საზოგადოება
მიტოვებული შენობები და დაუცველი მოქალაქეები ქუთაისში (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში თვითმმართველობის ბალანსზე არსებული 21 ამორტიზებული შენობაა. თუმცა, უფრო  მეტია  იმ ობიექტების რაოდენობა, რომელიც კერძო მესაკუთრის მფლობელობაშია და შენობა მიტოვებულია. ამ ობიექტების სტატისტიკა მერიას არ აქვს.
მიტოვებული შენობები გარდა იმისა, რომ ქალაქის იერ-სახეს ამახინჯებენ, მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ერთ-ერთი მიტოვებული შენობიდან 9 წლის მოზარდი გადმოვარდა, მერე შემთხვევაში კი, მოქალაქეს გადმოვარდნილი აგური დაეცა.  ადგილობრივი თვითმმარველობა ამორტიზებულ კერძო ობიექტებზე შესაძლო  უბედურ შემთხვევაში პასუხისმგებლობას იხსნის და იმას განმარტავენ, რომ მათი  მოვალეობა მხოლოდ კერძო  მესაკუთრეების და  მოქალაქეების სიტყვიერი გაფრთხილებაა.  

ქუთაისში მცხოვრები თამარ მალაშხია რამდენიმე დღის წინ უბედურ შემთხვევას გადაურჩა. მისი თქმით, ქალაქის ცენტრალურ უბანში, ყოფილი ქალაქკომის შენობიდან აგური გადმოვარდა და რამდენიმე მილიმეტრით აცდა.

"ვერ გეტყვით, რომ დამცემოდა, მომკლავდა თუ არა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ შენობამ დაშლა დაიწყო და საფრთხეს წარმოადგენს," - ამბობს თამარ მალაშხია.





ასეთი საშიშროება ქალაქში არაერთ მიტოვებულ და უფუნქციოდ დარჩენილ შენობებთანაცაა.



კერძო მესაკუთრე

შენობა, საიდანაც 9 წლის მოზარდი გადმოვარდა, ამჟამად კომპანია "ვისოლის" საკუთრებაა, ისევე როგორც საცურაო აუზი "ლაგუნა" და მის მიმდებარედ არსებული ხელოვნურსაფარიანი სტადიონი.

"ლაგუნას" მენეჯერი, ელიზბარ არქანია განმარტავს, რომ მისთვის მომხდარი ინციდენტის შესახებ უცნობია. მისი თქმით, შენობა დაცულ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც შემოღობილია და უცხო პირები იქ ადვილად ვერ მოხვდებიან. რაც შეეხება, ნაგებობის სამომავლო ბედს, მენეჯერის ინფორმაციით, ეს იმ მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, რომელსაც კომპანია "ვისოლი" ქუთაისის მერიასთან აწარმოებს. შესაძლოა, თვითმმართველობამ "ლაგუნას" ტერიტორია სხვა ადგილას გაუცვალოს.

იმ შემთხვევაში, თუკი მხარეები შეთანხმდებიან, მიტოვებული შენობისთვის ფუნქციის მინიჭება ქუთაისის მერიას მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, "ვისოლი" შემდეგში გადაწყვეტს მის ბედს.

"დემონტაჟი მოხდება ან სხვა რამეს მოვიფიქრებთ," - განმარტავს "ლაგუნას" მენეჯერი, ელიზბარ არქანია.

თვითმმართველობა და მიტოვებული შენობები

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ მათ საკუთრებაში არსებული ქონების მონიტორინგს პერიოდულად ახდენენ, ხოლო შენობები, რომლებიც ამ დროისთვის უფუნქციოდაა დარჩენილი საპრივატიზაციო და სარგებლობაში გადასაცემ ობიექტების ნუსხაში ექცევა. რაც შეეხება, საფრთხისშემცველ, მიტოვებულ და მოუვლელ ობიექტებს, რომლებსაც კერძო მფლობელი ჰყავთ, მერიაში აცხადებენ, რომ პასუხისმგებლობა, სწორედ მესაკუთრეებს ეკისრებათ, ხოლო მათ მიმართ სანქციების დაწესება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას სცილდება.

"როდესაც ცნობილი ხდება, რომ ჩვენს ტერიოტირიაზე ასრებული კერძო მესაკუთრის მფლობელობაში არსებულმა ქონებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ფორმით ახდენს მოქალაქეთა გაფრთხილებას," - გვიპასუხეს ქუთაისის მერიაში.

თვითმმართველობაში განგვიმარტეს, რომ ბოლოს რამდენიმე უფუქნციო შენობის კერძო მესაკუთრე სიტყვიერად გააფრთხილეს. მათ შორის, შპს "იბერიის ვარსკვლავის" ხელმძღვანელი, დავით კოსტავა, რომელიც ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში არსებული ობიექტის მფლობელია. შენობა 2008 წლიდან უფუნქციოდაა დარჩენილი, დღეისათვის კი მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 

###
თვითმმართველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,მათ ბალანსზე არსებული 21 ამორტიზებული შენობაა.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ყოფილი მერი, ბესიკ ბრეგაძე ამბობს, რომ მსგავსი ნაგებობების რიცხვი ამ მონაცემებს ბევრად აღემატება.

"სამჯერ და ოთხჯერ მეტია ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება, რომელიც უნდა გადმოგვცემოდა და არ გადმოგვეცა. რამდენი შეიძლება იყოს ასეთი შენობები პოტენციურად, დათვლილიც არაა," - ამბობს ბესო ბრეგაძე. ის ვერც იმ აზრს იზიარებს, რომ კერძო მფლობელების მიმართ ვალდებულებების დაკისრება თვითმმართველობის კომპეტენცია არაა.

"კაცს თუ თავში ეცემა რაღაც, უნდა დაეცეს და მისი შეკეთება არ შეიძლება? ადამიანის უსაფრთხოებაზე ვალდებულება სახელმწიფოს კონსტიტუციით გააჩნია. სახელმწიფოს შემადგენელი ნაწილია თვითმმართველობაც, რომელსაც კონკრეტული ფუნქციები აქვს. რატომ არ შეიძლება გარე ფასადის მოწესრიგება მოთხოვოს თვითმმართველობამ მესაკუთრეს? კანონში თვითმმართველობის შესახებ, წესდებაში, ყველგან წერია, რომ გარე იერსახე არის ჩვენი ვალდებულება. რიონის მარჯვენა სანაპიროს რეაბილიტაციას რომ აპირებდნენ, მაშინ როგორ აპირებდნენ, ესეც ხომ კერძო საკუთრებაა?",  - ამბობს ბესიკ ბრეგაძე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემას და მასზე ზედამხედველობის განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი არეგულირებს. აღნიშნული საკითხი მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება და კოდექსის მე-16 მუხლშია გაწერილი.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციაში საფრთხისშემცველი შენობების პრობლემის მოგვარებას თვითმმართველობის სწორი მენეჯმენტის და ზედამხედველობის გაუჯობესებაში ხედავენ.

"ევროპული საქართველოს" საქალაქო ორგანიზაციაში, ასევე ამბობენ, რომ თვითმმართველობა ვალდებულია ამორტიზებული შენობების საფრთხისგან მოქალაქეები დაიცვას. თუმცა, პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემის მოგვარება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებასთან პირდაპირ კავშირშია.

"მთლიანობაში რომ შევხედოთ პრობლემას, ადგილობრივი თვითმმართველობის უპირველესი ამოცანა უნდა იყოს, შექმნას ქალაქში ისეთი საინვესტიციო გარემო, რომ ასეთი შენობებით ინტერესდებოდნენ ინვესტორები," - ამბობს "ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი, კოტე რატიანი.

ძველი და ამორტიზებული შენობების საკითხის მოგვარების საკუთარი ხედვა აქვს "ქართულ ოცნებას".  პარტიის ქუთაისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ეს საკითხი მის საარჩევნო პროგრამაშიცაა გათვალისწინებული.

"ქალაქში არ უნდა იყოს ძველი და უსახური შენობები, მათი ნაწილი უნდა გაიყიდოს. ზოგიერთი მათგანი კი სოციალურ საცხოვრისად გადაკეთდეს. ჩვენი პროგრამის მიხედვით, კვლავ იგეგმება სოციალური საცხოვრისების მშენებლობა და შესაძლებელია აღნიშნული შენობები სწორედ ამ კუთხით გამოვიყენოთ. რაც შეეხება, კერძო მფლობელებს, სახელმწიფოს გააჩნია ბევრი პროგრამა, მაგალითად "უმასპინძლე საქართველოში", რომლის ფარგლებში ძალიან ბევრმა მოქალაქემ გახსნა ე.წ. საოჯახო სასტუმრო. მსგავსი შენობები ამ კუთხითაც უნდა გამოვიყენოთ," - განმარტავს "ქართული ოცნების" ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიორგი ჭიღვარია.

ის, ასევე, განმარტავს, რომ ხელისუფლება "ხელების გადაგრეხის პოლიტიკას" ვერ აწარმოებს და თუკი, რომელიმე კერძო მესაკუთრეს, შენობის სარეაბილიტაციოდ რესურსი არ გააჩნია, მას ვერ აიძულებენ. ჭიღვარია ირწმუნება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ეკონომიკის სამინიტროს ბალანზე არსებული შენობების ქალაქის საკუთრებაში გადმოცემას მაქსიმალურად შეეცდება, რათა საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული უსახური შენობების პრობლემის მოგვარება გამარტივდეს.

FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სინოდის სხდომის მოახლოებასთან
ერთად, სადაც ერთ–ერთი საკითხი  ქუთაის–გაენათის ეპარქიის
წინამძღოლის არჩევა უნდა იყოს,  მღვდელმთავრის პოზიციის
დასაკავებლად უმაღლესი სასულიერო პირები გააქტიურდნენ.
17:07 / 12.10.2019

სინოდის სხდომის მოახლოებასთან ერთად, სადაც ერთ–ერთი საკითხი  ქუთაის–გაენათის ეპარქიის წინამძღოლის არჩევა უნდა იყოს,  მღვდელმთავრის პოზიციის დასაკავებლად უმაღლესი სასულიერო პირები გააქტიურდნენ.

ქუთაისის ცენტრში აღმართულმა საუკუნოვანმა შენობამ პირვანდელი სახე
დაიბრუნა.
16:25 / 08.10.2019
ქუთაისის ცენტრში აღმართულმა საუკუნოვანმა შენობამ პირვანდელი სახე დაიბრუნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
დღის სიახლეები
სოციალურ საცხოვრისში მცხოვრები ნემსწვერიძეების 8 სულიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ფულადი შემწეობაა, რომელიც ყოველთვიურად 540 ლარს შეადგენს.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ოჯახები აკურთხეს. ამასთან დაკავშირებით სასულიერო პირებმა წყალტუბოს ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.
ქუთაისელი ახალგაზრდების დიდი ნაწილი ქალაქს განათლების მიღებისა თუ დასაქმების მიზნით ტოვებს და დედაქალაქს სტუმრობს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა 175 ერთეული ავტობუსის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა.
ქუთაისში, სკოლა პროგრესის წინ, სიჩქარის შემზღუდველები  ნაწილობრივ მოშლილია.
ქუთაისის ააიპ „სპეციალურ სერვისებს“ 60  შტატგარეშე თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებისთვის სახსრები აღარ აქვს.
ქუთაისიპოსტი, იმერეთის მუნიციპალიტეტებში აგრძელებს ვიდეობლოგების წარმოებას, სახელწოდებით “მოქალაქის ხმა”.
ლენტეხის ცენტრში, შადრევანი,  რომელზეც ჯიხვებთან ერთად ნადირობის ქალღმერთი დალი  უნდა გამოესახათ, მის გარეშე გაიხსნა.