პოლიტიკა
ბრძოლა ქუთაისის მერობისთვის - პარტიები კანდიდატებით და კრიტერიუმებით
FaceBook

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომელიც 2017 წლის 22 ოქტომბერს დაინიშნა, ქუთაისში უკვე ემზადებიან. ოპოზიცია კადრების ძიებაშია, მმართველმა გუნდმა კი შესაძლო კანდიდატების დაბლოკვაც მოასწრო.


"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით „ქართულმა ოცნებამ“ იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია დაბლოკა, რომელიც ამ დრომდე მერობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა.

ბოლო ინფორმაციით, "ოცნება" მერის პოსტზე ქუთაისის მოქმედი მერის, შოთა მურღულიას კანდიდატურას უჭერს მხარს. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავად მურღლიას, ქალაქის მერად მეორე ვადით არჩევის სურვილი არ აქვს. თუმცა, აცხადებს, რომ მზად არის ქვეყანას ემსახუროს.

„როგორც გუნდი გადაწყვეტს ისე ვიმოქმედებთ. მე არ ვარ დამოუკიდებლად მოთამაშე. მზად ვარ ჩემს ქვეყანას ვემსახურო," - ამბობს მურღულია.

„ზემოდან“ წამოსული დავალებების შესრულების მზაობა აქვს ახლადდანიშნულ ქუთაისის მესამე ვიცე-მერს, გრიგოლ დალაქიშვილსაც, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით მმართველი პოლიტიკური პარტიის მერობის შესაძლო კანდიდატად მოიაზრება. ის, ამავე დროს, იმერეთში „ოცნების“ კოორდინატორი გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ დალაქიშვილი ვიცე-მერად დანიშვნისთანავე, მოსახლეობასთან გაცნობით შეხვედრებს ყოველდღიურად ატარებს და როგორც თავად ამბობს, წლების განმავლობაში მოუგვარებელ საკითხებს ერთ კვირაში აწესრიგებს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა "ქართულმა ოცნებამ" მერის კანდიდატად წარადგინოს, ვიცე-მერი ირწმუნება, რომ პირველად ესმის. თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, ამბობს რომ რიგითი " ჯარისკაცია" და "ზემოდან" წამოსულ დავალებებს შეასრულებს.

რაც შეეხება იმას, რომ მოსახლეობასთან მისი ყოველდღიური შეხვედრები წინასაარჩევნო კამპანიას ჰგავს, ამას თავადაც ადასტურებს.

"რაღაც ლოგიკა არის," - აღნიშნავს დალაქიშვილი. თუმცა, განმარტავს, რომ მისი აქტიურობა იმ საქმეებს უკავშირდება, რომელსაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ თავი ვერ გაართვა. ის ღია კრიტიკას თავს არიდებს. თუმცა, ამბობს, რომ ქალაქში ბევრი პრობლემა დახვდა.

"ხალხი კმაყოფილია, შედეგიანი იყო ჩემი ამ თანამდებობაზე მოსვლა," - აღნიშნა გრიგოლ დალაქიშვილმა.

თავის მხრივ, ქუთაისის მერმაც განმარტა, რომ კანონი არ ავალდებულებდა, თუმცა ამ პოსტის შემოღება სამუშაოების მოცულობის მატების გამო მოუხდა.

"ალოგიკურია, რომ 4 წელი აკეთებდა შოთა მურღულია რაღაცას და ბოლოს გაახსენდა, რომ ვიცე-მერი ჭირდებოდა. ეს სისტემა "ქართული ოცნების" ბრალია და გამოსავალი არის არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა," - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი, გიგა შუშანია.

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქალაქის ყოფილი მერი, გია თევდორაძე კი მმართველ გუნდში მნიშვნელოვან საკადრო კრიზისზე საუბრობს.

"დაპირისპირება ტრადიციულად იყო გუბერნიასა და ქუთაისის მერიას შორის. თუმცა, ახლა იმ მასშტაბებს გაცილებით ასწრებს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" დროს იყო. დალაქიშვილი ქუთაისის მერიაში გუბერნიის და პარტიული უჯრედის თვალები, ყურები და ხელებია," - ამბობს გია თევდორაძე.

"ოცნებაში" არსებულ შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე საუბრობს ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ნატო ქათამაძე. ის "ქართულ ოცნებას" შეცდომად უთვლის იმას, რომ თავისი გუნდი არ გააძლიერა და კოალიციის მხარდამჭერების ნაცვლად, ქუთაისის მერიაში ძირითად პოზიციებზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები დაინიშნენ. მას მხედველობაში ორი ვიცე-მერი, მიქიაშვილი და ქავთარაძე ჰყავს, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მერიაში სხვადასხვა თანამდებობები ეჭირათ.

ნატო ქათამაძის თქმით, ამ "შეცდომის" გამოსწორება "ქართულმა ოცნებამ" მოახლოებულ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე შეეცადა. ის ამბობს, რომ დალაქიშვილი მურღულიას კადრებს "დაავერბოვკებს".

"მურღულიას კადრებს ეტყვიან ან იმუშავებ ჩვენზე ან არადა წახვალ. ახლა ეს ადამიანები არიან ახალი პატრონის ძიებაში," - ამბობს ნატო ქათამაძე.

მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების ძიებაში არიან ქუთაისში მოქმედი ოპოზიციური პარტიებიც. ამ დროისთვის არც ერთ მათგანს გამოკვეთილი კანდიდატი არ დაუსახელებია.

"გვინდა ახალი სახე, ახალი ძალა. ვფიქრობთ, რომ ის უფრო მეტი ნდობით იქნება აღჭურვილი მოსახლეობის მხრიდან. ამავე დროს, გვინდა სოლიდური და ცნობადი სახე. არჩევანიც არ არის კოლოსალური," - ამბობს "ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გია თევდორაძე და მერობის კანდიდატის გამოსავლენად შიდაპარტიული პრაიმერის გამართვას არ გამორიცხავს.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციაში კი ამბობენ, რომ კადრების დეფიციტს არ უჩივიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ მერობის კანდიდატს პოლიტიკური წონა უნდა ჰქონდეს და ქართულ პოლიტიკურ ფერხულში ქუთაისის ჩაბმა, მისთვის ცენტრალური ხელისუფლებისა და ინვესტორების მხრიდან ყურადღების მიპყრობა შეძლოს.

"მენეჯერული გამოცდილება რომ აქვს, ასეთი ადამიანი ბევრი გვყავს, მაგრამ მიმდინარეობს კონსულტაციები ვინ უფრო უკეთესად შეძლებს ამ ტვირთის საკუთარ თავზე აკიდებას, ამომრჩევლებამდე მიტანას და გამარჯვებას," – განმარტავს ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გიგა შუშანია.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ქუთაისის მერი ადგილობრივი კადრი იქნება თუ დედაქალაქში მცხოვრები, ამიტომ შესაძლოა პარტიის მერობის კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ან ხატია დეკანოიძეც ვიხილოთ, რომლებთანაც კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. შუშანიას ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება პარტიის კონფერენციაზე გაჟღერდება.

ამ დროისთვის გადაწყვეტილი არ აქვთ ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებელი მონაწილე იქნებიან თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდებიან "თავისუფალ საქართველოში". თუმცა, პარტიის იმერეთის ორგანიზაციის ლიდერი, გოგი წულია, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

"მზად ვარ ვითანამშრომლო ყველასთან მაჟორიტარების, მერობის კადიდატებთან დაკავშირებით. ოღონდ საშველი დაადგეს და მივიღოთ ნორმალური საკრებულო, სადაც რაღაცას გააპროტესტებენ და მივიღოთ ქალაქის მერი, რომელსაც წინააღმდეგობის უნარი ექნება და დამოუკიდებელი იქნება," - აცხადებს გოგი წულაია.

მერობის კანდიდატის ძიების პროცესში არიან ნინო ბურჯანაძის პარტიაში "დემოკრატიული საქართველო".

„ძალიან გვეჩქარება, მაგრამ ჯერ ვერ შევჯერდით," - ამბობს ჩვენთან საუბარში პარტიის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, დავით წიტაიშვილი.

"პატრიოტთა ალიანსში" კი განმარტავენ, რომ ამ დროისთვის, სავარაუდო კანდიდატიც არ ჰყავთ.

მერობის შესაძლო კანდიდატების შერჩევის პროცესში, განსხვავებული კრიტერიუმებისა და პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველას ერთი რამ აერთიანებს - ეძებენ ისეთ სახეებს, ვინც არჩევნებს მოიგებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან
ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52, 58% აიღო.
11:11 / 30.01.2023
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52, 58% აიღო.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს.
11:20 / 28.01.2023
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.