გამჭვირვალე თვითმმართველობა
ქუთაისის „უჩინარი“ მერი – გიორგი ჭიღვარიას მუშაობის ერთი წელი
არც ერთი ბრიფინგი, არც ერთი პრესკონფერენცია, საკრებულოს 22 სხდომიდან მხოლოდ სამი დასწრება, არც ერთი მკაფიო განცხადება ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე–მაგალითად, პარლამენტის გადატანა - ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, არჩევიდან ერთი წლის განმავლობაში, ქალაქს თავი ვერც სიტყვით და ვერც საქმით დაამახსოვრა.


არჩეული მერი ყოველთვის თავს არიდებდა ოპოზიციისა და მედიის შეკითხვებს და ძირითადად, სოციალურ– კულტურულ ღონისძიებებზე ჩნდებოდა. ქუთაისის მერი კიდევ დიდხანს დარჩებოდა "უჩინარი", რომ არა რამდენიმე ფაქტი, რომელმაც, იგი საბოლოოდ, მხოლოდ ნეგატიურ კონტექსტში წარმოაჩინა.

ორი თვის წინ, იტალიის ქალაქ კოზენცაში გამართულ ვორქშოპზე, ქართველი მხატვრის მიერ დახატული ქუთაისის მერის პორტრეტი, გიორგი ჭიღვარიას იმიჯისთვის ლამის საბედისწერო აღმოჩნდა.

მერი, საგამოფენო დარბაზში გამოფენილი საკუთარი პორტრეტის მოწონების გამო გააკრიტიკეს, მხატვარს კი შემოქმედებითი უნარები დაუწუნეს, იტალიაში გამგზავრებულმა მაინცდამაინც ქუთაისის მერი რომ აირჩია ინსპირაციის წყაროდ.

მედიასთან არაოფიციალური ბოიკოტის ფონზე, გიორგი ჭიღვარია განსაკუთრებით აქტიურობდა სოციალურ ქსელში, თუმცა, საზოგადოებასთან ურთიერთობის არც ეს ფორმა აღმოჩნდა ყველა შემთხვევაში წარმატებული. ქალაქის მერი საყოველთაო ყურადღების ცენტრში პირად გვერდზე 18 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის გამო მოექცა. გიორგი ჭიღვარია საზოგადოებას ამცნობდა, რომ ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკვერი თანამედროვე ტიპის სანათებით განათდა, თუმცა, სინამდვილეში სკვერში არსებული ძეგლი ქუთაისელ მოქანდაკეს და ქართული ქანდაკების ფუძემდებელს, იაკობ ნიკოლაძეს ეკუთვნის.

ქალაქის მერს წინასაარჩევნო აქტიურობის დროს რომ დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი აერია და ამომრჩეველს 48–ის ნაცვლად 41 ნომრის მხრდაჭერისკენ მოუწოდებდა, საზოგადოებამ ესეც მისი ფეისბუკის გვერდის საშუალებით გაიგო.


თეთრი ხიდი

წლის მთავარ მოვლენად და ამავდროულად, მთავარ უხერხულობად, "თამამად" შეიძლება ჩაითვალოს თეთრი ხიდი. ისტორიული ხიდის ახალი იერსახით გამოწვეული საზოგადოების რეაქცია, აუცილებლად გადაფარავდა კანონშემოქმედებითი ცხოვრების ვნებათაღელვას, ასეთი რეალურად რომ ჰქონოდა აწ უკვე საპარლამენტო სტატუსდაკარგულ ქუთაისს. ხიდზე ლითონისა და შუშის უცნაური კომბინაცია, რომელმაც ადგილობრივებს კომპიუტერული თამაში "ტეტრისი" უფრო მოაგონა, უმრავლესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

საზოგადოების კრიტიკის მიუხედავად, მერიამ ჯერ ისევ დაუსრულებელი ხიდი საზეიმოდ გახსნა, თუმცა, ორ დღეში ქუთაისურმა ქარმა ლითონის ფილების ნაწილი დააზიანა და ხარვეზებიც მალევე გამოჩნდა. მერიამ და შემსრულებელმა კომპანიამ თავი იმით იმართლეს, რომ ობიექტი ჩაბარებული არ იყო და ხიდზე სამუშაოების ბოლო დეტალები სრულდებოდა.

საბოლოოდ, ფილები დაამაგრეს. საზოგადოებას კი, ალბათ, ისევე, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას, ეგონა, რომ ვნებათაღელვამ გადაიარა, თუმცა, ერთ–ერთმა ფეისბუკმომხმარებელმა, რომელიც ხიდზე ამოტვიფრულ ციტატებს კითხულობდა, აღმოაჩინა, რომ ტერენტი გრანელის ლექსზე "აღსარება ქუთაისს", ავტორად კოლაუ ნადირაძე იყო მითითებული. ხარისხისა და გემოვნების დაწუნების შემდეგ, საზოგადოებამ მერიას პოეზიაში დაშვებული შეცდომა აღარ აპატია და ადგილობრივი ხელისუფლება კლავ კრიტიკის ქარცეცხლში გახვია.

დაუჯერებელია, მაგრამ თეთრი ხიდის "უხერხული" ისტორია არც ამით დასრულებულა.

ცოტა ხნის წინ სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ ხიდზე თეთრი ქვები მიიტანა. ეს ის ქვებია, რომლის განთავსებასაც მერია თავდაპირველი ესკიზის მიხედვით გეგმავდა და რომელმაც ადგილობრივთა განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ხიდზე ქვების მიტანიდან მალევე, მერიაში განაცხადეს, რომ მათ კომპანიისთვის მსგავსი დავალება არ მიუციათ. კომპანიაში კი ამბობდნენ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულეს. საბოლოოდ, მერიამ ქვები აიღო და საწყობში გადაიტანა.

ამის შემდეგ ქუთაისელებმა ჩვეულ იუმორს მიმართეს და ფრთიანი ფრაზაც გაჩნდა: "პიკასომ თქვა, წავედი მე, რუსთაველის ხიდზე გადავჯდებიო".


ასეთმა მცირე თუ დიდმა შეცდომებმა, ქალაქის მერის იმიჯი იმდენად დააზარალა, რომ გააქტიურდა საუბრები მისი თანამდებობიდან შესაძლო გადაყენებაზე. მას შემდეგ კი, რაც გიორგი ჭიღვარიამ მთვარი გამოცდა ვერ ჩააბარა და "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ქუთაისში პირველივე ტურში დამარცხდა, ხოლო, მეორე ტურში მოწინააღმდეგეს მხოლოდ ერთი პროცენტით მოუგო, არსებული ინფორმაციით, იგი დედაქალაქში დაიბარეს და სასურველი შედეგის ვერმიღების გამო უსაყვედურეს.

ამის შემდეგ ქუთაისის მერმა უკვე ღია შენიშვნა მიიღო საპარლამენტო უმრავლესობისგან. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა გიორგი ჭიღვარია ქალაქში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო საჯაროდ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ წლიდან წლამდე ქუთაისში არაფერი იცვლება.

ქუთაისის მერიამ თავი ვერც საახალწლოდ გამოიჩინა. დედაქალაქის ფონზე, სადღესასწაულოდ მორთული ქუთაისი, კიდევ უფრო უფერული გამოჩნდა. ქუთაისის მერიას ამაზე თავისი არგუმენტი აქვს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი თანხიდან 30 000 ლარი აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდების თერაპიის კურსის დასაფინანსებლად გამოყო. ოპოზიცია ინიციატივას მიესალმა, თუმცა, განაცხადეს, რომ მერიის გულწრფელობაში იმ შემთხვევაში დარწმუნდებოდნენ, თუ აღნიშნულ თანხას თვითმმართველობის კვების ხარჯებს მოაკლებდნენ და არა საახალწლო ღონისძიებებს. ქალაქში კი საახალწლო განწყობის შექმნა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

განწყობა, შესაძლოა, ნამდვილად არ იყოს საახალწლო ქუთაისის მერიის თანამშრომლებისთვის. მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში, სწორედ სადღესასწაულო დღეებში გადაწყდება ვინ დარჩება სამსახურის გარეშე. სამსახურის უფროსებმა თანამშროლების მუშაობის შეფასება უკვე წარადგინეს. იანვრის ბოლოს კი, გასათავისუფლებელ პირთა სია საჯარო სამსახურის ბიუროს გადაეგზავნება.

რეორგანიზაციას ოპოზიცია პოლიტიკურ პროცესად აფასებს და აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ამ ფორმით იმ ადამიანების დასჯას ცდილობს, ვინც, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არ აქტიურობდა.


| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
დღის სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
14:44 / 26-03-2019
სამი თვეა ქუთაისში თეთრი ხიდი ნაწილობრივ გადაკეტილია.
12:46 / 26-03-2019
იმერეთის სოციალური მუშაკები ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ შეიკრიბნენ და მთავრობას მათი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდეს.
12:45 / 26-03-2019
სოფელ გელათში მცხოვრებლებმა ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა გადაკეტეს.  
12:08 / 26-03-2019
მსგავსი სიახლეები






2018 წელს ქუთაისში დაპირება უფრო მეტი იყო, ვიდრე შესრულებული
სამუშაოები.
2018 წელს ქუთაისში დაპირება უფრო მეტი იყო, ვიდრე შესრულებული სამუშაოები.
13:20 / 29.12.2018






არასამთავრობო ორგანიზაცია
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" ქუთაისის მერიისა და საკრებულოს იმ თანამდებობის პირების შესახებ გამოქვეყნა ინფორმაცია,
16:19 / 12.07.2018






ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში
ფართების შესაძენად იმაზე გაცილებით დიდი თანხა დახარჯა, ვიდრე ეს
საჯაროდ იყო ცნობილი.
ქუთაისის მერიამ, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში ფართების შესაძენად იმაზე გაცილებით დიდი თანხა დახარჯა, ვიდრე ეს საჯაროდ იყო ცნობილი.
16:10 / 12.07.2018






ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, მას შემდეგ რაც უფლებამოსილების
განხორციელებას შეუდგა, მე-6 მოწვევის საკრებულოს მიერ ჩატარებული 10
სხდომიდან 8-ს არ დასწრებია.
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, მას შემდეგ რაც უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა, მე-6 მოწვევის საკრებულოს მიერ ჩატარებული 10 სხდომიდან 8-ს არ დასწრებია.
14:30 / 14.06.2018






ქუთაისიპოსტი  აგრძელებს ქუთაისის საკრებულოს
დეპუტატების ბიზნეს საქმიანობისა და ქონებრივი დეკლარაციების
შესწავლას.
ქუთაისიპოსტი  აგრძელებს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატების ბიზნეს საქმიანობისა და ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას.
23:19 / 09.06.2018
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ  ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.