ახალი ამბები
ქუთაისის ოთხ უბანში გველები მომრავლდნენ
FaceBook
ქუთაისის რამდენიმე უბანში მოსახლეობა სკვერებში, ავტოფარეხებში, ფერდობებზე და საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ქვეწარმავლების მომრავლებას უჩივის. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკი, ბუხაიძისა  და ნიკეას ქუჩები - ეს ის ადგილებია, სადაც გველების არსებობაზე საუბრობენ.

მოსახლეობის ნაწილი ქვეწარმავლების მომრავლებას მოუწესრიგებელ ეზოებს, ხოლო ნაწილი,  მდინარე ოღასკურის გაწმენდას უკავშირებს.

"დაკვირვებული ვარ სულ აგვიანდებათ ბალახის მოთიბვა. ოღასკურას მიმდებარე ტერიტორიაზე ისეთი მდგომარეობაა, რომ გველი კი არა მგელი დაიდებს ბუდეს. როცა იციან, ასეთი საფრთხის შემცველი გახდა დამშრალი ორასკურა, ბალახი ხომ მაინც უნდა გათიბონ", - ამბობენ ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები.



"მდინარე რომ გაწმინდეს, ალბათ, მანდ კერა ქონდათ და მერე დაიფანტნენ", - ამბობენ ადგილობრივები.





ბუხაიძის ქუჩა მდინარე ოღასკურას ესაზღვრება. ამ ქუჩის მკვიდრი ბენია ბრეგაძე გვიხსნის, რომ ბევრჯერ უნახავს დამშრალ მდინარეში ქვეწარმავლები.

"რამდენიმე დღის წინ გადავდიოდი ხიდზე და გველი ცურავდა წყალში. ვინმეს გამოძახებას აზრი არ აქვს, ვიდრე ისინი მოვლენ, ქვეწარმავალი აღარ  დახვდებათ. ზომები მანამდე უნდა იყოს მიღებული. მთავარია სახლში არ შემოგვივარდეს", - ამბობს ბენია ბრეგაძე.

სწორედ სახლის სამზარეულოში დააფიქსირეს გველი  ნიკეას ქუჩაზე #14-ში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში. 

"კუთხეში იყო დაკლაკნილი, რა თქმა უნდა, გამოიძახეს შესაბამისი სამსახური და მთელ ბინას დეზინფექცია ჩაუტარეს", - ამბობენ ნიკეას ქუჩაზე.

ქალაქში ქვეწარმავლების დასაფრთხობად დეზინფექციას ქუთაისის მერიის დაქვემდებარებული ააიპ "სპეციალური სერვისები" უკვე სამი წელია ახორციელებს. მანამდე სამუშაოებს შპს "ქუთაისის დეზინფექციისა და სპეციალური ეპიდემიის ზედამხედველობის სამსახური" ახდენდა. აღნიშნული სამსახური მოქალაქეებს კერძო მიმართვის შემთხვევაში  ახლაც ემსახურება. 

"სპეციალურ სერვისებში" განმარტავენ, რომ შეწამვლითი  სამუშაოები ყოველი წლის მაისიდან იწყება.

"სამუშაოებს ვიწყებთ მაშინ, როცა უკვე სახეზე გვაქვს ტემპერატურის მკვეთრი მატება. ვგულისხმობ გაზაფხულიდან ზაფხულზე გადასვლის გარდამავალ პერიოდს", - ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მჟავანაძე.

"სპეციალური სერვიების" ინფორმაციით, ამ დროისთვის შეწამლული და დამუშავებულია 3 2000 გრძივი მეტრის ტერიტორია ქალაქის მასშტაბით. მათივე თქმით, დღის განმავლობაში საშუალოდ 15 ობიექტისა თუ კონკრეტული მისამართის დამუშავება ხდება.

"რაც შეეხება მდინარე ოღასკურის გაწმენდას და  ხეობის დერატიზაციის პროცესს, ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება გახლდათ, რომლის არგანხორციელებაც მართლაც შექმნიდა საფრთხეს მდინარის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის", - ამბობს გიორგი მჟავანაძე.

ქუთაისში ქვეწარმავლის მიერ კბენის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ფაქტის შემთხვევაში ქალაქში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი უზრუნველყოფს შხამსაწინააღმდეგო პრეპარატით პაცინეტის დახმარებას.

"თუ დადგება აუცილებლობა, საავადმყოფოებმა იციან, უკავშირდებიან და მიაწვდიან ინფორმაციას საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრებს,  რომ ესაჭიროებათ შრატი. ჯერჯერობით ასეთი შემთხვევა დასავლეთ საქართველოში არ გვქონია", - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე,  კოტე გვეტაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ,
17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
08:13 / 18.04.2024
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტი, გუშინ, 17 აპრილს, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით
გამოეხმაურებიან.
15:30 / 17.04.2024
რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურებიან.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.