საზოგადოება
კრეატიულად შეფასებული ლოგო დაწუნებული "ღიმილის ქალაქის" პირისპირ
FaceBook
ქუთაისის ტურისტული ლოგოსა და სლოგანის შესარჩევად მერიას წელიწადი და 4 თვე დასჭირდა.

249 ლოგოსა და 165 სლოგანში, ყველაზე დიდი მოწონება, სარეკლამო კომპანია HOLMS&WOTSON–ის მიერ წარმოდგენილმა ნამუშევარმა დაიმსახურა.

ლოგოზე თეთრ, ყვითელ და მუქ ლურჯ ფერებში გამოსახული ღიმილის ემოცია : ) <, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, იმ ადამიანურ ურთიერთობებს გამოხატავს, რომელიც ქუთაისს ახასიათებს, სლოგანი კი გადმოცემს, რომ ქუთაისი „ღიმილის ქალაქია“.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ლოგოს ფერებზე სამუშაო ჯგუფი ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ შეთანხმდა.

HOLMS&WOTSON–ის კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერის თქმით, ქუთაისის ლოგოს საბოლოო ფერები, როგორც შავ-თეთრ, ასევე, სხვა ფერის ფონებთან სრულად თავსებადია.

„თეთრი არის ნათელი, სუფთა, თეთრ ქვებთან და თეთრ ხიდთან ასოცირდება. ყვითელი მეგობრულია, ლაღი, თვალისმომჭრელი და დასამახსოვრებელი. მუქი ლურჯი კი ძლიერი, მკაცრი და კონტრასტულია, რაც საშუალებას იძლევა ყვითელი და თეთრი ფერი კარგად წარმოაჩინოს,“ - ამბობს კომპანიის კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, ლევან გომშიაშვილი.

ქუთაისის ტურისტული ლოგო სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" აქტიური განხილვის თემა იყო. მოსახლეობის ნაწილმა შერჩეული ვარიანტი დაიწუნა. ზოგიერთმა კი ის კრეატიულ ნამუშევრად შეაფასა.

ხვიჩა ვაშაყმაძე ერთ-ერთია, ვინც ქუთაისის ტურისტული ლოგო დაიწუნა. ის ფერების შერჩევით გადმოცემულ იდეას არ ეთანხმება და ვერც ქუთაისს აკავშირებს ღიმილის ქალაქთან.

„ევროპაშიც, როდესაც ვხედავ რაიმე ლოგოს, მას აღვიქვამ და ვგებულობ რა სურდა ეთქვა ავტორს - "შეხედე, აღიქვი, მოგეწონა". მას ახსნა განმარტებითი ბარათი არ სჭირდება. რაც შეეხება ღიმილს, ყველა ქალაქი შეიძლება იყოს ღიმილის,“ - ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

მისი თქმით, ქუთაისის მერიას გამარჯვებულის გამოვლენა არ უნდა დაეჩქარებინა.

„როგორც ვხვდები, უმჯობესი იქნებოდა დაექირავებინა კომპანია, რომელიც ლოგოს სპეციალურად ქუთაისისთვის დაამზადებდა,“ - ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

“1 თვის თავზე აღმოაჩინეს, რომ ქუთაისი იუმორის და სიცილის ქალაქი ყოფილა. მიშას ღიმილიანი საქართველო გამახსენდა. „ოდნოკლასნიკების“ ლოგო აგვეთვისებინა პირდაპირ. სასტიკად არ მომწონს ეს," - წერენ სოციალურ ქსელში.

თუმცა, ქუთაისის ტურისტულ ლოგოს მხოლოდ უარყოფითად არ აფასებენ.

ანზორ კაჭახიძე, რომელიც სარეკლამო კომპანია „ივერია ბიზნეს ჯგუფის“ ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ქუთაისის ტურისტული ლოგო ზუსტად პასუხობს კალენდარზე არსებულ დროსა და რეალობას.

„20 წელზე მეტია სარეკლამო ბიზნესში ვარ, ვერ წარმოვიდგენდი თუ ქუთაისის რომელიმე ლოგო მომეწონებოდა, მაგრამ ამ წარმოდგენილმა პროექტმა აღფრთოვანებაში მომიყვანა.

ხისტად მიმაჩნია, რომ ლოგო უნდა შეარჩიოს არა ქუთაისელებმა, არამედ ხალხმა, რომელმაც უნდა იმუშავოს ამ ლოგოს ქვეშ ქუთაისის რეკლამირებასა და წარმოჩენისათვის. ამ ლოგოს ქვეშ კი სარეკლამო კომპანიებს გაუადვილდებათ კრეატივის შექმნა. ლოგოს გამოყენება არ უნდა ჯდებოდეს ძვირი, არაგარდამავალი და მკვეთრად დადგენილი ორი ფერი კი ამის საშუალებას იძლევა,“ - ამბობს ანზორ კაჭახიძე.

ის ლოგოს შექმნის პროცესში საზოგადოებაში არსებულ სხვა იდეებსაც ეხმაურება, რომლის მიხედვით, ქალაქის ტურისტულ ლოგოდ დინოზავრები, ისტორიული ნაგებობები, თეთრი ქვები და ხიდი განიხილებოდა. ანზორ კაჭახიძის თქმით, აღნიშნული იდეების ლოგოზე გამოტანა არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა და ამის რამდენიმე მიზეზს ასახელებს.

„მიმაჩნია, რომ დინოზავრების გამოსახვა ლოგოზე შემდეგში პრობლემებს შექმნის. ერთი ისაა, რომ ქალაქში სტუმრობისთვის არ ვიხმობთ მხოლოდ პალენტეოლოგებს; მეორე, ხვალ შეიძლება სათაფლიაზე და დინოზავრების გამოყენებაზე პრეტენზიები გამოთქვას წყალტუბომ.

ბაგრატის ტაძრის გამოყენებაც არ იქნება სწორი - ჯერ იმიტომ, რომ ბაგრატი აღდგენილია და ტურისტებისთვის მიმზიდველი ნანგრევები უფრო იქნებოდა, ვიდრე რამოდენიმე წლის წინ გადახურული ტაძარი. მეორეც, ქრისტიანული ტაძრის წინ წამოწევით ვუგზავნით კი მესიჯს სხვა რელიგიური აღმსარებლობის მქონე ტურისტებს რომ აქ მათთვის საინტერესო ქალაქია?!

თეთრი ხიდი და თეთრი ქვები საინტერესოა, მაგრამ კრეატივისთვის, ვფიქრობ რომ, მოუქნელი“, - ამბობს ანზორ კაჭახიძე.

მისი თქმით, ქუთაისი იყო თეატრის და კულტურის ქალაქი, შემდეგ ინდუსტრიის, ქურდების, სავარდო და სამაისო ქალაქი.

„ახლა ქუთაისი იუმორის ქალაქია. არ გვეღიმება, მაგრამ გავიღიმოთ უნდა. ერთადერთი, რითაც აქ შეიძლება ტურისტები მოვიზიდოთ, ჩვენ ვართ! ღიმილით და იუმორით სავსე ხალხი,“ - ამბობს ანზორ კაჭახიძე.

ქალაქის ტურისტულ ლოგოს კარგ მიგნებას უწოდებს ქუთაისში მცხოვრები, ლევან ჭანჭალეიშვილი.

მისი თქმით სიმბოლოები, რომლისგანაც ლოგომ საბოლოო სახე მიიღო, ადვილად აღსაქმელი და დასამახსოვრებელია. ლევან ჭანჭალეიშვილის აზრით, ლოგოს ერთადერთი ნაკლი მისი ფერებია.

„ეს სიმბოლოები მსგავსი ინტერპრეტაციით აუთვისებელი იყო. სოციალურ ქსელშიც, როდესაც დაიწერება ლოგო, უკვე ქუთაისის მიმანიშნებელი იქნება. მომავალში ის უფრო დაიხვეწება და საინტერესოდ აიკინძება. თუმცა, სხვა ფერები შეიძლებოდა გამოეყენებინათ,“ - ამბობს ლევან ჭანჭალეიშვილი.

სარეკლამო კომპანიაში HOLMS&WOTSON აცხადებენ, რომ ქუთაისის ტურისტული ლოგო და სლოგანი ურთიერთობებზეა გათვლილი, რომელიც ტურისტს ქუთაისში კვლავ დააბრუნებს.

„კარგი მოგონებები უნიკალურია და არ მეორდება. სწორედ, ასეთი მოგონებების გამო უნდა დაბრუნდეს ადამიანი ქუთაისში,“ - ამბობს კომპანიის კლიენტებთან ურთიერთობის მენეჯერი, ლევან გომშიაშვილი.

ქუთაისიპოსტმა ტურისტული ლოგო ქალაქში მყოფ ტურისტებსაც შეაფასებინა.



ქუთაისის მერიის მიერ ლოგოსა და სლოგანის კონკურსში გამარჯვებული კომპანია HOLMS&WOTSON ლოგოს დიზაინისთვის 5000 ლარს, სლოგანის ტექსტისთვის კი 1000 ლარს მიიღებს.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.