ახალი ამბები
საია საგანმანათლებლო დაწესებულებებში მანდატურის უფლებამოსილების გაზრდას კრიტიკულად აფასებს
FaceBook
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საქართველოს განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მიერ წარდგენილ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"საია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტში წარმოდგენილ შემდეგ საკითხებზე: ა) მანდატურის მიერ არასრულწლოვანის ზედაპირული დათვალიერება; ბ) მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება; გ) მანდატურის მიერ მოსწავლის შეყოვნების მექანიზმის გამოყენება; დ) მოსწავლის პერსონალური მონაცემების დაცვა.

ა) მანდატურის მიერ არასრულწლოვანის ზედაპირული დათვალიერება - კანონპროექტის თანახმად, "ზედაპირულმა დათვალიერებამ" ჩაანაცვლა "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში არსებული "პირადი გასინჯვა." იმის მიუხედავად, რომ მათი მიზანი იგივე დარჩა, ზედაპირული დათვალიერებისას გაიზარდა მანდატურის მოქმედების სფერო და უფლებამოსილებები და შემცირდა მტკიცების სტანდარტი.

პირველ რიგში, კანონპროექტით გაფართოვდა ზედაპირული დათვალიერების გამოყენების არეალი და გავრცელდა არა მხოლოდ მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის დარღვევაზე, არამედ დაემატა "შესაძლო სამართალდარღვევა," რომლის განმარტება კანონის პროექტში არ არის წარმოდგენილი და ბუნდოვანია. გარდა ამისა, ზედაპირული დათვალიერების საფუძვლად განისაზღვრა "საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის" და შემცირდა პირადი გასინჯვისას არსებული "დასაბუთებული ვარაუდის" სტანდარტი. ასევე, ზედაპირულ დათვალიერებას ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური, როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე სკოლის ადმინისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მაშინ როდესაც, პირადი გასინჯვა შეიძლება ჩატარებულიყო მხოლოდ დირექტორის ან დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.

ბ) მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება

კანონპროექტი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც მანდატურის მიერ ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორისაა: ა) სამართალდარღვევის აღკვეთა; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი პირის თავდასხმის მოგერიება; გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს მისთვის წინააღმდეგობის გაწევა; დ) სამართალდამცავი ორგანოსათვის წარსადგენად დამნაშავის შეპყრობისას, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ პირი მიიმალება ან ზიანს მიაყენებს გარშემომყოფებს.

მიგვაჩნია, რომ მანდატურის მიერ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება სამსახურებრივი უფლებამოსილებისას მისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო უპირობოდ არ უნდა იყოს შესაძლებელი და მანდატურს არ უნდა ჰქონდეს ფართო უფლებამოსილება შეაფასოს ესე თუ ის ქმედება გამოიწვევს თუ არა მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლას. პირველ რიგში, კანონპროექტმა უნდა დაადგინოს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მანდატურისათვის წინააღმდეგობის გაწევად. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ მანდატურს საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ხელის შეშლის გამო, ფიზიკური ძალის და სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა შეეძლოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი უწევს ფიზიკურ წინააღმდეგობას და საფრთხეს უქმნის მანდატურის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და არა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მოსწავლე არ ემორჩილება მანდატურის მოთხოვნას", - ნათქვამია საიას განცხდებაში.

კანონპროექტის მიხედვით, სკოლებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეო კამერების არსებობა გახდება სავალდებულო. ვიდეოკამერები სკოლის მთელ ტერიტორიას და გარე პერიმეტრს დაფარავს. ასევე, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, კიდევ უფრო გაიზრდება კოორდინაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის. კერძოდ, სკოლაში რიკს-ჯგუფების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებისა და სკოლის გარეთ დანაშაულის პრევენციის მიზნით, მოხდება სამინისტროებს შორის სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის გაცვლა;
სკოლაში მოსწავლეთა შორის კონფლიქტის განეიტრალების და სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების პრევენციის მიზნით, მანდატურს ექნება მოზარდის შეყოვნების და მშობლისთვის და სამართალდარღვევის შემთხვევაში, პოლიციისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინების ვალდებულება;


"ზოგადიგანათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებთა პროექტის წარდგენა საქართველოს პარლამენტს უახლოეს მომავალში იგეგმება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის
წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე
იწვევენ.
12:08 / 20.04.2024
ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა ლომინაძეს შეხვედრაზე იწვევენ.
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული
კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.
11:02 / 20.04.2024
„ქალები ვირჩევთ ევროპას“ - ამ სახელწოდებით, ქუთაისში, რუსული კანონის წინააღმდეგ დღეს აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.