შახტაში არ მუშაობენ, მაგრამ მაინც მეშინია. ჩემი კლასელების მშობლები ხომ მუშაობენ და იმათ გამო მეშინია. არ მინდა ჩემი მეგობარი დაობლდეს".

ლიზი  12 წლის - "მამა მეშახტეა, ძალიან მეშინია. არასდროს მითქვამს მამისთვის, რომ წამოვიდეს შახტიდან, არ ვიცი რატომ. სახლიდან რომ მიდის, მეშინია, იგივე არ განმეორდეს, რომ ეს არ მოხდეს და მამაჩემი არ იყოს იქ. მინდა, უფრო უსაფრთხოდ გაკეთდეს ეს ყველაფერი და მამა და მისი თანამშრომლები დაცული იყვნენ".

გურამ 13 წლის - "ბაბუა მუშაობდა ადრე, ახლა მეზობლები მუშაობენ. ცუდია, რომ 4 ადამიანი იღუპება ისეთ ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანი მუშაობს და შეიძლება ეს ფაქტი კიდევ განმეორდეს. დაცვის ნორმები დარღვეულია და შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს ტრაგედია.  ვინც იმ შახტას აკონტროლებს, არ ამაგრებს გამოქვებულებს. ბაბუა არ მიყვება მის პროფესიაზე, არ ვიცი რატომ. მე კი ვიცი, რომ მეშახტეს დიდი გაფრთხილება სჭირდება. ნებისმიერ არასწორ მოძრაობას უამრავი ადამიანის სიკვდილი შეიძლება მოჰყვეს. მეშახტეს სამუშაოდ კარგი პირობები უნდა ქონდეს და არა ისეთი გაუსაძლისი, როგორც ახლაა მინდელის შახტაში".

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს, ოთხი მუშა დაიღუპა, დაობლდა 7 შვილი, ხოლო 6 ადამიანი დამწვრობით საავადმყოფოში გადაყვანეს.

შახტში გარდაცვლილი 4 თანამშრომლიდან ყველაზე უმცროსი, ლაშა ფორჩხიძე 30 წლის იყო, დაშავებულთაგან ყველაზე უმცროსი კი 22 წლის ჯიშიაშვილი ნოდარი გახლავთ.

16 ივლისს  მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გამოძიება იგივე მუხლით დაიწყო შსს-მ 2018 წლის 5 აპრილს მინდელის შახტში მომხდარი შემთხვევის შემდეგაც, როდესაც აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რა დროსაც ტყიბულში 13 ბავშვი დაობლდა. თუმცა გამოძიებით ჯერ არაფერი დადგენილა. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.

შახტს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია, "საქნახშირი" მართავს.

საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა.

"აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია “საქნახშირი” გადაეცეს სახელმწიფოს," - ნათქვამია განცხადებაში.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება.

საქართველოში შრომის უსაფრთხოებას კანონი არსეგულირებს.

შესაბამისი კანონი "შრომის უსაფრთხოების შესახებ" პარლამენტმა 2018 წლის მარტში მიიღო. თუმცა, შრომით უფლებებზე მომუშავე სპეციალიტებისა და პროფკავშირების წარმომდგენლების აზრით, დგებ კანონის აღსრულების პრობლემა.


ამავე თემაზე:

ვინ არიან შახტში გარდაცვლილები - 4 მეშახტე, რომელიც სახლში ვერ დაბრუნდა

6 მუშა, რომელიც ტყიბულის შახტში დაშავდა

ტყიბულის შახტში 4 მუშა დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულის შახტში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

გამოძიების პირველადი ინფორმაცია - რა მოხდა ტყიბულის შახტში?

არჩილ თალაკვაძე - მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, ვიდრე უსაფრთოების სტანდარტი არ მიიღწევა

ტყიბულის შახტში დაშავებული მუშები თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

ბოლო 3 თვეში ტყიბულის შახტში 10 ადამიანი დაიღუპა, გამოძიება კი ამ დრომდე მიმდინარეობს

ტყიბულში არსებული 25-ვე შახტი დღესვე დაილუქება"

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ზესტაფონში, ''ჯეოჰოსპიტალის''
კლინიკის ბაზაზე, სამედიცინო პერსონალი უფასო კვლევებს
ჩაატრებს.
14:04 / 10.07.2020

ზესტაფონში, ''ჯეოჰოსპიტალის'' კლინიკის ბაზაზე, სამედიცინო პერსონალი უფასო კვლევებს ჩაატრებს.

სამტრედიაში, მდინარე რიონში მაშველები 72 წლის
მამაკაცს ეძებენ.
12:08 / 10.07.2020
სამტრედიაში, მდინარე რიონში მაშველები 72 წლის მამაკაცს ეძებენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.