საზოგადოება
დაწესდება თუ არა შეზღუდვები აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე
FaceBook
"ენგურჰესს" აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებისთვის საკმარისი რესურსი 2017 წლის 15 თებერვლამდე აქვს.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში სიტუაციას საგანგაშოს უწოდებენ, იგივეს ამბობს ჰიდროელექტრო სადგურის გენერალური დირექტორი.

ლევან მებონიას თქმით, მიმდინარე წლის 15 თებერვლის შემდეგ აფხაზეთის რეგიონი შეზღუდვებს უნდა ელოდოს.

მისივე თქმით, საკითხი უახლოეს დღეებში, ქართული და აფხაზური მხარის შეხვედრის შემდეგ გაირკვევა.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, ამის მიზეზი კი დენის "უმოწყალო" ხარჯვაა.

მისივე თქმით, რეგიონში ქსელი დეგრადირებულია და დანაკარგები 20–30 %–ს შეადგენს.

"ისინი ხარჯავენ ხუთჯერ მეტს, ვიდრე რეალურად სჭირდებათ და ამაზე ისინი თვითონაც გვეთანხმებიან. ახლა კი მიადგნენ იმ ზღვარს, როცა ენგური აღარ ჰყოფნით", – ამბობს ილია ელოშვილი ქუთაისიპოსტთან საუბარში.

ენერგეტიკის სამინისტროში აფხაზური მხარის მხრიდან გარკვეულ ქმედებებს ელოდებიან. მინისტრის მოადგილე, განმარტავს, რომ სამინისტრო გონივრულობის ფარგლებში დახმარებისთვის მზადაა.

თუმცა, ილია ელოშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთისთვის დამატებითი ენერგიის მისაწოდებლად, საქართველოს მორალური, პოლიტიკური და ეკონომიური ვალდებულება არ აქვს.

"ვაცნობიერებთ რა საკითხის პილიტიკურ მხარეს, ჩვენთვის არაა სასურველი აფხაზეთში იყოს დენის გრაფიკი ან ჩაქრეს მთლიანად, ამიტომ გონივრულობის ფარგლებში მზად ვართ ნაბიჯები გადავდგათ, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი სისტემა გადავაყოლოთ პრობლემას, რომელიც აბსოლუტურად ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხდება. ახლა მათ მხარეს არის ბურთი და ველოდებით როგორ გადაწყვეტენ საკითხს", – აცხადებს ილია ელოშვილი.

მისი თქმით, ანალოგიურ სიტუაციაში საქართველო 2002–2003 წლამდეც იმყოფებოდა, მანამ სანამ არ დაიწყო ჯერ კომუნალური მრიცხველების პროექტი და შემდეგ ინდივიდუალური გამრიცხველიანება. ამის შემდეგ კი ქვეყანაში დენზე მოხმარება 13–ჯერ შემცირდა.

შპს "ენგურჰესის" ხელმძღვანელი, ლევან მებონია ქუთაისიპოსტთან განმარტავს, რომ მდგომარეობის აღმოსაფხვრელად მუშაობა მიმდინარეობს. მისი თქმით, 27 იანვრიდან გაირკვევა თუ რა ღონისძიებებს გაატარებენ მხარეები პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც კომპანიის დირექტორი დენზე მოხმარების გაზრდას უკავშირებს.

"ზამთრის პერიოდში აფხაზეთი ელექტროენერგიის 100%–ს მოიხმარს. წლის განმავლობაში კი 50–50–ზეა", – ამბობს შპს "ენგურჰესის" ხელმძღვანელი, ლევან მებონია.

აფხაზეთში ამჟამად გამრიცხველიანების სისტემა არ მოქმედებს. გალის რაიონის მოსახლეობა ბოლო წლებში, დენის მოხმარებისთვის ყოველწლიურად 4 800 რუსულ რუბლს იხდის. (კურსის ცვალებადობის მიხედვით, ეს თანხა 200–230 ლარამდე მერყეობს).

ჰიდროელექტრო სადგური თავის გამომუშავებულ ელექტრო ენერგიაში, ოკუპირებული აფხაზეთიდან, თანხას არ იღებს და მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხა აფხაზურ მხარეს რჩება.

ლევან მებონია არსებული სტუაციიდან გამოსავალს, გამრიცხველიანების ხარჯზე, ელექტრო ენერგიის მოხმარების შეზღუდვაში ხედავს.

"აღრიცხვის სისტემა უნდა მოწესრიგდეს. უნდა შეზღუდონ ელექტროენერგიის მოხმარება და უნდა დაიწყონ ფულის ამოღება. თუ ეს არ მოხდა, მსგავსი პრობლემის წინაშე მომავალ წლებშიც დავდგებით", – ამბობს მებონია.

გარკვეული საფასურის და აღრიცხვის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობენ ექსპერტებიც, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროენერგიის არაეფექტურად მოხმარება ხდება.

"ნებისმიერი რეგიონი, არის ეს ჩვენი კონტროლის ქვეშ თუ არა, გადასახადი უნდა დაწესდეს, რადგან, როცა ელექტრო ენერგიის უფასოდ მიწოდება ხდება, ყოველთვის მის არაეფექტურ მოხმარებასთან გვაქვს საქმე და ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა და არ გვაქვს იმხელა ბიუჯეტი, რომ ყოველწლიურად არაეფექტური ხარჯები დავფაროთ", – ამბობს მკვლევარი ენერგეტიკის საკითხებში, ანალიტიკური ცენტრის "სოფლის გამოცდილება საქართველოსთვის" წარმომადგენელი, გიორგი მუხიგულიშვილი.

მისივე განმარტებით, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული მთლიანი ენერგიის 60 % ქართულ მხარეზე, 40% კი აფხაზეთზე ნაწილდება.

დღესდღეობით, "ენგურჰესი" ერთადერთი ობიექტია, სადაც ქართველები და აფხაზები შეთანხმებულად მუშაობენ. მისი ინფრასტრუქტურის ნაწილი აფხაზეთის მხარეს, ნაწილი კი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.