განათლება
სკოლის მართვაში გამოუყენებელი უფლებები და მშობლები ფართოდ დახუჭული თვალებით
FaceBook
მშობელთა ხმა ნაკლებად ისმის, - ასე აფასებენ მშობლების ჩართულობას სკოლის მუშაობაში განათლებისა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე სპეციალისტები.

არადა კანონი ზოგადი განათლების შესახებ მშობლებს დიდ უფლებებს ანიჭებს. თუმცა, არაიშვიათად სახეზეა მშობელთა ფორმალური ჩართულობა და პასიური როლი სამეურვეო საბჭოში. ამასობაში სახალხო დამცველი კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც გამოიკვეთა, რომ სასწავლო დაწესებულებაში ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. ამ შედეგებში სპეციალისტები გარკვეულ პასუხისმგებლობას მშობლებსაც ანიჭებენ. მშობლებს, რომლებიც რიგ შემთხვევაში პრობლემის აღიარებას დუმილს ამჯობინებენ.

თუმცა, არ დუმს კანონი. ზოგადი განათლების შესახებ კანონის 37-ე მუხლი სამეურვეო საბჭოში (სადაც მშობელიც იმავე რაოდენობითაა წარმოდგენილი, რამდენიც მასწავლებელი) მშობელთა ბევრ უფლებაზე საუბრობს. მაგალითად, საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სკოლის დირექტორს, ასევე სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, აგრეთვე ამტკიცებს დირექტორის მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას; სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, სკოლიდან გადაყვანის პირობებს და ა.შ. და ა.შ.

მიუხედავად ამისა,  "ამ ფუნქციების განხორციელება, სამწუხაროდ, არ ხდება იმ მოცულობით როგორადაც უნდა ხდებოდეს. პირველ რიგში გასარკვევია ის, რომ მშობლები, რომლებიც მონაწილეობენ სკოლის მართვაში რეალურად წარმოადგენენ თუ არა მშობელთა თემს? არის თუ არა მშობელთა შორის შეთანხმებული პოზიციები?  იკრიბებიან თუ არა დამოუკიდებლად ეს მშობლები და შემდგომ მათ წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში? აცნობენ თუ არა მათ შეხედულებებს? გამოაქვთ თუ არა სამეურვეო საბჭოში წევრ მშობლებს ეს საკითხები უფრო ფართოდ განსახილველად? ანუ ეს წარმომადგენლობა რამდენად გამართულია?" - კითხვებს სვამს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"  წარმომადგენელი, ანა არგანაშვილი.

ამ კითხვებს ანა არგანაშვილი თავადვე პასუხობს.

" ხშირად სამეურვეო საბჭოში მშობელთა მონაწილეობა ფორმალური ხდება. მაშინ როცა, ძალიან დიდი ბერკეტი აქვს სკოლის მართვაში მშობელს, მაგრამ დღეს საქართველოში მათი ხმა, ამ მმართველობით ორგანოებში, სამწუხაროდ, ნაკლებად ისმის. და ის რეფორმები რაც უნდა გატარდეს საგანმანათლებლო სივრცეში,
არ არის ინიცირებული მშობელთა მხრიდან",- აღნიშნავს ანა.

ამ პასიურობის მიზეზს სპეციალისტები, პირველ რიგში, განათლების დეფიციტში ხედავენ. მშობელმა არ იცის რა უფლებას ანიჭებს მას კანონი, ამიტომ არ იცის როგორ შეცვალოს რეალობა. ან სმენია საკუთარი უფლებების შესახებ, თუმცა, ნაკლებად სჯერა კანონის გზით ვითარების გაუმჯობესების. ამიტომ მშობელი მიმართავს სხვა საშუალებებს.

"არიან მშობლები, რომლებიც ცდილობენ მასწავლებლებთან დაახლოებას და მათ პატივისცემას. ამით საკუთარი შვილების დაცვა უნდათ. ერთგვარად "ყიდულობენ" მასწავლებლის კეთილგანწყობას მათი შვილებისთვის. ეს დამოკიდებულება სწორი არ არის. თუმცა,  ადამიანურად მესმის", - ამბობს ერთ-ერთი მშობელი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა და ეს იშვიათი შემთხვევა არ არის. მშობლების უმეტესობა ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, პრობლემაზე ღია საუბარს.

მათ არასრული ინფორმაცია, ასევე,  ნაკლები ნდობა აქვთ საკუთარი უფლებებისა და შესაძლებლობების სამეურვეო საბჭოში, თუმცა საკმაოდ აქტიურად მიმართავენ სამინისტროს ცხელ ხაზს (200-220). თუ რამდენმა ისარგებლა ცხელი ხაზით ამის შესახებ უწყებას წერილობით მივმართეთ, რომელსაც მისი მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.  

ყოველ შემთხვევაში, სამინისტროში მიუთითებენ მშობელთა მხრიდან მომართვიანობის სიხშირეზე. უწებაში,  იმასაც ირწმუნებიან, რომ  სამინისტრო ყველა ამ შემთხვევაზე შესაბამისად რეაგირებს და უყურადღებოდ არც ერთ ფაქტს არ ტოვებს.

სპეციალისტები საუბრობენ სახელმწიფოს განსაკუთრებულ ვალდებულებაზე ჩაატაროს კამპანიები სკოლებში, გააცნოს მშობლებს მათი უფლებები და დაანახოს მათი განსაკუთრებული როლის მნიშვნელობა სკოლის მართვის საკითხში. 

ვიდრე, სახელმწიფო პასიურობს მანამ სკოლაში მშობელთა ნაწილი ერიდება კანონისა და უფლებების სახელით საუბარს, რადგან ერიდება ე.წ. მეამბოხის სახელის მინიჭებას. ამ სტატუსით შესაძლებელია თავადაც ბულინგის ქვეშ მოექცეს სხვა მშობლების მხრიდან და დაბულინგების საფრთხე შეუქმნას საკუთარ შვილს. მშობელთა ნაწილს, ნაკლებად აქვს სხვა მშობლების სოლიდარობის იმედი, მიუხედავად იმისა, რომ ისინიც ანალოგიური პრობლემის მსხვერპლები შეიძლება იყვნენ.

თუმცა, არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც მშობელთა აქტიურობამ და სოლიდარობამ რეალობა შეცვალა.

"პედაგოგი ვერ აგვარებდა მოსწავლეებთან ურთიერთობას. ერთი მოსწავლე ბულინგის ქვეშ მოექცა და ამის მიზეზი მასწავლებელი იყო. ბავშვი იძულებული გახდა გადასულიყო სხვა კლასში. დავწერეთ განცხადება მშობლებმა და შეცვალეს დამრიგებელი. ახალ მასწავლებელთან პრობლემა მოგვარდა. ბავშვებმაც შეძლეს ერთმანეთთან ურთიერთობის დალაგება", - აღნიშნავს ერთ -ერთი მშობელი.

სკოლებში "სისტემის" დალაგებისთვის სპეციალისტები სამეურვეო საბჭოს წევრი მშობლების განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას უსვამენ ხაზს. რადგან ისინი არა მარტო საკუთარ შვილებზე, არამედ ბევრ სხვა ბავშვზე აგებენ პასუხს. მათი დუმილი და საბჭოში ფორმალურად ყოფნა კი იმ შედეგებს აჩვენებს, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი.

"მათ (მშობლებმა) უნდა გააცნობიერონ, რომ მონაწილეობა სკოლის მართვაში არის გარკვეული პასუხისმგებლობა, ეს პასუხისმგებლობა ვერ შესრულდება მათი ჩუმად ყოფნით, მათი პასიურობით და საკუთარ შესალებლობებზე უარის თქმით. საქართველში ყველას უყვარს, როდესაც სადმე ირჩევენ, მაგრამ სინამდვილეში ეს არჩევა რა პასუხისმგებლობებს წარმოშვებს ამას არავინ იაზრებს. მშობლის არა მხოლოდ უფლებაა სკოლის მართვაში მონაწილეობა, არამედ ვალდებულება. მშობლები ა რ უნდა გაჩუმდნენ. კომპრომისების ადგილი არ არის ეს მმართველობითი ორგანოები", - აღნიშნავს ანა არგანაშვილი.

უადგილო კომპრომისები წარმოშვებს ყველა იმ პრობლემას რაზეც სახალხო დამცველი მიუთითებს (ძალადობა, ბულინგი, უსამართლობა სკოლებში). ეს კომპრომისები, პასიურ მშობლებს, განსაკუთრებით საბჭოს წევრ მშობლებს, მათი ფართოდ დაფუჭული თვალების გამო, ყველა ამ მანკიერებისა და უარყოფითი მოვლენის თანამონაწილედ აქცევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.