გამჭვირვალე თვითმმართველობა
გავლილი ოთხი ათეული ათასი და დამატებით შესყიდული კილომეტრები სპორტსმენებისთვის
FaceBook
ქუთაისის სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების წარმომადგენლებმა, ექვსი თვის განმავლობაში, 40 620 კილომეტრი დაფარეს.

სპორტულმა ჯგუფებმა ეს მანძილი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სპორტულ ღონისძიებებში, შეჯიბრებებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობის მისაღებად გაიარეს. ერთი შეხედვით უცნაური არაფერია, თუმცა, თუ კი გავითვალისწინებთ, რომ ქუთაისიდან, პირობითად ლაგოდეხამდე (უკიდურესი აღმოსავლეთით) მანძილი 381 კილომეტრია, ხოლო ბათუმამდე, (უკიდურესი დასავლეთით) 139 კილომეტრი, სპორტსმენების მიერ განვლილი გზა ნამდვილად შთამბეჭდავია და ექვსი თვის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე მგზავრობას გულისხმობს. კილომეტრების ეს რაოდენობასპორტსმენებს წლის ბოლომდე სამოგზაუროდ არ ეყოთ.

ერთი თვის წინ, ააიპ ქუთაისის სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებამ, ელექტრონული ტენდერის გზით, დამატებით 27 397კმ-ზე სატრანსპორტო მომსახურება შეისყიდა.
ორგანიზაციაშიამბობენ, რომ ამ სახის სერვისი საფეხბურთო, საკალათბურთო, რაგბის და სპორტის სხვა სახეობებში ასაკობრივი გუნდების ჩემპიონატებში მონაწილეობისთვის არის აუცილებელი. ეს მანძილი შპს "კომფორტ ტრანსის" მიკროავტობუსმა საქართველოში 6 თვის განმავლობაში უნდა გაიაროს. თუმცა, 27 397კილომეტრი ქუთაისიდან პარიზში სამჯერ ჩასვლა-ჩამოსვლისთვისაა საკმარისი.

20 000 ლარად შეფასებული ტენდერი ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფმა ორგანიზაციამ 2017 წლის 8 ივნისს გამოაცხადა. გამარჯვებული შპს "კომფორტ-ტრანსი" ააიპ სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებას სატრნასპორტო მომსახურებას 18 899 ლარის სანაცვლოდ გაუწევს.

კომპანია გაერთიანებას ოცდაორადგილიანი კონდიცირების სისტემით, ტელევიზორით და რბილი სავარძლებით აღჭურვილი მიკროავტობუსით უნდა მოემსახუროს. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მან სპორტსმენების ტრანსპორტირება 2017 წლის 31 დეკემბრამდე უნდა უზრუნველყოს.
სატრანსპორტო მომსახურებაზე გასული წელის ბოლოს გამოაცხადებული ტენდერები ჯამში 46 264 კილომეტრის შესყიდვას ითვალისწინებდა 44 990 ლარად. 14 990 ლარი მიკროავტობუსის, 30 000 ლარი კი ავტობუსის მოსახურებაზე გამოიყო. მიკროავტობუსს 27 397 კმ, ავტობუსს კი 18 867 კმ. უნდა დაეფარა და მომსახურება 2017 წლის 31 დეკემბრამდე გაეწია.

ქუთაისის სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებას ავტობუსით მომსახურებას შპს "გადამზიდავი 2017" უწევდა. კომპანიაში განგვიმარტეს, რომ წლის დასაწყისიდან ამ დრომდე 13 223 კმ-ის დაფარეს, რისთვისაც 8 975,75 ლარი მიიღეს. თუმცა, ააიპ-ში ამბობენ, რომ ავტობუსმა ამ დროისთვის 18 867-დან მხოლოდ 5 645 კმ აითვისა, რისთვისაც მას 8 975,55 ლარი გადაუხადეს.

რაც შეეხება მიკროავტობუსს, სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების განმარტებით, მისთვის გათვალისწინებული კილომეტრაჟები 6 თვეში ამოიწურა, კერძოდ, 2017 წლის 1 იანვრიდან 1 ივნისადმე მიკროავტობუსმა 27 097 კმ-ი გაიარა, რის გამოც ტენდერი მეორედ გასულ თვეში, 27 397კმ-ზე გამოცხადდა.

გაერთიანებაში გვითხრეს, რომ 27 397კმ ბევრი არ არის, რადგან სპორტული გუნდების წარმატებული ასპარეზობების შემთხვევაში, ტენდერით გათვალისწინებული კილომეტრაჟები იწურება და ხშირად ამ მომსახურების დამატებით შესყიდვა უწევთ.

ვითარებაში გასარკვევად, მიმდინარე წლის 19 ივლისს ააიპ ქუთაისის სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებას წერილობით ვთხოვეთ მოეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა მიმართულებით, როდის განხორციელდა მომსახურება (ჯამში 40 6200 კმ-ის დაფარვა) და რა მანძილი გაიარა ტრანსპორტმა თითოეულ გასვლაზე. ორგანიზაციიდან მისაღები შუალედური პასუხის ვადა უკვე ამოიწურა.

ოფიციალური ინფორმაციის მიღებამდე, ვცადეთ თავად დაგვეთვალა, რამდენჯერ შეძლებდნენ სპორტული გუნდები ჩემპიონატებში საასპარეზოდ ქუთაისიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩასვლა-ჩამოსვლას შესყიდული 40 620 კილომეტრის ხარჯზე. საორიენტაციოდ ქალაქი რუსთავი ავიღეთ, სადაც გაერთიანების ინფორმაციით, რაგბის ტურნიები იმართება.

ქუთაისიდან რუსთავამდე მანძილი 259 კმ-ია. შესაბამისად, 40 620 კმ-ის გასავლელად ტრანსპორტს ქუთაისიდან რუსთავამდე, მხოლოდ ერთი გზის შემთხვევაში, 156 დღე დასჭირდებოდა, მაშინ როდესცა 6 თვეში სულ 181 დღეა.

"როდესაც ტურნირებში გუნდებს წარმატებები აქვთ, ერთი ეტაპიდან მეორეზე და შემდეგ ფინალურ ასპარეზობებზე გადადიან, ხშირად უწევთ ტრანსპორტით სარგებლობა. გააჩნია რეგიონსაც. მაგალითად, ტანვარჯიშის ტურნირები ახალციხეში იმართება, რაგბის რუსთავში. საკმაოდ წარმატებულია ფრენბურთის ნაკრები და ახალგაზრდული გუნდი, ასევე ხელბურთელთა ნაკრები და ჭიდაობა," - განმარტავს ააიპ სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელი, ნინო უჩაძე.

ცნობილია, რომ აღნიშნულ სატრანსპორტო მომსახურების ტენდერში შპს "კომფორტ-ტრანსმა" 1 ლარით მოუგო ინდმეწარმე ბესიკ სირბილაძეს, რომელიც შედეგით უკმაყოფილებას გამოხატავს. ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა, თუმცა დაბალი ფასების გამო, კონკურენციას აზრი არ ჰქონდა.

ქუთაისის სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ფასები გავლილი მანძილიდან გამომდინარე დგინდება, ანაზღაურება კი დანიშნულების ადგილზე ჩასვლა-ჩამოსვლის შემდეგ ხდება.

20 000 ლარად შეფასებული სატრანსპორტო მომსახურების შესყიდვის ტენდერი ერთადერთი არ არის, რომელიც ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ მიმდინარე წელს გამოაცხადა.

შესყიდვების ეროვნული სააგნეტოს ვებ-გვერიდის მიხედვით, ორგანიზციის მიერ 2017 წელს გამოცხადებული კიდევ ერთი ელექტრონული ტენდერი, ასევე, 20 000 ლარად იყო შეფასებული. ის სპორტსმენებისათვის სპორტული გამაჯანსაღებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას ითვალისწინებდა.

ტენდერში ერთადერთმა მონაწილე კომპანიამ, წყალტუბოს შპს "ბალნეო სარეაბილიტაციო ცენტრმა" გაიმარჯვა. სპორტსმენებისათვის ფიზიოთერაპევტის კონსულტაცია, ფიზიოპროცედურები, წყალქვეშა და საერთო მასაჟი, მინერალური წყლის და ტალახის აბაზანები, მან მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს.

რაც შეეხება მესამე ტენდერს, გაერთიანებამ ის 900 სპორტული მედლისა და 310 თასის შესყიდვის მიზნით 2017 წლის 11 იანვარს გამოაცხადა. მისი საწყისი ღირებულება 8 000 ლარი იყო, თუმცა გამარჯვებულ შპს "სპორტი-2015"-თან ხელშეკრულება 7 835 ლარზე გაფორმდა.

ჯამში, მიმდინარე წელს იანვრიდან ივლისამდე, ააიპ სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებამ სულ 3 გამარტივებული ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ეს მონაცემი გასული წლის ამავე პერიოდის შესყიდვების რაოდენობაზე (18 ტენდერი) 6-ჯერ ნაკლებია.

ასევე, გასულ წლებთან შედარებით, მიმდინარე წელს შემცირებულია შესყიდვების წლიური გეგმაც.

მონაცემები იხილეთ ინფოგრაფიკაში:




ააიპ სასპორტო დაწესებულებათა გაერთიანებაში განმარტავენ, რომ მიმდინარე წელს ტენდერების რაოდენობის შემცირება 2016 წელს განხორციელებულმა მასშტაბურმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა განაპირობა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო უჩაძე ამბობს, რომ შარშან რამდენიმე სპორტულ სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

გასულ წელს, სხვადასხვა მომსახურებისთვის შესყიდვებში მონაწილე კომპანიებთან, ორგანიზაციის მიერ გადახდილი სახელშეკრულებო თანხა 387 411, 84 ლარს შეადგენდა.

"შარშან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. მთლიანად გარემონტდა 94-ე საფეხბურთო სკოლის ადმინისტრაციის შენობა, ჭიდაობის სკოლა და დარბაზი, ასევე, სხვა სკოლებიც. წელს უკვე ტენდერის გამოცხადება არ დაგვჭირდა. სამუშაოები იყო, მაგრამ ჩვენმა ტექნიკურმა ჯგუფმა შეასრულა," - ამბობს ნინო უჩაძე.

ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში 11 სასპორტო სკოლა, ყინულის მოედანი და საცხენოსნო კლუბი "იმედია" გაერთიანებული, სადაც სულ 4 200 სპორტსმენი ვარჯიშობს.

ორგანიზაციაში 496 თანამშრომელია, აქედან 242 მწვრთნელ-მასწავლებელია. გაერთიანების მიმდინარე წლის ბიუჯეტი 2 996 000 ლარით არის განსაზღვრული.






ამავე თემაზე იხილეთ:

ელექტრონული შესყიდვების სტატისტიკა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
16:20 / 16.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.