"ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, უცხოელი სპეციალისტი დაინიშნოს
FaceBook
"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად, შესაძლოა, უცხოელი სპეციალისტი დაინიშნოს.

ახალი მწვრთნელის ვინაობა, დაახლოებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. 

"ტორპედოში" აღნიშნულ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. კლუბში მხოლოდ იმას განმარტავენ, რომ ახალ მწვრთნელს უახლოესს დღეებში წარადგენენ. 

„ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის პოზიცია მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც კახა ჩხეტიანმა დაკავებული თანამდებობა უკვე მესამედ დატოვა. კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩხეტიანისა და „ტორპედოს“ მენეჯმენტის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.

კახა ჩხეტიანი "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი სამჯერ იყო. იგი კლუბში 2016 წლის სექტემბერში დაინიშნა, 2017 წელს გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა. მომდევნო წლებში კი "ტორპედომ" საქართველოს თასი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო. კახა ჩხეტიანის მწვრთნელობის პირობებში "ტორპედომ" პირველად ითამაშა ევროპა ლიგის პლეი-ოფში. ამის შემდეგ ჩხეტიანმა, ფინანსური კრიზისის დროს, კლუბი დატოვა და "დინამოში" გადავიდა, შემდეგ კი ისევ "ტორპედოში" დაბრუნდა, თუმცა, 2021 წელს იგი კლუბიდან გაუშვეს. 2022 წელს კახა ჩხეტიანმა მესამედ ჩაიაბარა "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელობა. 






Print