ახალი ამბები
ბავშვთა საკითხები, ქალთა ძალადობა და თანასწორობის უფლების დაცვა - ომბუდსმენის 2017 წლის ანგარიში
FaceBook
30 აპრილს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში მოისმინეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, პარლამენტმა განახორციელოს ეფექტიანი ზედამხედველობა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროზე და, მეორე მხრივ, იდენტიფიცირება მოახდინოს, თუ რა გამოწვევები არის ქვეყანაში და შესაბამისი ინიციატივები შეიმუშაოს ადამიანის დაცვის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. "გასულ წლებში სახალხო დამცველის რეკომენდაციების გაზიარების რაოდენობა იზრდებოდა, რაც მისასალმებელია. ეს იმის მაჩვენებელია, რომ სახალხო დამცველის აპარატი და პარლამენტი კარგად თანამშრომლობენ ერთმანეთთან. წელს ჩვენ გვყავს ახალი სახალხო დამცველი -ქალბატონი ნინო ლომჯარია. წარმოდგენილი ანგარიშიც არის ახლებური, სისტემურად დალაგებული, ლაკონურად და გასაგებად ჩამოყალიბებული", - განაცხადა სოფო კილაძემ.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ საპარლამენტო ანგარიშის განხილვის პროცესში უშუალოდ ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოები, რომლებსაც მიემართება რეკომენდაციათა მნიშვნელოვანი ნაწილი. იგი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ანგარიშში წარმოდგენილი წინადადებები, რომელიც საქართველოს პარლამენტს მიემართება და მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს ქვეყანაში არსებული გამოწვევების დაძლევის პროცესში, გათვალისწინებული იქნას და აისახოს ანგარიშის შესაბამისად მომზადებულ საპარლამენტო დადგენილებაში.

ნინო ლომჯარიას განმარტებით, საანგარიშო პერიოდი ძირითადად მოიცავს 2017 წელს, მაგრამ მასში ასევე გაანალიზებულია ის პრობლემები, რომლებიც მანამდე არსებულ პერიოდში წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სიცოცხლის უფლებაზე, კერძოდ, მის პროცედურულ ნაწილზე, რაც გულისხმობს სიცოცხლის ხელყოფის შემთხვევების ეფექტურ გამოძიებასა და ძალის გამოყენების პროპორციულობის შეფასებას.

პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში სახალხო დამცველმა ხანგრძლივი გეგმური და არაგეგმური ვიზიტების შედეგად შეაფასა პენიტენციური, დროებითი მოთავსების და ფსიქიატრიული დაწესებულებები. გაანალიზა ის პრობლემები, რომელთა არსებობაც ავტომატურად იწვევს არასათანადო მოპყრობას ან რომელთა არსებობა მნიშვნელოვანი წინაპირობაა არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის. გარდა პრევენციისა, საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილია არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების საკითხი. თავისუფლებისა და უსაფრთხოების კუთხით ხარვეზები გამოიკვეთა აღკვეთის ღონისძიებებისა და საექსტრადიციო პატიმრობის შეფარდებისას.

სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა სახალხო დამცველის 2017 წლის საქმიანობის პრაქტიკაში რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდა. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა სამართლიანი სასამართლოს უფლება შეაფასა ინსტიტუციურ ჭრილში და წარმოადგინა მსჯელობა, თუ რა გავლენას ახდენს სასამართლო სისტემაში ინსტიტუციური ხასიათის პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე. მან ასევე ყურადღება გაამახვილა, პირადი ცხოვრების კუთხით დაწყებული გამოძიებების არაეფექტურობის შესახებ, რომლებიც ეხება 2015 და 2016 წელს გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების ფაქტებს.

თანასწორობის უფლების დაცვა ნინო ლომჯარიას მოსაზრებით, საქართველოში კვლავ გამოწვევას წარმოადგენს. მას მიაჩნია, რომ არასაკმარისი საკანონმდებლო გარანტიები, საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი შეხედულებები და სახელმწიფოს მხრიდან თანასწორუფლებიანობის უზრუნველსაყოფად მიმართული ღონისძიებების სიმწირე არსებული რეგულაციების ეფექტურ განხორციელებას აფერხებს.

ნინო ლომჯარიამ ისაუბრა ასევე ქალთა მიმართ ძალადობის მასშტაბების შესახებ. მისი ინფორმაციით, პრობლემას წარმოადგენს გენდერული ძალადობა და ფემიციდის მაღალი რიცხვი. მისი შეფასებით, 2017 წელს სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა "ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ" ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებით. ასევე, დადებითად შეაფასა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა, თუმცა მისივე განცხადებით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მიღწევა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, სადაც გენდერული "მეინსტრიმინგი" არ განხორციელებულა.

ნინო ლომჯარიას შეფასებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზების უზრუნველსაყოფად, გამოწვევად რჩება საგამოძიებო უწყებების მხრიდან უფლებაში ჩარევის საქმეების დროული და ეფექტური გამოძიების წარმოება. ჯანმრთელობის უფლების დაცვის თვალსაზრისით, პრობლემურია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის საკითხი, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობის სავარაუდო ფაქტებზე ეფექტური რეაგირების მექანიზმის არარსებობა. მისი მოსაზრებით, დღეისათვის სოციალური უზრუნველყოფის ძირითად პროგრამად ქვეყანაში კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული სხვა გასაცემლები რჩება.

როგორც მან აღნიშნა, ბავშვის უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმულ პოზიტიურ ნაბიჯებთან ერთად, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს არსებული სისტემების გაძლიერება და ახალი სერვისების შექმნა. ასევე, პრობლემად რჩება ბავშვის დაცვა ძალადობისგან და პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება. ნინო ლომჯარიამ ისაუბრა 2017 წელს ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და დარჩენილ გამოწვევებზე. მისი თქმით, შშმ პირთა განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, აბილიტაცია–რეაბილიტაციის, შრომისა და დასაქმების, მისაწვდომობის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების სათანადოდ რეალიზების საკითხი.

სახალხო დამცველის განცხადებით, ის აგრძელებს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასებას და ანგარიშში მიუთითებს, რომ 2017 წელი, წინა წლების მსგავსად, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ყველაზე მასშტაბური პროცესით გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა, დევნილთა დიდ ნაწილს კვლავ უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება. ანგარიშში სახალხო დამცველი დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით, საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე გადასვლის აუცილებლობაზე მიუთითებს და მზაობას გამოთქვამს ამ მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან.

მისი თქმით, დაბალია შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და მასთან დაკავშირებული გამოძიების ნაწილი.

"შრომის უსაფრთხოების სტანდარტები და გამოძიების ნაწილიც არაეფექტურია და რეალურად პასუხისმგებლობა რამდენიმე შემთხვევაში დადგა. ესეც ახალისებს დაუდევრობას და გულგრილ დამოკიდებულებას უსაფრთხოებისადმი. როდესაც განიხილებოდა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი, რომლის მიღებასაც მივესალმებით, დარჩა რამდენიმე საკითხი გაუთვალისწინებელი. პირველ რიგში, ეხება იმას, რომ ინსპექციის საქმიანობა ანუ საზედამხედველო საქმიანობას დაექვემდებარა მხოლოდ მძიმე და მავნე პირობებიანი შრომა. მაშინ, როდესაც იმავე ევროკავშირის დირექტივებით ყველა ტიპის შრომა უნდა იყოს უსაფრთხო", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების თაობაზე საკუთარი პოზიციები, უწყებების შესაბამისად, გამოთქვეს იუსტიციის სამინისტროს, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
16:38 / 25.04.2024
წყალტუბოში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთი ადამიანი დაჭრეს.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში
არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.
13:02 / 25.04.2024
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა თერჯოლის მუნიციპალიტეტს თავის საკუთრებაში არსებული, გარე განათების მეორადი სანათები გადასცა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.