საზოგადოება
მეშახტე ქალები „სიცოცხლის ქალაქიდან“ (ვიდეო/ფოტო)
FaceBook
"სიცოცხლის ქალაქში" სულ სიკვდილს უყურებენ თვალებში. რაც უფრო ღრმად ჩადიან შახტში, მით უფრო მძაფრდება სასიცოცხლო ემოციები, ისევე, როგორც ერთმანეთის მოფრთხილების სურვილი.

იქ მუდმივად მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ, - უსაფრთხოებაზე.


მინდელის სახელობის შახტის მიმდებარე ტერიტორია გარედან

შახტი ის ადგილია, სადაც ადამიანი ადამიანობის ურთულეს ტესტს აბარებს. ყველა მეშახტეს, ვინც იქ მუშაობს, ეს გამოცდა უმაღლეს ქულებზე აქვს ჩაბარებული, - ასე ახასიათებენ შახტის ბუნებას ლამარა, ნატო და მაკა, - მეშახტე ქალები ტყიბულიდან.



მაკას არ ახსოვს, უამბეს, რომ ტანზე შემოხეული ტანსაცმლით შახტთან იდგა და ბოლო ხმაზე "ბღაოდა". მანამდე მომხდარს კი ასე იხსენებს:

"შახტში რაღაც შემთხვევა მოხდა, ბიჭები სადღაც ჩავარდნენ, მკვდრები მეგონა, რა აღარ წარმოვიდგინე ,მივვარდი,ცოცხლები იყვნენ, კანკალს ვერ ვიკავებდი, წყალი მოვიძიე სადღაც, ჩემი მოსაცმელი გავიხადე და რომელიღაცას მოვახურე, თან ვამშვიდებდი, ვეფერებოდი, მთავარი იყო რომ ცოცხლები გადარჩნენ, ამასობაში სხვებიც მოვიდნენ და გარეთ გამოვედი. რამდენიმე ხნის შემდეგ ერთ-ერთი მეშახტე საჩუქრით მომადგა, მე ვერ ვიცანი რომელი იყო თვითონ გამახსენა თავი - რომ მასულიერებდი და შენი მოსაცმელი ჩამაცვი, ის მეშახტე ვარო, " - ყვება მაკა.


მაკა გოტიაშივილი მინდელის სახელობის შახტში

ადამიანობის ტესტს ტყიბულში სწორედ ასეთ სასტიკ გამოცდას უწოდებენ. მობილიზების უნარი, სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვერდში მდგომის მიმართ შახტში სიცოცხლედ ფასობს. ემოციის ადგილი მიწისქვეშ არ არის.

შახტის პირქუშ, ბრუტალურ გარემოში მოვედრასა და მუშაობაზე არც ერთს არ უოცნებია. ქალები ამ ადგილას, შახტზე უფრო რთულმა მოცემულობამ, ცხოვრებამ მიიყვანა.

შახტში პროფესიონალებად იქცნენ, საჭირო კადრებად, რომელთაც შემცვლელი ძნელად გამოენახებათ.


ნატო კეთილაძე შახტში მემანქანედ მუშაობს

"თქვენ, მაგალითად, შეგცვლიან, სხვას გამოუშვებენ ჩვენთან ინტერვიუს ჩასაწერად, მაგრამ ჩვენი სამსახური ისეთია, ჩვენს საქმეს ჩვენს გარდა სხვა ვერავინ გააკეთებს. აქ არც ჩაწყობა გამოვა და არც ნაცნობობა. ყველა ვინც შახტში ჩადის თავისი საქმის მცოდნეა", - ამბობს ნატო კეთილაძე.

მაკა გოტიაშვილი და ნატო კეთილაძე კომპანია საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის, მინდელის სახელობის შახტის საკვანძო უბანში შახტის ამწეს მემანქანეებად მუშაობენ. ამ უბანს საშახტო აწევა ევალება. უბანზე სამი ე.წ. ჭაურია. იგი რამდენიმე სამუშაოს ასრულებს: ხალხი ჩაყავს და ამოყავს 250, 300, 400 მეტრი სიღრმიდან, ტვირთიც ამოაქვს შახტიდან - 12 ტონა ნახშირი ერთ აწევაზე.

საქმე მაქსიმალურ კონცენტრაციას და ყურადღებას ითხოვს. დაუდევრობას, მოშვებას პრაქტიკულად არ პატიობს. ამაზე შეიძლება მერე სხვას მოუწიოს პასუხისგება, თანაც სიცოცხლით. ეს რადიკალური პირობა, რასაც შახტი მეშახტეს წინაშე აყენებს, ყველას გააზრებული აქვს.
"თუკი არ ვართ ხასიათზე, რაღაც პრობლემა გვაქვს, ამაზე ფიქრი შახტის გარეთ უნდა დავტოვოთ. აქ შემოვდივართ მთლიანად საქმეზე მომართული გონებით. ეს არის ჩვენი საქმის სპეციფიკა", - ამბობს მაკა.

ტყიბულში ერთი კანონზომიერება მოქმედებს - ამ ქალაქში მცხოვრები ოჯახებიდან ერთი წევრი მაინც მუშაობს შახტში. მაკას და ნატოს მეუღლეები სხვა პროფესიის იყვნენ, მაგრამ ეს არ ასცდათ ცოლებს. ახალგაზრდები დაქვრივდნენ, ოჯახის რჩენის სიმძიმე მარტოებს დააწვათ. დაობლებული შვილების სარჩენად ორივე რთულ გზას დაადგა, რომელმაც შახტაში მიიყვანა. შახტის ამწეს მემანქანის სპეციალობის სპეციფიკას მაკა 7 და ნატო 12 წელია იცნობს. დღეს იმ დამოკიდებულებით შრომობენ. რომელიც შორს არ არის სიყვარულიდან. 

"საქმეს გაყვარებს ხალხი, ის დამოკიდებულება რაც მეშახტეებს შორის არსებობს, სხვა სამსახურში არამგონია იყოს. პატივისცემასა და სიყვარულზეა დაფუძნებული ურთიერთობა, განსაკუთრებით ქალი თანამშრომლების მიმართ. სულ ორნი ვართ, ბევრ მეშახტეს სახეზე ვერ ვცნობთ, შახტიდან რომ ამოდიან მხოლოდ თვალების ადგილი აქვთ თეთრი, გამურულები არიან. მაგრამ მიკროავტობუსში ვინმემ ბილეთი რომ აგვიღოს, ან ქუჩაში მოგვესალმოს უკვე აღარ გვიკვირს, რომელიმე ჩვენი მეშახტე იქნება",- ამბობს მაკა.

ქალებს შახტში შრომის არ ეშინიათ. მათ უფრო მეტად უშახტობა აშინებთ. აფრთხობთ შახტის დახურვის ალბათობა.
მინდელის სახელობის შახტი გასული წლის ივლისის თვიდან აღარ მუშაობს აქ მომხდარი ტრაგედიების გამო, რომელსაც ათი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

მეშახტე ქალები ამ ადამიანებს ტკივილით იხსენებენ.

ისინი საუბრობენ უსაფრთხოების ნორმების დაცვის აუცილებლობაზე, კომპანიისა და თითოეული მეშახტის პასუხისმგებლობაზე. ეს თემები ამძიმებს მათ საუბარს, ცვლის ხმის ტემბრს, მზერას.

თუმცა, მაინც ცდილობენ ყოველი შეხვედრა უფრო ლაღი იყოს ვიდრე მათი რეალობაა. ალბათ, ამიტომ ისინი საუბრობენ გაჩერებულ შახტზე, ოჯახზე, კურიოზულ შემთხვევებზე.. საუბრობენ ყველაფერზე... ოღონდ შახტში მომხდარ უბედურ შემთხვევებზე ნაკლებად.



მათზე მძიმედ მოქმედებს ტყიბულის "სიკვდილის ქალაქად" მოხსენიება.

"ტყიბული არ არის "სიკვდილის ქალაქი", როდესაც ტყიბულზე ასე ამბობენ საშინლად დამთრგუნველად მოქმედებს ტყიბულელებზე. ჩვენ ცოცხლები ვართ, გვიყვარს სიცოცხლე. ამიტომ ვაცოცხლებთ შახტს და შახტი აცოცხლებს ქალაქს, ეს ორი ერთმანეთზეა მიბმული", - ამბობს მეშახტე ნატო კეთილაძე.

ქალაქს აცოცხლებს ლამარა ბერიანიძეც, მარკშეიდერი ტყიბულის შახტიდან.


ლამარა ბერიანიძე მუშაობის პროცესში

63 წლის ლამარა ბერიანიძე მარკშეიდერია. როგორც აღმოჩნდა ყველა შახტს ჭირდება ერთი-ორი კარგი მარკშეიდერი. შახტისა და იქ მომუშავე ადამიანების ბედი დიდწილად მარკშეიდერის პროფესიონალზმსა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.

მარკშეიდერი უშუალო მონაწილეობას იღებს შახტის დღის, თვის, წლის გეგმების შედგენაში. მის კომპეტენციაშია მიწისქვეშა გვირაბებისთვის მიმართულების მიცემა, კოორდინატების დაგეგმვა, მონგრეული ნახშირის გამოცარიელებული სივრცის აზომვა, ნახაზის შედგენა დ ა ა.შ. დ ა ა.შ. ამ ნახაზით მუშაობს მთელი შახტი.
ყველა ეს საქმე ხორციელდება მაქსიმალური სიზუსტით. ერთ გრადუსში შეცდომაც დაუშვებელია.

"საექსპლუატაციო უბანში, რაც ხდება ყველაფერი მარკშეიდერის პასუხისმგებლობის ქვეშ არის", - ამბობს ლამარა ბერიანიძე.

ლამარამ 36 წლის განმავლობაში მის საქმეში სიზუსტე დაიცვა. ერთი წელია რაც პენსიაზე გავიდა, უფრო ზუსტად გაუშვეს. კომპანიამ უხეში ფორმით დაითხოვა მისი პენსიონერი თანამშრომლების ნაწილი.

მარქშეიდეირი თანამშრომლებთან

ზედა ეშელონებიდან არც ლამარასთვის უთქვამს ვინმეს მადლობა, მისი რთული სამუშაოს 36 წლიანი უშეცდომო შესრულებისთვის.
კომპანიის მაღალ ეშელონებში უხეშობის უფლებას აძლევენ თავს. იმიტომ, რომ ისინი ვერ ხედავენ და არ უყურებენ რა ხდება უშუალოდ შახტში. მიაჩნია ლამარას.

"ამას ვერ აღწერ. ეს უნდა განიცადო,ვისაც არ უნახავს წელზე თოკმობმული მუშა როგორ ჩადის ლავში, როგორ ბურღავს, როგორ დგამს ბიგს დ ა მერე იგივე თოკით როგორ ამოდის, ვერ გაითავისებს რამხელა საქმეს აკეთებს მეშახტე. შორიდან ყურებით ვერ მიხვდები იქ რა ხდება. ზღაპარივით მოგეჩვენება", - ამბობს ლამარა ბერიანიძე.

შახტი ძალიან თრგუნავს, მასთან პირველი შეხებისას გაქცევისა და თავის დაღწევის სურვილს აჩენს.
ლამარას ეს შიში არც პირველ ხანებში და არც მომდევნო პერიოდმი არ გაჩენია. შახტის პირქუში გარემო მშვიდად მიიღო. ცხოვრების არც თუ მარტივ და საოცნებო, მაგრამ საინტერესო გამოწვევად ჩათვალა.

ეს დამოკიდებულება ქონდა პროფესიის არჩევის დროსაც.

მარკშეიდერის პროფესია არაფერს ეუბნებოდა, სწორედ ამიტომ აირჩია - უცნობი და გაურკვეველი რომ იყო, ამან მიიზიდა.
მარკშეიერები იშვიათი სპეციალისტები არიან, კარგი მარკშეიდერი კიდევ უფრო იშვიათი.

ლამარამ შეძლო პროფესიის არარომანტიკულობის მიუხედავად თავისი საქმით სიამოვნება მიეღო.
სამაგიეროდ რომანტიკას სხვა რამეში ხედავდა. მან "ვეფხისტყაოსანი" ხელით გადაწერა, შახტიდან დაღლილი აქ აფარებდა თავს რუსთაველის დიდ სამყაროში.

თუმცა, შახტის გარეშეც არ შეეძლო. უჭირს დღესაც ამ საქმიდან ჩამოცილებულს.

"სიზმრებში ვნახულობ სამუშაო ადგილს, შახტსაც ცოდნია მონატრება ", - ამბობს ლამარა.

"შახტსაც ცოდნია სიყვარული", - ლამარას ნათქვამს ამატებენ ნატო და მაკა.

"ეს სიყვარული იმ განსაკუთრებული ადამიანებიდან მოდის ვინც შახტში მუშაობს", - ამბობს ნატო.
...
ტყიბულს  100 ქალი აცოცხლებს, რომელთაც დაძლიეს შიში და გადაარჩინეს ოჯახები. ტყიბულელი მეშახტე ქალები განსაკუთრებული უნარით - ქალაქის ბუნდოვან მომავალში თუ შახტის ბნელი ლაბირინთების ბოლოს - სინათლე დაინახონ.

ავტორები: ეკა კუხალაშვილი
თეკლე მორგოშია
ფოტო:       თეონა ჯანელიძე
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სინოდის სხდომის მოახლოებასთან
ერთად, სადაც ერთ–ერთი საკითხი  ქუთაის–გაენათის ეპარქიის
წინამძღოლის არჩევა უნდა იყოს,  მღვდელმთავრის პოზიციის
დასაკავებლად უმაღლესი სასულიერო პირები გააქტიურდნენ.
17:07 / 12.10.2019

სინოდის სხდომის მოახლოებასთან ერთად, სადაც ერთ–ერთი საკითხი  ქუთაის–გაენათის ეპარქიის წინამძღოლის არჩევა უნდა იყოს,  მღვდელმთავრის პოზიციის დასაკავებლად უმაღლესი სასულიერო პირები გააქტიურდნენ.

ქუთაისის ცენტრში აღმართულმა საუკუნოვანმა შენობამ პირვანდელი სახე
დაიბრუნა.
16:25 / 08.10.2019
ქუთაისის ცენტრში აღმართულმა საუკუნოვანმა შენობამ პირვანდელი სახე დაიბრუნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ნემსწვერიძეების 8 სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ფულადი შემწეობაა, რომელიც ყოველთვიურად 540 ლარს შეადგენს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოჯახები აკურთხეს. ამასთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა წყალტუბოს ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
ქუთაისელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქალაქს განათლების მიღებისა თუ დასაქმების მიზნით ტოვებს და დედაქალაქს სტუმრობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
ქუთაისში, სკოლა პროგრესის წინ, სიჩქარის შემზღუდველები  ნაწილობრივ მოშლილია.
ქუთაისის ააიპ „სპეციალურ სერვისებს“ 60  შტატგარეშე თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებისთვის სახსრები აღარ აქვს.
ქუთაისიპოსტი, იმერეთის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით “მოქალაქის ხმა”.
ლენტეხის ცენტრში, შადრევანი,  რომელზეც ჯიხვებთან ერთად ნადირობის ქალღმერთი დალი  უნდა გამოესახათ, მის გარეშე გაიხსნა.