ახალი ამბები
გაუქმებული ატესტაცია და შეფასების ახალი სისტემა საჯარო მოხელეებისთვის
FaceBook
2017 წლიდან საჯარო სამსახურში ატესტაციას თანამშრომელთა შეფასების სისტემა ჩაანაცვლებს.

საჯარო მოხელეებზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების ხარისხს, "საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი" ახლებურად დაარეგულირებს.

ამიერიდან, საჯარო მოხელეები, ატესტაციის ჩაბარების ნაცვლად, რომელიც ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით 3 წელიწადში ერთხელ, მათი კვალიფიკაციის შემოწმების მიზნით ტარდება, დამსაქმებელთან ყოველწლიური ანგარიშით წარსდგებიან.

ცვლილებებს პოზიტიურად აფასებენ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებულები. იურისტები კი ამბობენ, რომ კანონში ბევრი ხარვეზია, რაც გამოსწორებას საჭიროებს.

შეფასების 4 დონიანი სისტემა, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეთა წლიური ანგარიშები შემოწმდება, საბოლოოდ განსაზღვრავს პირის კარიერულ წინსვლას ან პირიქით –დაქვეითებას. შეფასების წესს კი, საჯარო დაწესებულება თავად განსაზღვრავს.

საუკეთესო, კარგი, დამაკმაყოფილებელი, არადამაკმაყოფილებელი –ამ კრიტერიუმების მიხედვით შეფასდებიან საჯარო მოხელეები 2017 წლიდან. მათ კი ვინც ზედიზედ ორი წლის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელ შედეგს მიიღებს, ავტომატურად დაექვემდებარება სამსახურიდან დათხოვნას.

ამავე სისტემით იხელმძღვანელებენ საჯარო დაწესებულებები თანამშრომლების ფინანსური წახალისებისთვის.
ფიქსირებულ ხელფასზე დანამატს საჯარო მოხელეები ამიერიდან წელიწადში ერთხელ, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად მიიღებენ.

მკაცრი რეგულაციები არ აშინებთ ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში.

მერიისა და საკრებულოს თანამშრომელთა ნაწილს, საჯარო სამსახურში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ტრენინგები უკვე ჩაუტარდათ.

"მოხდება მოხელეთა თანამდებობების კლასიფიცირება , რაც გულისხმობს მოხელისთვის კლასის მინიჭებას, შეფასების შედეგებისა და სამსახურის სტაჟის მიხედვით. რაც შეეხება,   ტესტირების სისტემას, ეს არ არის პრობლემა, რადგან ნამდვილად არ გვყავს ისეთი თანამშრომლები, რომლებმაც შეიძლება არადამაკმაყოფილებელი შედეგი მიიღონ", –ამბობს ქუთაისის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ეკატერინე ნიკიფი.

"ეს აუცილებელიც იყო. ვფიქრობ, ახალი მოთხოვნები უფრო მოტივირებულს და შედეგზე ორიენტირებულს გახდის თანამშრომლებს",–ამბობს ქუთაისის მერიის სპორტის განყოფილების თანამშრომელი, სოფო კიკნაძე.

ქუთაისის მერი, შოთა მურღულია ამბობს, რომ თანამშრომელთა მიერ გაწეული შრომის ანგარიშის წარდგენის ტრადიცია, ადგილობრივ თვითმმართველობაში უკვე ორი წელია არსებობს.

"ჩვენ სამსახური გვიწერს ამ ანგარიშს, სამსახურს კი თავის მხრივ თანამშრომლები. შემდეგ ეს ყველაფერი ხვდება ჩემთან და წლის ბოლოს ყველა სამსახური ატარებს შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას. ჩვენ ორი წელია ამას ვაკეთებთ",–აცხადებს შოთა მურღულია.

როგორი უნდა იყოს საჯარო მოხელეთა შეფასების სისტემა, ამაზე ვრცლადაა საუბარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ,  მიმდინარე წელს ჩატარებულ კვლევაში. ნინო ცუხიშვილი, რომელიც ამ კვლევის ავტორია, მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დანერგილი სისტემის ანალოგის შესაქმნელად კიდევ ბევრი ცვლილება უნდა განახორციელოს და არასამთავრობო სექტორის მიერ შემუშავებული კონკრეტული რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

კვლევაში, სადაც ახალი კანონის ნაკლოვანებები ევროპის ქვეყნების მაგალითზეა განხილული, ნათქვამია, რომ ზოგ შემთხვევაში ევროპული სტანდარტები უფრო ლიბერალური და თანამშრომლის პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებულია, ვიდრე საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ". მაგალითად, რუმინეთში, საჯარო მოხელის მიერ დაბალი შეფასების მიღება მისი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი არ ხდება. არადამაკმაყოფილებელი შედეგების ორჯერ მიღების შემთხვევაშიც კი მას უფრო დაბალ პოზიციას სთავაზობენ. მისი თქმით,  საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი კანონის 107–ე მუხლის მე–3 პუნქტი კი პირდაპირ ამბობს, რომ საჯარო მოხელის მიერ ზედიზედ ორჯერ არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღება, არის მისი სამსახურიდან გათავისუფლების სავალდებულო საფუძველი.


ახალი კანონის მიხედვით, საჯარო მოხელისთვის გამოსაცდელი ვადა არის 1 წლიანი პერიოდი და იგი ამ ხნის განმავლობაში 4–ჯერ ექვემდებარება შეფასებას, მაშინ,როცა მმართველ პოზიციაზე მყოფ საჯარო მოხელეს, მისი ვალდებულებების სპეციფიკის მიუხედავად, წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეიძლება მოუწიოს შეფასების გავლა.

იურისტები მიიჩნევენ, რომ კანონის ეს მუხლი უნდა შეიცვალოს, გამოსაცდელი ვადა შემცირდეს 6 თვემდე და საჯარო მოხელემ მხოლოდ ერთხელ, გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ გაიაროს ეს პროცესი. მმართველ პოზიციაზე მყოფ მოხელეს კი საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეს დამატებითი შეფასება.

გარდა ამისა, ნინო ცუხიშვილი თვლის, რომ შეფასების მეთოდის დადგენა საჯარო დაწესებულებებს ინდივიდუალურად არ უნდა შეეძლოთ.

"ვფიქრობ, ეს უფლება შესაძლოა გახდეს სხვადასხვაგვარი მიდგომის და არაერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების საფუძველი ადმინისტრაციულ ორგანოებში, ამიტომ უმჯობესია შერჩეულ იქნეს რამდენიმე მეთოდი მთავრობის მიერ და დადგინდეს მინიმალური სტანდარტები, რათა მთლიანად არ იყოს საჯარო დაწესებულებებზე გადაცემული ეს დისკრეცია",–აცხადებს ნინო ცუხიშვილი.

მისივე თქმით, ახალი კანონი ასევე არ ითვალისწინებს საჯარო მოხელის მიერ მიღებული შეფასების გასაჩივრების სპეციალურ წესებსა და პროცედურებს,რაც მისი ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საიას  კვლევაში ნათქვამია, რომ აუცილებელია სახელმწიფომ განსაზღვროს საჩივრის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების ვადები, რაც მკაცრადაა განსაზღვრული ევროპის ქვეყნებში.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სისტემის გამართვასთან ერთად მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ მოხდება ცვლილებების პრაქტიკაში იმპლემენტაცია.

"საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი" ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევა, რომლის პარალელურადაც კიდევ ორი კანონი უნდა ამოქმედდეს. 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
16:08 / 26.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.