ახალი ამბები
მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა
FaceBook
ქუთაის–გაენათის ეპარქიის მეუფე კალისტრატეს წინააღმდეგ ქუთაისელი ჟურნალისტის, დალი ბარაბაძის სარჩელი, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ჟურნალისტი  მეუფე კალისტრატეს, 15 140 ლარის მითვისებაში ადანაშაულებს და მისი თქმით, კუთვნილი თანხის დაბრუნებას ითხოვს.

ჟურნალისტის სარჩელის განხილვას ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მეუფე კალისტრატე და ეპარქიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროცესზე დალი ბარაბაძემ, რომელიც 2004 წელს დაარსებულ საპატრიარქოს რადიოს "კვალი ნათელი" 2007 წლამდე ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ მეუფე კალისტრატემ მის მიერ ქუთაისის მერიისგან რადიოს ფუნქციონირებისთვის მიღებული 8000 ლარი მიითვისა.

პროცესზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, ქუთაისის მერიამ 2006 წელს ქუთაის–გაენათის ეპარქიას 33 000 ლარი გადაურიცხა. დალი ბარაბაძე კი ამტკიცებს, რომ ამ თანხიდან 8000 ლარი მან პირადად რადიოსთვის მოითხოვა.

ქუთაისის მერიის საფინანსო სამსახურის მიერ 2017 წელს გაცემული დოკუმენტის მიხედვით კი,  2006 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ეპარქიისთვის გაცემული თანხის მიზნობრიობა  მითითებული არ არის.

დალი ბარაბაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სწორედ იმიტომ, რომ მეუფე კალისტრატეს ეს თანხა მიეთვისებინა, რადიოს თანამშრომლები და მათ შორის, ხელმძღვანელი,  დალი ბარაბაძე სამსახურიდან გაათავისუფლა.

მომხდარის შემდეგ, დალი ბარაბაძემ ეპარქიის დაქვემდებარებაში არსებულ  რადიო "ივერიაში" კორესპონდენტად  დაიწყო მუშაობა. თუმცა, როგორც ჟურნალისტი ამბობს, მას შემდეგ,  რაც მან მეუფე კალისტრატეს შესახებ  ერთი-ერთ ადგილობრივ გაზეთში სტატია გამოაქვეყნა, სადაც მას თაღლითობაში ადანაშაულებდა, მეუფის ბრძანებით "ივერიიდანაც"  გაათავისუფლეს. როგორც  დალი ბარაბაძე აცხადებს, გათავისუფლების შესახებ ბრძანება მას მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2016 წელს ჩაბარდა.  შესაბამისად, ის მიიჩნევს, რომ ეპარქიას მის წინაშე სახელფასო დავალიანებაც აქვს, ჯამში 7 140 ლარის ოდენობით.

"მეუფე კალისტრატემ დღეს მოახდინა ფსიქოლოგიური ზეწოლა როგორც სასამართლოზე, ასევე ჩემზე. მან ამ მძიმე მარხვაში, იმის ნაცვლად, რომ მღვდლებს მსახურება ჩაეტარებიათ, სასულიერო პირების მობილიზაცია მოახდინა. თუმცა, ეს არ შემიშლის ხელს, რომ ჩემი სიმართლე დავამტკიცო", – განაცხადა დალი ბარაბაძემ პროცესზე.

მომჩივანი ჟურნალისტის ბრალდებას არ ეთანხმება დაცვის მხარე, თუმცა, არ უარყოფს, რომ მეუფემ ჟურნალისტი "ივერიიდან" სწორედ ხსენებული სტატიის გამო გაათავისუფლა.   რაც შეეხება  რადიოს გაუქმებას,  მათი თქმით,  მეუფე კალისტრატემ რადიო ლიცენზიის უქონლობის გამო გააუქმა, რაც ეპარქიაში შექმნილმა კომისიამ დაადგინა. კომისია კი ეპარქიაში მას შემდეგ შეიქმნა, რაც  დალი ბარაბაძემ  პრესაში მეუფე კალისტრატეს შესახებ მასალა  გამოაქვეყნა. თუმცა, როგორც ირკვევა, რადიო 3 წელი მუშაობდა ლიცენზიის გარეშე და ეპარქია ამ საკითხით მხოლოდ  მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დალი ბარაბაძემ კალისტრატეს შესახებ პრესაში დაწერა.

დაცვის მხარე ამბობს, რომ თავის დროზე, როცა დალი ბარაბაძემ საპატრიარქოს სახელით რადიოს გახსნისთვის ნებართვა ითხოვა,  მან მეუფე კალისტრატე მოატყუა და უთხრა  რომ შესაბამისი ლიცენზია ჰქონდა.

დალი ბარაბაძე არ უარყოფს, რომ რადიოს ლიცენზია არ ჰქონდა და აცხადებს, რომ ეს საჭიროებას არც წარმოადგენდა, რადგან,  ის საპატრიარქოს რადიო იყო.

მეუფე კალისტრატე ჟურნალისტის არგუმენტებს არ ეთანხმება. მან სასამართლო პროცესზე დალი ბარაბაძეს ცილისმწამებელი უწოდა.

"დალი ბარაბაძე არ არის მხოლოდ პიროვნება,  ის არის იმ სისტემის ნაწილი ჩვენს სამყაროში, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ სარწმუნოება შეურაცხყონ. ის არის ცილისმწამებელი და ბოროტმოქმედი", – განაცხადა მეუფე კალისტრატემ პროცესზე.

დალი ბარაბაძე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.