საზოგადოება
დამწვარი შენობების ბედი ქუთაისში
FaceBook

ქუთაისში გასულ წელს, ქალაქის ცენტრში ხანძრის შედეგად დამწვარი ორი ობიექტიდან, ერთს აუქციონზე გასატანად ამზადებენ, მეორე შემთხვევაზე კი გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.


საუბარია მწერალთა სახლისა და ქუთაისის თეატრალური საზოგადოების შენობებზე, სადაც გაჩენილ ხანძარს ობიექტების შესაძლო გასხვისების საკითხი მაშინვე დაუკავშირეს.

"არ დაველოდებით კონკრეტული პირის დაინტერესებას. მოვამზადებთ საკითხს და აუქციონზე გავიტანთ, დროებით საკუთარებაში გადასაცემად ან პირველ რიგში გასხვისების მიზნით", - ეს კომენტარი ქუთაისის ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძე მწერალთა სახლში ცეცხლის გაჩენიდან (2016 წლის 20 ივლისი) რამდენივე დღეში გააკეთა.

ობიექტის აუქციონზე შესაძლო გატანის შიში აქვს ქუთაისის თეატრალური საზოგადოების თავჯდომარესაც.

"ის დაიწვა, ეს დაიწვა მერე გაიყიდა. ამის შიში მაქვს, მტერს არ ძინავს. ეს პრეცედენტი ღმერთმა ნუ ქნას, თორემ ქალამანი კი არა, რკინის ფრთებსაც გამოვისხამ მაგის გულისთვის. არ მოესწრება შენობის გაყიდვას ვინმე", - ამბობს ქუთაისის თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ლევან როხვაძე.

ქალაქის ცენტრში, საღარაძის ქუჩა #12-ში მდებარე ორსართულიანი შენობა, რომელიც ხანძრის შედეგად განადგურდა, ამორტიზებული იყო. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე ლევან როხვაძე ამბობს, მისი რეაბილიტაცია საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის არ ქონის გამო ვერ მოხერხდა. სამაგიეროდ, საბუთის არარსებობას ხელი არ შეუშლია, ორგანიზაციას რამდენიმე ოთახი იჯარით გაეცა.

"წლების განმავლობაში ვირბინეთ და ვერ გავარკვიეთ, როგორ უნდა დავადგინოთ საკუთრების უფლება. კიდევ ამ საკითხზე ვმუშაობთ საჯარო რეესტრში. ახლა გვარდება ეს, ამ უბედურების შემდეგ", - ამბობს ლევან როხვაძე.

ის 37 წლის განმავლობაში შენობის დაურეგისტრირებლობას ბიუროკრატიული პროცესებით ხნის.

ქუთაისის თეატრალურ საზოგადოებაში განმარტავენ, რომ საკადასტრო კოდის მინიჭების შემდეგ, ეკონომიკის სამინისტრო ობიექტს ადგილობრივ თვითმმართველობას გადასცემს.

როხვაძე ამბობს, რომ თვითმმართველობის ბალანსზე გადაყვანის შემდეგ, შენობა ორგანიზაციას საკუთრებაში უნდა გადავიდეს.

ქალაქის ცენტრში, საღარაძის ქუჩა #12-ში (ყოფილი პუშკინის ქუჩა) არსებული ქუთაისის თეატრალური საზოგადოების შენობა 2016 წლის 9 დეკემბერს დაიწვა.

შემთხვევის დღეს, პირველადი ვერსიით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად ელექტროსადენების გაუმართაობა დასახელდა, რაც "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქუთაისის სერვისცენტრმა 9 დეკემბერსვე, განცხადებით უარყო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი, ვადით - ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით, ვადით - ორ წლამდე. საქმეზე გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ ვიდრე ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, ვერ მოხდება შენობის თვითმმართველობის ბალანსზე გადაყვანა.

გაიზიარებს თუ არა საღარაძის ქუჩა #12-ში მდებარე ობიექტი გასულ წლებში ხანძრის შედეგად დამწვარი შენობების ბედს და გაიტანენ თუ არა აქუცინზე გასაყიდად, ჯერჯერობით უცნობია.

"ამაზე მერე ვისაუბროთ, როცა ჩვენს ბალანსზე გადამოვა", - განმარატავენ ქუთაისის მერიაში.

სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, გრიშაშვილის ქუჩა #4-ში მდებარე მწერალთა კავშირის შენობას, ადგილობრივი თვითმმართველობა, გასხვისების მიზნით აუქციონზე მიმდინარე წელს გაიტანს. აღნიშნულ შენობაში გაჩენილი ცეცხლის ფაქტზე გამოძიება არც დაწყებულა.

ცეცხლის გაჩენიდან მეორე მეორე დღეს კი, ქუთაისიპოსტისთვის ცნობილი გახდა, რომ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე თემურ ლანჩავა ქუთაისის მერის მრჩევლად დაინიშნა.

გრიშაშვილის ქუჩა #4-ში არსებული მწერალთა სახლის ორსართულიანი ამორტიზებული შენობა ქუთაისის მერიის საკუთარებაშია. ადგილობრივ თვითმმართველობას ქონება, მათი მიმართვის შედეგად, ეკონომიკის სამინისტროსგან რამდენიმე თვის წინ გადაეცა.

მწერალთა კავშირის შენობას ბოლო 30 წელია რემონტი არ ჩატარებია. მერის მოადგილის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარებაში არსებულ ქონებას ვერ გაყიდიან, ობიექტის რეაბილიტაციას თავად მოახდენენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.