"დანაშაულია იმ დროს დუმილი, როცა შენს თვალწინ, ადამიანებს იჭერენ“ - საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებული სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
10:32 / 16.01.2025
"ვფიქრობ, რომ ვარ უსამართლოდ გათავისუფლებული სამსახურიდან",-
გვიყვება ელზა გელაძე, რომელმაც საჯარო რეესტრის ქუთაისის ფილიალში,
დაახლოებით, სამი წელი იმუშავა.
ელზას, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად ითვლებოდა, ახალი წლის
წინა საღამოს, სატელეფონო კომუნიკაციით აცნობეს, რომ ხელშეკრულებას
აღარ გაუგრძელებდნენ. ეს იმ ფონზე, როცა მან სამსახურში,
გათავისუფლებამდე ერთი კვირით ადრე ჩატარებულ შუალედურ შეფასებაში
მაღალი ქულა მიიღო.
ელზა გელაძე გვიყვება, რომ მისი საქმიანობა საქართველოში აუზომავი და
დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთების აზომვა და დარეგისტრირება იყო. ის
სწორედ იმ მოტივით გაათავისუფლეს, რომ დაგეგმილი სამუშაოების 90%-ზე
მეტი შესრულდა და რეესტრი მისი კადრის საჭიროებას ვეღარ ხედავდა.
"მოგეხსენებათ, საჯარო რეესტრსა და თქვენ შორის გაფორმებული
შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა და ორგანიზაცია
დარჩენილი სამუშაოების მცირე მოცულობიდან გამომდინარე, მოკლებულია
შესაძლებლობას, თქვენთან გააფორმოს ახალი შრომითი ხელშეკრულება.
ძალიან დიდ მადლობას გიხდით გაწეული შრომისა და მიწის სისტემური
რეგისტრაციის პროექტის წარმატებულ შედეგებში შეტანილი
წვლილისთვის",- ვკითხულობთ გათავისუფლების განცხადებაში.
სხვაგვარად ფიქრობს საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი, რომლის
თქმითაც მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი
სამუშაოების ჯერ მხოლოდ ნახევარია შესრულებული. ამასთან, ელზა
გელაძისთვის გაუგებარია, სამსახურმა, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ
კადრი აღარ სჭირდებოდეთ, რა ლოგიკით შეიძლება დატოვოს ბევრად დაბალი
შეფასების მქონე თანამშრომელი, მაღალი შეფასების კი - გაუშვას.
"30 დეკემბერს, ღამის 11 საათზე დამირეკეს და მითხრეს, რომ
გათავისუფლებული ვიყავი, როცა წინა დღით იმაზე ვსაუბრობდით, რომ მეორე
დღეს ხელშეკრულებები გაგვეგრძელებინა. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს იყო
რამდენიმე საათში მიღებული გადაწყვეტილება",- მიიჩნევს ელზა.
ელზა გელაძე სამსახურიდან გათავისუფლებას მის პოზიციებს უკავშირებს.
ის ერთ-ერთი იყო, რომელიც "ოცნების" 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას
გაემიჯნა და პეტიციას მოაწერა ხელი (პეტიცია ქვეყანაში მიმდინარე
მოვლენებს, მათ შორის, ადამიანებზე ძალადობას ეწინააღმდეგებოდა).
ამასთან, ის ხშირად დადიოდა პროევროპულ აქციებზე და აქტიურობდა
სოციალურ ქსელშიც.
"დანაშაულია იმ დროს დუმილი, როცა შენს თვალწინ, შენი ასაკის
ადამიანებს იჭერენ, სრულიად უსამართლოდ და სცემენ. ყოველთვის მკაფიოდ
ვაფიქსირებდი ჩემს აზრს, სოციალურ ქსელშიც, სამსახურშიც. არასოდეს
დამიმალავს, რომ დავდიოდი აქციებზე. ალბათ, ამ ყველაფრის გამო
გამათავისუფლეს",- ამბობს ელზა გელაძე.
საჯარო რეესტრიდან გათავისუფლებული საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად
ბრძოლას სასამართლოს გზით აპირებს. თვლის, რომ მის ადგილას ნებისმიერი
ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
საჯარო რეესტრის ქუთაისის ფილიალიდან, ელზას გარდა, კიდევ სამი
ადამიანია გათავისუფლებული, სამივე პეტიციაზე ხელმომწერია.
იმ ადამიანებისთვის, რომლებიც, სავარაუდოდ, პოლიტიკური დისკრიმინაციის
მსხვერპლნი გახდნენ, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს"
ცხელი ხაზი აქვს ამოქმედებული.
"ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი საჯარო
მოხელე გათავისუფლდა და მიდის პროცესი მათი გათავისუფლების. ჩვენ
ვცდილობთ, ყველა ძალები მოვაბილიზოთ იმისთვის, რომ ადამიანები ამ
პრობლემის წინაშე მარტო არ დავტოვოთ",- ამბობს ორგანიზაციის იურისტი
ლელა მოწონელიძე, რომელიც სასამართლოში ელზა გელაძის უფლებებს
დაიცავს.
იურისტის განმარტებით, ცალსახად იკვეთება, რომ ადამიანების
სამსახურიდან გათავისუფლება მათი პოზიციების დაფიქსირების გამო
მოხდა.
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში პროევროპული აქციები დაიწყო, საჯარო
რეესტრიდან და სხვა საჯარო უწყებებიდან, ათობით ადამიანი
გაათავისუფლეს. მათი უმეტესობა აღნიშნულს "ოცნების" 28 ნოემბრის
გადაწყვეტილების გამიჯვნას და პეტიციაზე ხელმოწერას უკავშირებს.
ელზა გელაძესთან მიმართებაში საჯარო რეესტრის პოზიციას გათავისუფლების
განცხადებაშიც ვკითხულობთ. თუმცა, ჯამში რამდენი ადამიანია
გათავისუფლებული კონკრეტულად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან
და დეტალურად რა მოტივით? ამ კითხვებით "ქუთაისიპოსტმა" რეესტრს
წერილით მიმართა და პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ქვეყანაში, საპროტესტო აქციები 50-ე დღეა გრძელდება. მომიტინგეები
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ხელისუფლება კი
მოსახლეობის უკმაყოფილებას საპროტესტო აქციების მონაწილეთა
დაკავება-დასჯით და საჯარო მოხელეთა გათავისუფლებით პასუხობს.
ქუთაისის ცენტრალური ბაღის
რეაბილიტაციას, ისევე, როგორც სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს
ქალაქში, დაპირებიდან მის შესრულებამდე, ხანგრძლივი მოლოდინის ისტორია
აქვს.
საქმიანობაში ხელშეშლა, დაშინება, გაჩუმების მცდელობა, სიტყვიერი
შეურაცხყოფა, დარბევა, ფიზიკური ძალადობა და ახლა უკვე დაპატიმრებაც -
ასე უსწორდება "ქართული ოცნების" ხელისუფლება კრიტიკული მედიის
წარმომადგენლებს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები