განათლება
"ჩლუნგებო, სახედრებო" - ომბუდსმენის ანგარიში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში
FaceBook

2017 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ სპეციალური ანგარიში წარმოადგინა.

სახალხო დამცველის აპარატმა 2016–2017 სასწავლო წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით, 109 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 98 საჯარო სკოლა, 5 კერძო და 6 სკოლა–პანსიონი შეამოწმა.

უწყების რაოდენობრივი კვლევა ითვალისწინებდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციისა და თანამშრომლების, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებისა და სკოლის მოსწავლეების მიერ სპეციალურად შემუშავებული ანონიმური კითხვარების შევსებას, სადაც წარმოდგენილი იყო საკვლევ საკითხთან დაკავშირებული გარემოებები და კითხვები.

კვლევის მიხედვით, კითხვარები შეავსო მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასების 1861-მა მოსწავლემ და სკოლაში დასაქმებულმა 1739-მა პირმა, მათ შორის სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებმა.

მონიტორინგის ფარგლებში შეფასდა სკოლის უსაფრთხოების საკითხი, რომელიც მოიცავდა ბულინგის, უცხო პირთა მხრიდან სკოლის ტერიტორიაზე შეღწევისა და სკოლის ფარგლებში არსებული უსაფრთხოების დარღვევის საკითხებს.

მოსწავლეთა უმრავლესობა ამბობს, რომ სკოლაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს. თუმცა, მოსწავლეების ნაწილი საფრთხის მაღალ შემცველობაზე მიუთითებს. „ძალზე უსაფრთხოდ“ მცირეკონტინგენტიან სკოლებში უფრო მეტი მოსწავლე გრძნობს თავს ვიდრე დიდკონტინგენტიან სკოლებში რაც იმაზე მეტყველებს, რომ უსაფრთხოების განცდაზე გავლენას ახდენს, როგორია სკოლა - დიდი თუ მცირეკონტინგენტიანი. სადაც მეტი მოსწავლეა, იქ საფრთხის განცდა შედარებით მეტია.

მონიტორინგის პროცესში, 83 ფოკუს ჯგუფიდან 78-ში ბავშვებმა აღნიშნეს, რომ მათ მიმართ ადგილი აქვს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ძალადობას.

მათივე თქმით, ეს მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეთა არასასურველ ქცევაზე რეაგირების გავრცელებული ფორმაა. 5 ფოკუს ჯგუფში ბავშვებმა მხოლოდ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ისაუბრეს. მათ აღნიშნეს, რომ მასწავლებლების მხრიდან ფიზიკური ან ვერბალური სახის ძალადობრივი რეაგირება უმეტესად მაშინ ხდება, როდესაც წესებს ბიჭები არღვევენ. ბიჭები და გოგონები ადასტურებენ, რომ ბიჭები უფრო მკაცრად ისჯებიან. მოსწავლეების მიერ უფროსების

მხრიდან მათდამი დამამცირებელი მიმართვის დასახელებული ფორმებია: „დებილო!“, „სულელო“, „უჭკუო“, „დაუნო“ „ლაწირაკო“, „უტვინოებო, ბატებო, "ჩლუნგებო“, „სახედრებო“, „თახსირშვილებო“, „ნუ წკავწკავებთ ძაღლებივით“, „დედა ნახე, მამა ნახე...“, „თქვენ ყველანი ციხეში ამოლპებით“, „ეშმაკსაც წაუღიხართ“, „ოჯახში არ იზრდები?!“, „ჩემი შვილი რომ იყო, საჭმელს არ გაჭმევდი“, „შენი მშობლის ადგილზე სახლიდან არ გამოგიშვებდი“, „ტყვილა ცვითავ ტანსაცმელს“, „სისხლი გაგიშრათ თქვენ“, „მათხოვრებო“, „დეგენერატებო“, „საღორეში იზრდებით“,„წადით და დებილ დედებს უთხარით ყველაფერი“.

"ბავშვები საუბრობენ ფიზიკური ძალადობის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა ყურის აწევა, თმის მოწიწკნა, პწკენა, ხელით შეხება, მოსწავლის ფეხზე და კუთხეში დაყენება, ბეჭდიანი ხელით დარტყმა, სახაზავის ან ჯოხის დარტყმა, წიგნის ჩარტყმა, პირადი ნივთის დაზიანება, გარდა ამისა, დასვენებაზე საკლასო ოთახში დატოვება. მათი თქმით, ასეთი რეაგირება შეიძლება მოჰყვეს გაკვეთილზე გადალაპარაკებას, ხმაურს, გაკვეთილზე დაგვიანებას, დავალების შეუსრულებლობას და სხვა დისციპლინურ დარღვევებს. მაგალითად, ბავშვებმა ორი ასეთი შემთხვევა გაიხსენეს:

„მასწავლებელმა მოსწავლეს ყური ისე აუწია, რომ სისხლი წამოუვიდა. მერე ამავე მოსწავლეს ოთხი ფუნთუშა უყიდა, არავისთვის რომ არ მოეყოლა ეს ამბავი. მეორედ, მსგავსი შემთხვევის დროს, პედაგოგმა მოსწავლეს 10 ქულა დაუწერა“. „მოსწავლემ გაკვეთილის მსვლელობის დროს ქაღალდი ისროლა. ამის გამო მასწავლებელმა მას ის ქაღალდის ნაგლეჯი პირში ჩაადებინა“. ბავშვებმა გაიხსენეს შემთხვევებიც, როდესაც მოსწავლის სიტყვიერი დამცირება/დაცინვა პედაგოგის მხრიდან მის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა იყო და არა რეაგირება მოსწავლის არასწორ ქცევაზე. „გაჭყლეტილ ბაყაყს გავხარ“, „სპილოს ყურები გაქვს“, „მე რამდენჯერმე მითხრა მასწავლებელმა, შენს კლასელებთან შედარებით რა პატარა ხარო და მთელმა კლასმა გაიცინა“, „ერთი მასწავლებელია და ვინც ვერ სწავლობს, ყველას დასცინის, მაგალითად, იცის, რომ ბავშვმა კარგად არ იცის კითხვა და სიცილით ამბობს იმაზე - ბავშვებო, ახლა ის წაიკითხავს ყველაზე კარგადო“,  - ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.

რაც შეეხება, ინტერვიუებს დირექციის წარმომადგენლებსა და მანდატურებთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ რიგ შემთხვევებში გამოიკვეთა დისკრიმინაციული მიდგომები ზოგიერთი არასრულწლოვნის, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე, მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარის ან სოციალურად დაუცველი ბავშვის მიმართ. სკოლის დირექტორი დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვანზე: „ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდა“. განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულება გამოიკვეთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის ბენეფიციარების მიმართ. ერთ-ერთი დირექტორის თქმით, ამ სახლის აღსაზრდელები მის სკოლაში არ ირიცხებიან და არც აქვს ამის სურვილი, რადგან ისინი უარყოფით ზეგავლენას მოახდენენ სხვა ბავშვებზე. სხვა დირექტორი ერთ-ერთ მოსწავლეზე, სახალხო დამცველის წარმომადგენლების თანდასწრებით: „მიეცით ამ გაჭირვებულს კალამი, მაინც სოციალურად დაუცველია“.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს, შეიმუშაოს და წარმართოს კოორდინირებული პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის პრევენციის და მასზე რეაგირების არსებული მექანიზმების დასახვეწად. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეთა ძალადობისგან ყოველმხრივ დაცვას მათი საუკეთესო ინტერესების განუხრელი გათვალისწინებით

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.