საზოგადოება
"მორიგეობით ვთბებით " - რეპორტაჟი ოგანეზოვების ოჯახიდან (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში სოციალურად დაუცველი ოგანეზოვებს ზამთრის სუსხიანი დღეების გადატანა უჭირთ.

ოჯახი სოციალური სტატუსის მოხსნის შემდეგ შეშის და შესაბამისად, გათბობის გარეშეც დარჩა.

საღებავგადაცლილი ჭიშკარი,  სახურავზე დაცურების პირას მყოფი ხავსიანი კრამიტები,
ავარიული სახლი, გათბობის გარეშე გატარებული ცივი დღეები და უიმედოდ დარჩენილი ოჯახის წევრები - ასეთ გარემოში ცხოვრობს სოციალურად დაუცველი ოგანეზოვების ოჯახი ქუთაისში, მწვანეყვავილას ქუჩაზე. 





ოგანეზოვების ხუთი წევრისგან შემდგარი ოჯახი თავს პირველ სართულს აფარებს.  რადგან ამორტიზებული სახლის მხოლოდ ეს ნაწილი მიაჩნიათ  უფრო საიმედოდ. 

ოჯახში გათბობის დრო საღამოა. 

"ერთი საათით ვანთებთ, მორიგეობით ვთბებით და 8 საათზე უკვე ვიძინებთ. ზოგჯერ, როცა დღეა და მზეა, გარეთაც ვთბებით," - ამბობს ოჯახის დიასახლისი, როზა ოგანეზოვი.

მძიმე საცხოვრებელ პირობებთან შეგუება ვერ შეძლო ოჯახის ყველაზე პატარა წევრმა. ოგანეზოვების მცირეწლოვანი შვილიშვილი ავად გახდა, რის გამოც გოგონა ერთი თვის წინ ნათესავთან გადაიყვანეს.

"თუ რამე თბილი გაგვაჩნია ყველა მას ეფარა. მაინც გაგვიცივდა. თანაც 15 ლარიანი საკვები ხუთლარიანით შევუცვალეთ და ვერ მიიღო. ამიტომ რძლის ოჯახში გავუშვით, ისინი გვეხმარებიან. იქ უფრო თბილად იქნება და მაძღარიც," - ამბობს როზა ოგანეზოვი.



ოჯახის დიასახლისის თქმით, მათი საარსებო მინიმუმი თვეში 150 ლარს შეადგენს. თუმცა ეს შემოსავალიც არასტაბილურია და ასეთ დროს აუცილებელი საკვები პროდუქტები მაღაზიის ნაცნობი გამყიდველიდან ნისიად გამოაქვს.

"ცხიმი, პური, ცოტა კარტოფილი და ესეც შენი ხუთი ლარი. უკვე ძალიან გვიჭირს თავის ყოველდღიურად გატანა, ამასწინ ისიც ვიფიქრეთ, რომ სახლი გაგვეყიდა, მაგრამ არავის სჭირდება ეს ნანგრევები," - ამბობენ სოციალურად დაუცველები.

ოგანეზოვების სახლის მეორე სართული ნახევრადდანგრეულია და კედლებზე შემორჩენილი ფანჯრების უმრავლესობას აღარც მინა აქვს.

საცხოვრებელის ამორტიზებულ კიბეზე ასვლა რთული აღმოჩნდა - "თუ დიდი ნაბიჯი არ გადაადგი, შეიძლება ფეხი ჩაგივარდეთ,"- გაგვაფრთხილა მასპინძელმა.


ოგანეზოვები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი პირობები ბოლო ათი წლის მანძილზე უცვლელია.  მათი თქმით, ერთადერთი  სიახლე ისაა, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით ვეღარ სარგებლობს.

"უბრალოდ, სახელმწიფო აღარ გვცნობს გაჭირვებულად," - აღნიშნავენ ოგანეზოვები.



სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო დახმარებას ისინი 2012 წლიდან იღებდნენ. თუმცა,  ფულადი შემწეობით სარგებლობა ოჯახს 2015 წლის აპრილიდან შეუწყდა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ოგანეზოვები სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილ 60 ლარიან დახმარებას იმ შემთხვევაში მიიღებდნენ, თუკი მათი სარეიტინგო ქულა 30 000–მდე იქნებოდა.

"რატომ მოგვანიჭეს 82 230 ქულა ასე უსამართლოდ არ მესმის. არც სახლი გაგვმაგრებია, არც ნივთები გვიყიდია და შემოსავალიც მხოლოდ მაშინ გვიჩნდება, თუ ვინმეს დალაგება სჭირდება, ან ნივთების გადაზიდვა," - ამბობენ ოგანეზოვები.



ოგანეზოვებისთვის ფულადი შემწეობის მიღების შეწყვეტის ერთ-ერთ მიზეზად, სააგენტოში სწორედ მუშაობის შესაძლებლობას ასახელებენ. თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ოჯახს დასაქმების მიზნით გადამზადება შესთავაზეს, რაზეც თავად თქვეს უარი.

სააგენტოს შეთავაზებაზე უარს ოგანეზოვები უნდობლობით ხსნიან და აცხადებენ, რომ მათ დასაქმების რეალური პერსპექტივები არ გააჩნდათ.

"ტყუილია ყველაფერი, ჩაგვიტარებდნენ ტრენინგს და გამოგვისტუმრებდნენ. იქ არავინ შეგვპირებია დასაქმებას," - ამბობენ ოგანეზოვები.

მათივე თქმით, სოციალურად დაუცველებს სტაბილურ სამსახურს სახელმწიფოს მსგავსად, ვერც კერძო დამქირავებლები პირდებიან.

"რამდენიმე თვის წინ დარაჯის პოზიციაზე დასაქმებისთვის რომ მივედი, ასე მითხრეს თეთრი თმა გაქვს და ვერ მიგიღებთო. რა გამოდის? სახელმწიფოც თავიდან გვიშორებს და კომპანიებიც. აი, ესაა სინამდვილე, კი არ ვიგონებ, მწარე გამოცდილებით ვამბობ, " - აცხადებენ სოციალურად დაუცველები.

სოციალური მომსახურების სააგენტოში კი ირწმუნებიან, რომ სურვილის და მზაობის შემთხვევაში ოგანეზოვებს დასაქმებაში დაეხმარებიან.

"ისინი სამუშაოს მაძიებლადაც არ დარეგისტრირებულან. თუ მოვლენ გაივლიან გადამზადებას ვპირდებით, რომ დავასაქმებთ და ოჯახს შემოსავალი გაუჩნდება," - აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სერვისცენტრში.

მათივე ცნობით, რაც შეეხება ოგანეზოვებზე სოციალური შემწეობის ხელახლა დანიშვნას და სტატუსის მინიჭებას, ამ საკითხის გადაწყვეტა ამ ეტაპზე ვერ განხორციელდება.

"თუ დაფიქსირდება მათ დეკლარაციაში რაიმე სახის ცვლილება, რაც მათი ხელახლა გადამოწმების საშუალებას მოგვცემს, შესაძლოა განმეორებით მიენიჭოთ ქულები," - აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.

იქამდე, კი ვიდრე სოციალური მომსახურების სააგენტო ოგანეზოვების დეკლარაციაში ხელახალი გადამოწმების საფუძველს იპოვიან, ან თავად ოგანეზოვები გადაწყვეტენ სახელმწიფოს დასქმების პროგრამებს ენდონ, ოჯახი კვლავ მძიმე პირობებში რჩება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 125 301 ოჯახი სარგებლობს საარსებო შემწეობით.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.