გამჭვირვალე თვითმმართველობა
ელექტრონული შესყიდვების სტატისტიკა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში
FaceBook
2 შეწყვეტილი ტენდერი, 3 არშემდგარი, 1 უარყოფითი შედეგით დასრულებული, 10 მიმდინარე და 16 შესყიდვა, სადაც ხელშეკრულება დადებულია - ასეთია იმ გამარტივებული ელექტრონული ტენდერების სტატუსი, რომელიც ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ მიმდინარე წელს გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, 2017 წელს გაერთიანებამ სულ 23 ტენდერი გამოაცხადა.
ორი შეწყვეტილი ტენდერიდან ერთ-ერთი, ფილიალების ტერიტორიაზე მწვანე საფარის მოვლა-პატრონობა და ექსპლოატაციის შესყიდვაა, რომელიც მიმდინარე წლის 24 მარტს გამოცხადდა. გამარჯვებულ კომპანიას, ხელშეკრულების დადებიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, საბავშვო ბაღებში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობაზე მეთვალყურეობა უნდა გაეწია.

ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში განგვიმარტეს, რომ აღნიშნული ტენდერი, სხვა აუცილებელი ხარჯების გამო, თავად შეწყვიტეს. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საბავშვო ბაღებში მწვანე საფარის მოვლა-პატრონობისთვის განსაზღვრული თანხა, 288 000 ლარი ფილიალებში სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება.
დოკუმენტაციაში დაშვებული შეცდომის გამო, ასევე, შეწყვეტილი სტატუსი აქვს გაერთიანების ადმინისტრაციის შენობაში საკონფერენციო დარბაზისა და მისაღები ოთახის სარემონტო სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერსაც, რომლის ღირებულება 12 000 ლარი იყო. თუმცა, აღნიშნული ტენდერი, უკვე გაზრდილი ფასით (13 500 ლარი) მეორედ გამოცხადდა. მასში გამარჯვებულად შპს "მვმ" გამოვლინდა, რომელთანაც ხელშეკრულება 11 469, 44 ლარზე გაფორმდა.

უარყოფითი შედეგით დასრულდა ტენდერი (შPA170001101), რომელიც ფილიალებისთვის სანტექნიკური მოწყობილობების შესყიდვას ითვალისწინებდა. შესყიდვების ვებ-გვერდზე მითითებულია , რომ მასში მონაწილე ერთ კომპანიას (შპს "ინჯ ჯგუფი) დისკვალიფიკაცია ტექნიკური დიკუმენტაციის გამო მიეცა.
არ შედგა სამი ტენდერი - გაერთიანების ფილიალებისთვის მზესუმზირის ზეთის, სამშენებლო მასალების და მე-7, მე-20, 25-ე და 31-ე ფილიალებში საკანალიზაციო ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა. თუმცა, ვებ-გვერდის მიხედვით ირკვევა, რომ გაერთიანებამ სამივე ტენდერი მეორედ გამოაცხადა და გამარჯვეულებიც გამოავლინა.

მაგალითად, მზესუმზირის ზეთის პირველი შესყიდვით, რომელიც 2017 წლის 6 იანვარს გამოცხადდა, არავინ დაინტერესდა, მეორედ გამოცხადებულ ტენდერში კი (12.01.2017) შპს "ჯორჯიან ეკონომმა" გაიმარჯვა. კომპანია ქუთაისის 38-ვე საბავშვო ბაღის ფილიალს, 52 288 ლარის სანაცვლოდ, "ოლეინას" ფირმის ზეთით ამარაგებს. აღმოჩნდა, რომ მიმდინარე წლის 21 ივნისიდან, შპს "ჯორჯიან ეკონომი" გადამხდელთა შავ სიაშია შეყვანილი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, კონპანია 2016 წლის 28 მარტს დარეგისტრირდა.

შპს "ჯორჯიან ეკონომი" ახორციელებს ქუთაისის საბავშვო ბაღებისთვის გაყინული თევზის მიწოდებასაც. ნორვეგიული, ახალი ზელანდიური და კანადური წარმოების 25 600 კგ. თევზის შესყიდვისთვის კომპანიასთან ხელშეკრულება 150 784 ლარზე გაფორმდა. აღნიშნული ტენდერი გასულ წლის ბოლოს, (15.12.2016) გამოცხადდა.
კომპანიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ შავ სიაში არსებობა პროდუქტის მიწოდების განხორციელებაში ხელს არ შეუშლის.
1 ლარით ნაკლები შეთავაზებით, გაერთიანების მიერ გამოცხადებულ ელექტორნულ შესყიდვებში გამარჯვებულად შპს "ტუტო" და ქუთაისის დეზინფექციისა და სპეც.ეპიდ. ზედამხედველობის სამსახური გამოვლიდნენ.

პირველმა კომპანიამ ბაგა-ბაღების ფილიალებისთვის ჩინური, რუსული და თურქული წარმოების სხვადასხვა სამშენებლო მასალები შეისყიდა, რაშიც 53 999 ლარი მოითხოვა. ეს კი ლარით ნაკლებია პრეტენდენტის, ფიზიკური პირის, გიორგი გოგელიძის მიერ მოთხოვნილ თანხაზე.

ქუთაისის დეზინფექციისა და სპეც.ეპიდ. ზედამხედველობის სამსახურმა გაერთიანების ბიუჯეტიდან ფილიალებში წყლის რეზერვუარების რეცხვის, სადეზინფექციო და სადერატიზაციო მომსახურების შესყიდვაში 7 499 ლარი მოითხოვა, რაც 1 ლარით ნაკლებია შპს "ჰემა-2012" -ის მიერ მოთხოვნილ თანხაზე.
2017 წლის იანვრიდან ამ დრომდე ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებამ სატენდერო ხელშეკრულება 16 ელექტრონულ შესყიდვაში გამოვლენილ კომპანიასთან გააფორმა. ხელშეკრულებების მიხედვით ირკვევა, რომ შესრულებული სამუშაოებისთვის მიმწოდებელმა კომპანიებმა გაერთიანების ბიუჯეტიდან სულ 279 454,57 ლარი მიიღეს.

მიმდინარე წელს ააიპ ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების შესყიდვების გეგმა 3 489 908 ლარია, რაც გასული წლის გეგმაზე 269 261 ლარით ნაკლებია. ორგანიზაციის 2017 წლის ბიუჯეტი სულ 9 850 000 ლარით განისაზღვრა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
12:23 / 23.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში სამჯერ შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.
11:44 / 18.04.2024
"ქუთაისიპოსტი" კვირაში  რამდენჯერმე შემოგთავაზებთ ქალაქში განხორციელებული იმ პროექტების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით გაკეთდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.