ვიდეო
კედლის ნახატიდან გამქრალი იმერელი ბებო
FaceBook

ქუთაისში, ვარლამიშვილის ქუჩაზე, ფასადზე მოხატული ხაჭაპურის მცხობელი ბებოს შემორჩენილ კვალს ახლა ხარაჩოები ფარავს.



ერთ-ერთი ყველაზე დიდი გრაფიტი, რომელიც იმერეთზე, ამ მხარის გასტრონომიასა და სტუმართმოყვარეობაზე გვიყვებოდა და რომელსაც გულგრილად ვერავინ ჩაუვლიდა გვერდს, შენობიდან წაშალეს.

გაირკვა, რომ კორპუსი, რომლის ფასადზეც "ბებო" იყო გამოსახული, ავარიული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა, თუმცა, ეს ადგილობრივ თვითმმართველობაში მას შემდეგ "გაახსენდათ", რაც კედელი მოხატეს.

არადა იმერელი ბებოს ხასიათის გადმოსაცემად, თითოეულ ნაკვთზე, დეტალზე, მისი ავტორი, უკრაინელი მხატვარი საშა კორბანი თვეების განმავლობაში მუშაობდა. შედეგმაც მოლოდინს გადააჭარბა - სტენსილზე გამოსახული ერთი იმერელი ბებო, ყველას ბებოდ იქცა.

"ძალიან მოგვწონდა, მარტო ქუთათურებს კი არა, მთელს მსოფლიოს. ჩამოდიოდნენ საზღვარგარეთიდან, ნახულობდნენ. ისე არ გაივლიდა ადამიანი, არ გაჩერებულიყო და ფოტო არ გადაეღო",- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

გიგანტური სტენსილი, რომელიც ხაჭაპურის მცხობელ ბებოზე გვიყვება, ახლა თავიდან არის დასახატი. ამიტომ, ადგილობრივები მერიას ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვასა და არათანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებენ.

"თამაში ხომ არაა, გააკეთეს და ახლა წაშალეს. მერე თქვეს, გაულესავ კედელზე იყო დახატული და რომ არ წაეშალათ არ შეიძლებოდაო. ორჯერ ტყუილად თანხის გადაყრას, ჩვენ დაგვეხმარონ არ სჯობს?",- განმარტავს ქუთაისის ერთ-ერთი მცხოვრები.

ქუთაისელი გიდი ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომ თუ შენობა ავარიული იყო, ჯერ მისი აღდგენა უნდა მომხდარიყო და შემდეგ მოეხატათ და არა პირიქით, რისთვისაც ახლა თანხა დამატებით უნდა გამოიყოს.

"ქუთაისში, ბოლო პერიოდში რაც გაკეთებულა, ერთ-ერთი საინტერესო პროექტი და კარგი ტურისტული ატრაქცია იყო ეს სტენსილი. გიდებს მოგვყავდა ტურისტები მის სანახავად, ახლა კი წაშლილია. ეს არის დროის, რესურსებისა და ფინანსების არამიზნობრივი ხარჯვა. გამოვიდა, რომ ორჯერ უნდა დაიხარჯოს თანხა ერთი და იმავე საქმის გასაკეთებლად, რაც შეიძლებოდა სხვა რამეს მოხმარებოდა",- განმარტავს ბერეკაშვილი.

მისივე თქმით, "ბებოს" სტენსილის მსგავსად, ქუთაისში, სხვა პროექტებიც დაუსრულებელი და პრობლემურია, რაც უწყებებს შორის კოორდინაციის არარსებობაზე მიუთითებს.

"მაგალითად, წითელ ხიდის რეაბილიტაციის დროს, უნდა ყოფილიყო სველი წერტილი, რომელიც აშენდა, მაგრამ ვერ გაიხსნა, რადგან აქ მერია კი არა, სხვა უწყება (მგფ-ი) იყო პასუხისმგებელი მის ფუნქციონირებაზე. თითქოს პროექტი დასრულებულია, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არ მუშაობს. ანუ, იმ სიკეთებს ვერ ვიღებთ, რაც უნდა მივიღოთ ამ დახარჯული თანხის შემდეგ",- ამბობს გიდი.



რატომ მოხატეს ვარლამიშვილის ქუჩაზე არსებული შენობის ფასადი (დაახლოებით ერთი წლის წინ), თუკი ის სარეაბილიტაციო იყო?- ამ კითხვაზე ქუთაისის მერიაში არ გვპასუხობენ. მხოლოდ იმას გვეუბნებიან, რომ "ბებო", კედლის რეაბილიტაციის შემდეგ, კვლავ მოიხატება და მას ისევ მისი ავტორი დახატავს.

ბებოს სტენსილი, kutaisi Mural fest-ის ფარ­გლებ­ში, უკრაინელმა მხატვარმა საშა კორბანმა, გასული წლის ივლისში, მოხატა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

სტენსილზე რეალური ადამიანია გამოსახული. ბებო, რომელსაც ნახატზე ხელები ფქვილში აქვს და ხაჭაპურს ამზადებს, 81 წლის დალი დოღონაძეა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მასწავლებლების მარში გაიმართა.
12:13 / 03.12.2024
ქუთაისში მასწავლებლების მარში გაიმართა.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სტუდენტებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გამართეს.
17:44 / 02.12.2024
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.