საზოგადოება
ქუთაისის #2 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის ხარისხს პედაგოგი აპროტესტებს
FaceBook
ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ხარისხს ამავე სკოლის პედაგოგი აპროტესტებს.

ნანული ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე მიმდინარეობს და გარდა ამისა, გამოყენებული სამშენებლო მასალები ეკოლოგიურად სუფთა არაა, არამედ ისინი მოსწავლეთა და პედაგოგთა ჯანმრთელობისთვის საზიანოა.

"ჯანმრთელი იატაკი აყარეს, ჭერი, რომლითაც შენობა კეთდება არის პლასტმასი. გარდა ამისა, ოთახები გადატიხრეს და შეამცირეს. მოვითხოვ, შენარჩუნდეს ის გარემო და გაკეთდეს ისეთი, რომ იყოს ესთეტიური და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო,"- აცხადებს ნანული ჟორჟოლიანი.

მისივე თქმით, დაწესებულების ხელმძღვანელი სკოლაში სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას თვითნებურად წყვეტს.

"მხოლოდ მან არ უნდა გადაწყვოტოს ასეთი მნიშვნელოვანი სკოლის ბედი,"- ამბობს #2 სკოლის პედაგოგი.

ნანული ჟორჟოლიანის თქმით, სკოლის დირექტორს, მურად ჯიშკარიანს ქალაქის ადგილობრივ ხელისუფლებასა და განათლების სამინისტროში მფარველები ჰყავს.

"ამიტომაც ტრაბახობს, რომ ეს მხოლოდ მან შეძლო და სხვა ვერც ერთმა დირექტორმა ვერ მოახერხა," - აცხადებს პედაგოგი.

მურად ჯიშკარიანი კი ამ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, მას მხოლოდ სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მეთვალყურეობა ევალება, რადგან სასწავლო დაწესებულების რეაბილიტაციისთვის ტენდერი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებულმა სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა. მისივე თქმით, პროექტი და დოკუმენტაციაც სწორედ ამ უწყებამ შეადგინა.

"სკოლას 40 წელია რემონტი არ ჩატარებია. არავითარი მფარველი არ მყავს არც მერიაში და არც სამინისტროში. ყველგან ხედავენ ჩემს მუშაობას," - ამბობს სკოლის დირექტორი.

გასულ წელს რეაბილიტაცია მეორე საჯარო სკოლაში მხოლოდ მე-2 სართულს ჩაუტარდა, რაზეც 400 000 ლარი დაიხარჯა. მიმდინარე წლის 28 აპრილს ერთ-ერთ საკლასო ოთახში ჭერი ჩამოვარდა.

სკოლის დირექტორმა, მურად ჯიშკარიანმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ შემთხვევის შემდეგ ადგილზე სპეციალისტები მივიდნენ და ჭერის ჩამონგრევის მიზეზად ორპირი ქარი დაასახელეს.

"მათი განცხადებით არანაირი დარღვევა არ ყოფილა. მხოლოდ ეს იყო, რომ ორივე ფანჯარა ღია ყოფილა და მოგეხსენებათ, ქუთაისში როგორი ძლიერი ქარი იცის", - ამბობდა მურად ჯიშკარიანი.

საკლასო ოთახში ჩამონგრეული ჭერი რამდენიმე დღეში აღადგინეს.

ამჟამად, რეაბილიტაცია სასწავლო დაწესებულების პირველ სართულზე მიმდინარეობს, რისთვისაც 700 000 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოებს მიმდინარე წლის 21 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში (SPA170005968) გამარჯვებული შპს "თაგი" ასრულებს. კომპანია, #2 საჯარო სკოლის გარდა, ქუთაისში კიდევ სამი სკოლის (#12, #22 და #35) სარეაბილიტაციო სამუშაოებს შეასრულებს. 



#2 საჯარო სკოლის დერეფანი პირველ სართულზე.



ერთ-ერთი საკლასო ოთახი, სადაც რემონტი მიმდინარეობს.

მურად ჯიშკარიანის თქმით, გარემონტდება ყველა საკლასო ოთახი, დერეფანი, სველი წერტილები და სპორტული დარბაზი, სადაც დამოუკედებელი საპირფარეშოები და საშხაპე ოთახებიც მოეწყობა.

მისივე თქმით, ამ თანხაში გათვალისწინებულია შშმ პირებზე ადაპტირებული ლიფტის დამონტაჟება.

ქუთაისის #2 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 3 სექტემბრისთვის დასრულდება.

სასწავლო დაწესებულებაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების ნებართვის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დავუკავშირდით. უწყებაში განაცხადეს, რომ ნებართვა და შესაბამისად, პროექტიც სააგენტოსთან შეთანხმებულია.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.