რომელ პორტალზე გაიყიდება ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთები - GFF-ის განცხადება
FaceBook
ევროპის ჩემპიონატზე დასასწრები ბილეთების შეძენა ქართველ გულშემატკივრებს უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით შეეძლებათ. 
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით საბოლოო დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს. 

"როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით.

ბილეთების გაყიდვა უეფას ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, უეფასგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია სრულ ინფორმაციას მიაწოდებს გულშემატკივარს საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაციასთან და თარიღთან დაკავშირებით.

მადლობა მხარდაჭერისთვის, კიდევ ერთხელ გილოცავთ ისტორიულ გამარჯვებას და შევხვდებით გერმანიაში!",- აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

საქართველოს ნაკრები, ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში გაიმართება. გახსნის მატჩში ერთმანეთს მასპინძელი გერმანია და შოტლანდია დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონატზე პირველ თამაშს 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩავატარებთ.
Print