საზოგადოება
მაღაროელების პროტესტი კარვების ქალაქში (ფოტო/ვიდეო)
FaceBook
ოჯახი რომ არჩინოს, ყოველ მეორე დღეს 24 საათი მაღაროში შედის.

გივი შერგელაშვილი გვირაბგამყვანია.

წლების წინ ჭიათურიდან თბილისში სამუშაოდ წასული, ერთი წელია მშობლიურ კუთხეს დაუბრუნდა და მაღაროში დასაქმდა.

“მაინც აქ ჩამოვედი, მიყვარს აქაურობა, თუკი აქ მექნება სამუშაო, რატომ უნდა წავიდე სხვაგან? განა მაღაროში მუშაობა სამარცხვინოა?", – ამბობს გივი შერგელაშვილი.

გვიყვება, რომ მაღაროში გვირაბგამყვანის ანაზღაურება 300 დოლარია. სამუშაო ძალიან მძიმეა, რასაც მისი თქმით, კიდევ უფრო მძიმე პირობები ემატება.

“ადამიანად არ გვაგდებენ, ზემოდან გვიყურებენ. რადგან ჩვენი უფროსები არიან, ჰგონიათ ყვირილის უფლება აქვთ. თითქოს მუშა ადამიანი არ იყოს, ისეთ რამეს გვეუბნებიან, ბაღში რომ ეტყვიან ხოლმე ბავშვს, მაგალითად, ჭამის წინ ხელები დავიბანოთ. ეს ხომ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ცალკე ამბავია, რას გვაჭმევენ, რამდენჯერ მოვიწამლეთ", – ამბობს გივი შერგილაშვილი, რომელიც ჭიათურის მაღაროში ე.წ ვახტურ რეჟიმზე მუშაობს, თუმცა მეშვიდე დღეა მის მიერვე დასახელებულ სამუშაო პირობებს ასობით მაღაროელთან ერთად ქუჩაში აპროტესტებს. მათი ნაწილი კი შიმშილობს.

სწორედ ამდენივე დღეა ჭიათურის მაღაროში საწარმოო პროცესი შეჩერებულია.



მაღაროელები განმარტავენ, რომ წლების განმავლობაში დაგროვილმა შეუსრულებელმა დაპირებებმა, არაადამიანურმა მოპყრობამ, უყურადღებობამ, უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობამ 15 მაისს ერთბაშად ამოხეთქა და ახლა, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაჩერებას აღარ აპირებენ.



გაფიცული მაღაროელები ხელფასების 50 %–იანი მატებას, უსაფრთხოების ნორმების დაცვას, შესაბამისი სამუშაო პირობების და გარემოს შექმნას ითხოვენ.



დასაქმებულები ამბობენ, რომ კომპანია "ჯორჯია მანგანეზმა" მაღაროელებს ბოლოს ხელფასი ერთი წლის წინ, 10%–ით გაუზარდა. მათი თქმით, მაშინ კომპანიამ დასაქმებულებს სხვა დაპირებებიც მისცა, თუმცა, არცერთი მათგანი არ შესრულდა.

"ახლა ნამდვილად არ ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენი დაშინება უნდათ, მაგრამ ეს არ გაუვათ, ასეთი ფართომასშტაბიანი აქცია "ჯორჯიან მანგანეზს” არ ახსოვს", – ამბობენ ერთ-ერთი გაფიცული გიორგი იაკობაშვილი.

ამ დრომდე გაფიცულებს მერიის წინ კარვები აქვთ გაშლილი, აქციის მონაწილეების ნაწილი ქალაქის შესასვლელში დგას და კომპანიის მძიმეწონიან მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევს.





“2012 წელსაც გვქონდა აქცია და პირობების გაუმჯობესებას ვითხოვდით. პროტესტი ერთ თვეზე მეტი გაგრძელდა. მაშინ ბევრი მაღაროელი გაიყიდა და ფუჭად ჩაირა ერთთვიანმა გაფიცვამ. სწორედ ამიტომ გვინდა ვუთხრათ კომპანიას, რომ არ ვიყიდებით” – აცხადებენ მოშიმშილეები.

ჭიათურაში სულ 11 მაღაროა, სადაც 3 300 ადამიანია დასაქმებული. მაღაროელების თქმით, ყველაზე მაღალი ანაზღაურება 800 ლარს, ხოლო ყველაზე დაბალი 240 ლარს შეადგენს.

“ჯორჯიან მანგანეზი” გაფიცულების მოთოვნის დაკმაყოფილებას მხოლოდ ნაწილობრივ თანხმდება. პარალელურად, კომპანია უკანონო გაფიცვაში მონაწილეობისთვის გაფიცულების წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს.

მაღაროელები ამბობენ, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ შეთავაზებული ხელფასების 25%-იანი მატება ტყუილია და მათ მხოლოდ 15%-იას ზრდას სთავაზობენ, რომელსაც საშემოსავლოც გამოაკლდება. ჭიათურელების თქმით ეს არსებულ მდგომარეობას არ შეცვლის.

"ჩვენი მოთხოვნაა ხელფასის 30 პროცენტის ახლავე მომატება, ხოლო წლის ბოლომდე დანარჩენი 20 პროცენტის მატება", - აცხადებენ მაღაროელები, რომლებიც კომპანიის მხრიდან მათი დაშინების მცდელობაზეც საუბრობენ.

გაფიცულების თქმით, "ჯორჯიან მანგანეზი" გამუდმებით უგზავნის სმს-ეს, სადაც ეუბნებიან, არ აყვნენ პროვოკაციას და არ შეუერთდნენ აქციას. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუწყდებათ შრომითი ხელშეკრულება.

"ამით დაშინება უნდათ, არ მოვტყუვდებით. ნამდვილად არ გვიხარია კარავში ყოფნა. ჩვენ მათ ცხვრები ვგონივართ, მაგრამ სინამდვილეში მგლები ვართ. ამჯერად არ დავნებდებით", – ამბობს გივი შერგილაშვილი.

შიმშილობისა და პროტესტის მე-7 დღეს, ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს საბაგიროსა და ტრესტის თანამშრომლები შეურთდნენ.

“იძულებულები გავხდით მუშაობა გაგვეჩერებინა, რადგან იქ უნდა ვიყოთ, სადაც ჩვენი მეუღლეები, ძმები და შვილები დგანან", - ამბობს ითხვისის საბაგიროს თანამშრომელი, მაია აბესაძე.

კარვების ქალაქად ქცეულ ჭიათურაში პროტესტი არ წყდება. მაღაროელთა თქმით, ხალხის ნაკადი ყოველდღე იზრდება და არ შეჩერდება მანამ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.




***
„ჯორჯიან მანგანეზის“  ინფორმაციით:  ჭიათურის სამთო გამამდიდრებელ კომბინატში 3214 თანამშრომელია დასაქმებული, რომელთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება 1002 ლარია. მუშა-მოსამსახურეების ხელფასი 924 ლარია; კომპანიის სახელფასო ფონდი თვეში საშუალოდ შეადგენს 3.143.000 ლარს, სადაც ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ხელფასის წილი 21,1 %-ს შეადგენს, ხოლო მუშა-მოსამსახურეთა - 78,9 %-ს. კომპანიის ონფორმაციით, თანამშრომლები ასევე, სარგებლობენ სამედიცინო დაზღვევის, ტრანსპორტის და კვების შეღავათებით, რომლის ჯამური ხარჯი თვეში 610.000 ლარია.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან
ბეტონის მასალები ცვივა.
11:46 / 18.12.2023
ქუთაისში, მესხიშვილის ქუჩაზე მშენებარე საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის მასალები ცვივა.
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის
იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.
17:15 / 11.12.2023
ანტიკორუფციული ბიურო  ქუთაისის მერის  მოადგილის იუზა  უგულავას საქმიანობით დაინტერესდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.