ანონსი
ქუთაისში, 15 აპრილს, რუსული კანონის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა
FaceBook
15 აპრილს, იურიდიული კომიტეტის მიერ "რუსული კანონის" განხილვის პარალელურად, თბილისსა და ქუთაისში აქცია გაიმართება.
რიგითი ქუთაისელები, სამოქალაქო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები, 10 საათზე, მერიასთან შეიკრიბებიან და ხელისუფლებას კიდევ ერთხელ ეტყვიან, რომ ამ კანონის მიღების წინააღმდეგები ვართ.

აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, რომ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის ხელახალი ინიცირება, კანდიდატის სტატუსის ფონზე, სახელმწიფო ინტერესებთან შეუთავსებელია.

"ხელისუფლება ცალსახად წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც გარანტია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის. შესაბამისად, კანონპროექტის ხელახალი ინიცირება ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას, ზიანს აყენებს სახელმწიფოს საერთაშორისო დონეზე და ლახავს ქვეყნის რეპუტაციას. ამ კანონის მიღება საბოლოოდ დაასამარებს საქართველოს მოსახლეობის ისტორიულ მიზანს – გახდეს ევროკავშირის წევრი”, - განმარტავენ სამოქალაქო სექტორში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად "ჩაგდებული" პროექტის ანალოგიურია.

კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.

კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, პირველად, გასულ წელს, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“, მიერ დარეგისტრირდა. მას პირველ მოსმენაზე 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, რასაც საზოგადოების მასობრივი პროტესტი მოჰყვა, ამიტომ მთავრობას მისი უკან გაწვევა მოუწია.

ამასთანავე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ კანონპროექტს უკან აღარ დააბრუნებდნენ, თუმცა ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ ხელმეორედ მაინც დააინიციირეს.

ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.

ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:57 / 19.04.2024
"არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით ქუთაისში, ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, დღეს, საპროტესტო აქციას გამართავენ.
14:30 / 11.04.2024
"არა რუსულ კანონს!"- ამ სახელწოდებით, ქუთაისში, კოლონადებთან, საპროტესტო აქცია გაიმართება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.