საზოგადოება
118 წლის სკოლის შენობა, რომელიც რეაბილიტაციის პროექტში ვერ მოხვდა
FaceBook
ხათუნა გრიგოლაშვილის ორი შვილი ქუთაისის # 19 საჯარო სკოლაში მეექვსე და პირველი კლასისი მოსწავლეები არიან. ხათუნას თქმით, მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები 2018 წლის გაზაფხულზე სხვა სკოლაში გადასასვლელად ემზადებოდნენ, რადგან #19 საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ქუთაისში სრული რეაბილიტაცია რვა სკოლას ჩაუტარდება,  რომელთა შორის ვერ მოხვდა ქუთაისის #19 საჯარო სკოლა. 

ხათუნას გრიგოლაშვილი გვიყვება, რომ სკოლაში გაუმართავია გათბობის სისტემა, ჩამოყრილია კედლები და მოუწესრიგებელია საკლასო ოთახები.

"ძველი კორპუსი საკმაოდ ცივია და იმისთვის რომ მოსწავლეებს დამატებით გათბობა ჰქონოდათ საკლასო ოთახში გამათბობელი შევიძინეთ, მოსაწესრიგებელია საპირფარეშოებიც. ძალიან დიდი იმედგაცრუება იყო, როდესაც გავიგეთ, რომ მხოლოდ ჩვენი სკოლა დარჩა რეაბილიტაციის მიღმა",  - ამბობს ხათუნა.

მისი თქმით, თუ სკოლის შენობის ინფრასტრუქურა არ გამოსწორდა, შესაძლოა,  მშობლები იმაზეც დაფიქრდნენ, რომ შვილები სასწავლებლად სხვა სკოლაში გადაიყვანონ.


#19 საჯარო სკოლის ძველი კორპუსი

ქუთაისში #19 საჯარო სკოლაში 500-მდე მოსწავლე სწავლობს. სკოლას ორი, სამსათულიანი და ორსართულიანი კორპუსი აქვს. ორსართულიანი შენობა საუკუნეზე მეტს ითვლის. ის 1900 წელს აშენდა, ხოლო სამსართულიანი კორპუსი შედარებით ახალი აშენებულია, თუმცა არცერთ მათგანს წლებია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. შენობებს მხოლოდ კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა.

სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე გვიხსნის, რომ მისი ინფორმაციით, სკოლის რეაბილიტაციაზე უარი ძველი და ახალი შენობის რეაბილიტაციის საჭიროებებიდან გამომდინარე ვერ მოხვდა.

"სიტყვიერი განმარტება მივიღეთ ასეთი, რომ ძველი შენობის და ახლად აშენებული შენობის რეაბილიტაციას სხვადასხვა პარამეტრები სჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი რეაბილიტაცია სხვაგვარად უნდა მომხდარიყო, ამიტომ წარმომადგენლებმა გვითხრეს რომ ეს სკოლა, სამწუხაროდ, ვეღარ მოხვდებოდა ამ პროექტში", - ამბობს სკოლის დირექტორი.

"მე მითხრეს, რომ ამ შენობის რეაბილიტაცია ვერ ჩაჯდა ფინანსურ ანგარიშში. არის ორი განსხვავებული ტიპის შენობა და შესაბამისად მათ გადაწყვიტეს ამ ეტაპზე თავი შეეკავებინათ რეაბილიტაციაზე", - ამბობს ქუთაისის რესურსცენტის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე.

ქუთაისში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიერ ფინანსდება.

"შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ სკოლას სჭირდებოდა რეკონსტრუქციაც, რასაც ათასწლეულის გამოწვევის პროექტის ფარგლებში არ ხდება, ჩვენი ფონდი მხოლოდ რეაბილიტაციას ახდენს", - განმარტავენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოში.

ქუთაისში რვა სკოლის რეაბილიტაციისთვის უკვე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს. ფონდში აცხადებენ, რომ ელექტრონული შესყიდვების ვადის ამოწურვის შემდეგ გახდება ცნობილი, რა რაოდენობის თანხა დაიხარჯება საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია არის ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი და ინოვაციური მიდგომების მქონე სააგენტო, რომელიც პროექტების დაფინანსებითა და განხორციელებით პარტნიორ ქვეყნებს ეხმარება უმუშევრობის და სიღარიბის დაძლევაში და ეკონომიკური ზრდის მიღწევაში. ის საქართველოში ახორციელებს პროგრამებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით, სადაც აქცენტი კეთდება STEM სფეროში განათლების ხარისხისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე. რაც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებსა და სოფლებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციასა და სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის შექმნას. STEM-ის საგნების მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას და სკოლის მმართველების შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება კომპაქტის ზოგადი განათლების პროექტს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოში პროექტებს 2014-2019 წლამდე განახორციელებს ამისთვის კი 140 მილიონი დოლარია გამოყოფილი.

პირველი სარეაბილიტაციო სეზონი 2016-17 განხორციელდა. მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში 30 სკოლის რეაბილიტაცია მოხდა. მეორე სარეაბილიტაციო სეზონი 2017 წელს დაიწყო და 32 საჯარო სკოლის რებილიტაცია მოიცვა კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში. მესამე სარეაბილიტაციო სეზონი 2018 წლისათვის იგეგმება და განსაზღვრულია დაახლოებით, 35-40 საჯარო სკოლის (იმერეთის, გურიის, სამეგრელოს რეგიონებს და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში) რეაბილიტაცია.

ამავე თემაზე:

ქუთაისში რვა სკოლის რეაბილიტაცია იწყება - მოსწავლეები სხვადასხვა სკოლებში გადანაწილდებიან

საჯარო სკოლები ქუთაისში, რომლებსაც მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს და
თვითმმართველობის წევრს, გიორგი თვარაძეს საზოგადოების დახმარება
სჭირდება.
12:06 / 20.05.2024
აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს და თვითმმართველობის წევრს, გიორგი თვარაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.