ახალი ამბები
"ქორთიარდ მარიოტი" მუზეუმის ყოფილი შენობის ნაცვლად - ჭყონიას ახალი გეგმები ქუთაისში
FaceBook
თემურ ჭყონია ქუთაისის ცენტრში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას გეგმავს.
ბიზნესმენი,  ამჯერად ცენტრალურ მოედანზე მდებარე მუზეუმის ყოფილი შენობის დანგრევას და მის ადგილზე სასტუმროს აშენებას აპირებს.

მუზეუმის ტერიტორიის შეძენაზე, რომელიც სახელმწიფო ქონებას წარმოადგენს, ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

ქუთაისიპოსტმა "ამერიკული სასტუმროების ჯგუფის" დირექტორის, თემურ ჭყონიას მიერ ქონების მართვის სააგენტოსთვის მიწერილი წერილი მოიპოვა. წერილის მიხედვით, საინვესტიციო ჯგუფი, სააგენტოს სთხოვს მუზეუმის ტერიტორიის - 735 კვ.მ პირდაპირი მიყიდვის წესით გადასცეს, სანაცვლოდ კი ადგილზე 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებასა და 50 ადგილობრივის დასაქმების პირობას დებს.

წერილის მიხედვით, ჭყონიამ მუზეუმის ადგილზე "ქორთიარდ მარიოტის" ბრენდის სასტუმრო უნდა ააშენოს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ  შენობა აღნიშნული ბრენდის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ჭყონია მის  დანგრევას და  ახალი შენობის აშენებას გეგმავს.

"მარიოტ"-ის ბრენდის სასტუმროს ქუთაისში ფუნქციონირება მოიზიდავს უცხოელ ტურისტებს, ამასთან დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქუთაისის, ასევე, ქვეყნის განვითარებას",- ნათქვამია ჭყონიას მიერ  სააგენტოსთვის მიწერილ წერილში.

გარდა ამისა, როგორც წერილიდან ირკვევა, ჭყონია ქონების მართვის სააგენტოს დამატებით სთხოვს მუზეუმის მიმდებარედ 211 კვ.მ მიწის ნაკვეთის მიყიდვას, რომელიც არა სახელმწიფოს, არამედ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

ორივე მიწის ნაკვეთში თემურ ჭყონია 300 000 ლარის გადახდას აპირებს.





ქუთაისიპოსტმა ასევე მოიპოვა ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ქუთაისის მერიისთვის გაგზავნილი მიმართვა, სადაც სააგენტო ჭყონიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ერთგვარი შუამავლის როლს კისრულობს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ეკატერინე სისაური ქუთაისის მერიას სთხოვს ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (211 კვ.მ) უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.






ქუთაისიპოსტი დაინტერესდა, რატომ ითხოვს ქონების მართვის სააგენტო ქუთაისის მერიისგან ქალაქის ცენტრში მდებარე ტერიტორიის გადაცემას უსასყიდლოდ, მაშინ, როცა ქალაქს შეუძლია მიწის ნაკვეთი აუქციონზე გაიტანოს და მიღებული შემოსავლები ქალაქის ბიუჯეტში დატოვოს?

სააგენტოში გვითხრეს, რომ ამით ისინი ბიუროკრატიას ამცირებენ, მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ გადაცემით კი ადგილობრივი ბიუჯეტი მნიშვნელოვან თანხას არ კარგავს.

"პირველი ის, რომ ჩვენ მოგვმართა ინვესტორმა და უზრუნველვყავით ნაკლები ბიუროკრატია, მეორეს მხრივ კი, ამ მიწის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ვერ ვიტყოდი, რომ ქალაქი მნიშვნელოვან თანხას კარგავს. აქ არის საუბარი 10 მილიონის ინვესტიციაზე და თუ ეს გამოვიდა, ყველა მხარე მოგებული დარჩება",- განაცხადეს  სააგენტოში.

ქუთაისის პირველ ზონაში  1 კვ.მ. მიწის ღირებულება 190 ლარს შეადგენს. მარტივი დაანგარიშებთ გამოდის, რომ  211 კვ.მ მიწის უსასყიდლოდ გადაცემის შედეგად ბიუჯეტი 40 090 ლარს დაკარგავს.

გადასცემს თუ არა ქუთაისის მერია ქალაქის ცენტრში მდებარე 211 კვ.მ მიწის ნაკვეთს სააგენტოს უსასყიდლოდ, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მერიის არქიტექტურის სამსახურმა უკვე ჩამოაყალიბა ის პირობები, რაც სააგენტომ ქონების პრივატიზების შემთხვევაში ინვესტორს უნდა წაუყენოს.

სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ზაზა ჩხიკვაძე წერილში წერს:

"მუზეუმი ერთ-ერთ მნიშვნელოვან შენობა-ნაგებობას წარმოადგენდა ისტორიულად ჩამოყალიბებულ დავით აღმაშენებლის მოედნის ურბანულ გარემოში, შენობას მინიჭებული ჰქონდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი და ე.წ. პასაჟის თაღოვანი გასასვლელის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს წარმოადგენდა ქალაქურ განაშენიანებაში. სასტუმრო-კომპლექსი ორგანულად უნდა ერწყმოდეს განაშენიანების ტრადიციულ ფორმებს და ხელს არ უნდა უშლიდეს ძეგლების სრულფასოვან აღქმას და არ უნდა ამცირებდეს მათ მნიშვნელობას",- წერს ზაზა ჩხიკვაძე.


აღსანიშნავია, რომ სწორედ  ქალაქის ისტორიულ იერსახესთან შეუსაბამობის გამო მოჰყვა საზოგადოების პროტესტი ჭყონიას მიერ ცენტრალურ მოედანზე მაკდონალდსის მშენებლობას, თუმცა, ობიექტის  გახსნაზე და შემდგომში ფუნქციონირებაზე ამას გავლენა არ მოუხდენია.

გაითვალისწინებს თუ არა ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის მერიის  პირობებს და როგორი იქნება მუზეუმის ყოფილი შენობა, უახლოეს მომავლში გაირკვევა. 

ცენტრალურ მოედანზე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობა 1860 წელსაა აგებული. მუზეუმი იქ 1948 წლიდან 2011 წლამდე ფუნქციონირებდა. შენობას კულტურული მემკვიდრეობის  ძეგლის სტატუსი 2012 წელს  მოეხსნა. 

როგორ გამოიყურება ისტორიული შენობა დღეს, ნახეთ ვიდეო.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.