სამართალი
მერიის აიპიდან გათავისუფლებულის სასამართლო საქმე - 3 წლიანი დავა და მიღებული 40 000 ლარი
FaceBook
მოქალაქეები სხვადასხვა სამართლებრივ დარღვევაზე ხშირად მიმართავენ სასამართლოს. გადაწყვეტილების მოლოდინში ხშირ შემთხვევაში დიდ დროს ხარჯავენ, თუმცა, სამართლებრივი გზით საკუთრი უფლებების დასაცავად ბრძოლას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ.

“ქუთაისიპოსტი” იწყებს ჟურნალისტური მასალების სერიას, იმერეთის მუნიციპალიტეტებში, რაიონულ თუ მაგისტრ სასამართლოებში განხილულ კონკრტულ საქმეებზე, რითაც მოგიყებით, როგორია სასამართლოების გადაწყვეტილებები და მუშაობის პრაქტიკა საქმეების განხილვის ვადებთან დაკავშირებით.


მაიას საქმე


მაია კახნიაშვილი ააიპ „ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვისცენტის“ უფროსის მოადგილის პოზიციიდან 2019 წელს გაათავისუფლეს. კახნიაშვილი ამბობს, რომ სამსახურიდან ზესტაფონის მერის გადაწყვეტილებით მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ აღნიშნულ პოზიციაზე დაესაქმებინათ ის ადამიანი, რომელმაც არჩევნებზე მერს ხმები “მოუგროვა”. (ზესტაფონში 2019 წლის 19 მაისში მერის შუალედური არჩევნები გაიმართა).

„ერთ მშვენიერ დილას, უნდოდა ვიღაც სამსახურიდან გაეშვა და ეს აღმოვჩდი მე. ასე უკანონოდ, ადგა ქალაქის მერი და დაწერა ჩემი გათავისუფლების შესახებ ბრძანება. ამას დამატებული, მერი არ იყო უფლებამოსილი პირი ჩემი გათავისუფლების, რადგან სამსახურში არა მან, არამედ ააიპ-ის ხელმძღვანელმა დამნიშნა“, - ამბობს მაია კახნიაშვილი.

მაია გვიყვება, რომ მისთვის ერთადერთი გამოსავალი სასამართლო იყო, სადაც უნდა დაემტკიცებინა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლება.

„მიუხედავად იმისა, ვიცით, სასამართლო როგორიც გვაქვს, გააზრებული მქონდა, დავა გრძელვადიანი იქნებოდა, მე მაინც გადავწყვიტე სამართლებრივი დავა დამეწყო.  მინდა ყველამ იცოდეს, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ არ იბრძოლებ, არაფერი იქნება“, - აღნიშნავს მაია კახნიაშვილი.

გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება - ამას ითვალისწინებდა სარჩელი, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ქუთაისის ფილიალის იურისტმა მოამზადა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ შოთა ნიკურაძემ, მაიას საქმეზე გადაწყვეტილება, სარჩელის შეტანიდან რამდენიმე თვის  შემდეგ მიიღო.

„2020 წლის 17 მარტს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ჩვენი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფლა. მოსამართლის გადაწყვეტილებით , ააიპს დაევალა დაუყონებლივ აღედგინა სამსახურში მაია კახნიაშვილი და აენაზღაურებინათ განაცდურიც“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი  ლელა მოწონელიძე.

თუმცა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ააიპ  „ზესტაფონის დასუფთავების და კეთილმოწყობის სერვისცენტისთვის“  საკმარისი არ აღმოჩნდა. ზესტაფონის მერიას დაქვემდებარებული ააიპ ორგანიზაცია არ დაემორჩილა მოსამართლის გადაწყვეტილებას.

„არც სამსახურში აღმადგინეს და არც კუთვნული ანაზღაურება მომცეს. მხოლოდ სამი თვის განაცდური გადამიხადეს", - გვიყვება მაია.

ააიპმა სასამართლოს გადაწყვეტილება, აღსრულების ნაცვლად, სააპელაციოში გაასაჩივრა. დავა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ უზენაეს სასამართლოში გაგრძელდა, რომელიც საბოლოოდ 2021 წელს დასრულდა.

ორივე ინსტანციის განჩინების თანახმად, ძალაში დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა, სამი ინსტანციიდან მიღებული ერთი პასუხის მიუხედავად, ზესტაფონის მერიის ააიპ ორგანიზაციამ მაინც არ აღასრულა იგი.

„განაცდურს სრულად არ აძლევდა იმ მოტივით, რომ მისი დაბრუნება სამსახურში ვერ ხერხდებოდა. შესაბამისად, მათი პასუხით, არ იმსახურებდა განაცდურს. რატომ ვერ ახერხებდა? იმიტომ რომ მათი განცხადებით, უკვე შტატი სხვა ადამიანით შეავსეს. ამის შემდეგ ჩვენ გამოვიყენეთ ყველა ბერკეტი რაც კი არსებობს - სააღსრულებო ბიურო, სახალხო დამცველი, საჯარო განცხადებები და ბოლოს, მივმართეთ პროკურატურას“, - ამბობს ადვოკატი ლელა მოწონელიძე.

პროკურატურა ადმინისტრაციულ დავებში იმ შემთხვევაში ერთვება, როცა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება. ადვოკატი, ლელა მოწონელიძე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ ძალაში მიღებული გადაწვეტილების აღუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

მაია კახნიაშვილის საქმეზე, 2022 წლიდან დავა პროკურატურაში სწორედ უზენაესი სასამართლოს განჩინების აღსრულებისთვის გაგრძელდა.

„ამ მიმართულებით დავიწყეთ საქმის წარმობა, რასაც თავის მხრივ, დიდი დრო დასჭირდა. საბოლოოდ, 2019 წელს დაწყებული სასამართლო დავა 2023 წლის აპრილში დასრულდა, მას შემდეგ, რაც ააიპ ორგანიზაციამ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულა“.


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის იურისტი მალხაზ მაჭავარიანი ამბობს, რომ ადმინისტრაციული დავების დიდი ნაწილი სამივე ინსტანციას გადის.

„ასე ვთქვათ, წესია ასეთი. ამიტომაც ამ დავამაც გაიარა სამივე ინსტანცია. ამ ხნის მანძილზე გამოსავლის გზებს ვეძებდით. სასამართლომ კი მიიღო მოსარჩელის სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება, მაგრამ ის პოზიცია უკვე ვაკანტური აღარ იყო“, - ამბობს იურისტი. მისი თქმით, კახნიაშვილის საქმეზე მუნციპალიტეტმა სრულად აღასრულა უზენაესი სასამართლოს განჩინება.

საბოლოოდ, მაია კახნიაშვილს უკანონოდ სამსახურიდან გათავისუფლების დასამტკიცებლად სამი წელი და სამი თვე დასჭირდა. უზენაესი სასამართლოს განჩინების საფუძველზე იგი სამსახურში აღადგინეს, განაცდურის სახით კი 40 ათას ლარამდე მიიღო.

„დავა დავიწყე არა იმის გამო, რომ მე სამსახურში დავბრუნებულიყავი, არამედ იმისათვის რომ სამართლიანობა აღმედგინა. თუკი გვინდა, რომ დემოკრატიული საზოგადოება გვქონდეს, უნდა ვიბრძოლოთ, სწორედაც თითოეული ჩვენგანის ბრძოლით მიიღწევა დემოკრატია. მართალია, ამ პერიოდში იყო ბევრი ნერვიულობა, იმედგაცრუება და გულგატეხილობა, მაგრამ საბოლოდ, მაინც კმაყოფილი ვარ სასამართლოს გადაწყვეტილებით", - ამბობს მაია, რომელმაც სამსახურში აღდგენის დღესვე დაწერა გათავისუფლების შესახებ განცხადება.

ის, რომ კახნიაშვილი არ არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც უფლების დასაცავად სასამართლოს მიმართავს, ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.

ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. მაგალითად, სამოქალაქო დავაზე 2022 წელს 337 საქმით მეტით შევიდა 2021 წელთან შედარებით.

ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში ბოლო 4 წლის განმავლობაში განხილული სამოქალაქო საქმეების სტატისტიკა:


რა დრო სჭირდება საქმეების განხილვას

სასამართლო დავების განხილვის ვადები კანონმდებლობითაა განსაზღვრული.

სასამართლო სამოქალაქო საქმეს განიხილავს განცხადების მიღების დღიდან არაუგვიანეს 2 თვისა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად). განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე, მისი განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 5 თვისა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იგივე წესი მოქმედებს ადმინისტრაციული დავების მიმართ.

ასევე, განსაზღვრულია სასამართლოში საქმის წარმოების ვადებიც:

სარჩელის შეტანიდან სასამართლოს (მოსამართლეს) 5 დღის ვადაში გამოაქვს განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღების ან საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

რატომ ჭიანურდება დავების განხილვის პროცესი?

ის, რომ სასამართლო დავები კანონით განსაზვრულ ვადაზე მეტხანს გრძელდება, სიახლე არავისთვისაა. „სასამართლო სისტემა ამას გადატვირთული გრაფიკით ხსნის“, - ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის იურისტი ზაალ გორგიძე.

სასამართლოს სადამკვირებლო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებელი, ნაზი ჯანეზაშვილი იმ რამდენიმე მიზეზს განგვიმარტავს, თუ რატომ ხდება სასამართლოებში დავების გაჭიანურებულად განხილვა.

„პირველი - გამოწვეულია მოსამართლეთა მცირე რაოდენობით; მეორე - არასათანდო მენეჯმენტით. ამ შემთხვევაში იგულისხმება მთლიანად სასამართლო სისტემის დამოკიდებულება საქმეების მიმართ; ამის გარდა, მართვის მოდელი და აგრეთვე, ინდივიდუალურად, მოსამართლის მხრიდან საქმისადმი არასათანდო დამოკიდებულება, როგორც მენეჯერის“, - აღნიშნავს ნაზი ჯანეზაშვილი.

მოსამართლე სიმცირით გამოწვეული პრობლემებზე და გახანგრძლივებულ ვადებზე საუბარია IDFI-ის კვლევაშიც.

“საქართველოს სჭირდება 410 მოსამართლე, რაც ბევრად აღემატება საერთო სასამართლოებში მოსამართლეების ამჟამინდელ რაოდენობას (დაახლოებით 310). დატვირთულობის ამჟამინდელი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 410 მოსამართლის შემთხვევაშიც კი, საქართველოს სასამართლოებს მაღალი დატვირთულობა ექნებათ იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც სასამართლო სისტემები კარგად მუშაობს“, - ვკითხულობთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) 2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში.

IDFI-ის რეკომენდაციით, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთი ძირითადი ფუქციაა.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საბჭომ სრულყოფილად უნდა შეისწავლოს ვადების დაცვის/დარღვევის თაობაზე ინფორმაცია, მათ შორის, საქმეთა გაჭიანურების ხანგრძლივობა, ასევე სასამართლოების დატვირთულობისა და საქმეთა განხილვის მაჩვენებლები.

იურისტები იმ შედეგებზეც მიუთითებენ, რაც შეიძლება მოჰყვეს დროში გახანგრძლივებულ დავებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ქუთაისის ფილიალის იურისტი, ლელა მოწონელიძე ამბობს, რომ სასამართლოს მხრიდან ხშირად, გადაწყვეტილება მაშინ დგება, როცა ის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის.

სასამართლოს სადამკვირებლო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი ზარალი რაც შეიძლება გამოიწვიოს ამ პრობლემამ არის ის, რომ რეპუტაციული ზიანი ადგებათ იურისტებსაც: “მხარეები მათ ეჭვის თვალით უყურებენ იმის გამო, რომ პროცესიც კი არ ჩაინიშნა, ეს მაშინ როცა დიდი იმედი აქვთ ადვოკატის და თვლიან, რომ მათი ჩარევის შემდეგ საქმე მათ სასარგებლოდ გადაწყდება. ამის გარდა, არის დიდი ფინანსური ხარჯი და ემოციური დატვირთვაც“.

“სასამართლო გუშაგში” მიაჩნიათ, რომ გაჭიანურებული სასამართლო დავები აზარლებს ქვეყნის ეკონომიკასაც. ასეთი არის ბიზნეს დავები, ქონებრივი დავები, სადაც მათი საქმიანობის გაგრძლება სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

„ამერიკაში, სამართლებრივი დავები, რომელიც ქირავნობას ეხება, საოცრად სწრაფ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან ერთი მხრივ, ბიზნესს არ მიადგეს ზარალი, ხოლო მეორეს მხრივ, მოქალაქეებში უნდობლობა არ გაჩნდეს გაჭიანურებული დავების გამო“, - აღნიშნავს ჯანეზაშვილი.

რატომ უნდა მი(ვ)მართოთ სასამართლოს

დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც მთავარი პრიორიტეტი ადამიანია, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამართლიან სასამართლოს. იმას, რომ მოქალაქემ, ყველანირი სამართლებრივი ბერკეტით, შეძლოს დაამტკიცოს ან აღადგინოს დარღვეული უფლება.

იურისტები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს გზით მოგებული თითოეული დავა, მინიმუმ ერთი დარწმუნებული ადამიანია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მიმართავს სასამართლოს. თუმცა, იქვე ხაზს უსვამენ, რომ სასამართლო სისტემის მტერი არის დრო, რომელსაც უსასრულოდ იყენებს სამივე ინსტანციის სასამართლო.

„ძალიან კარგია, როდესაც გვაქვს წარმატებული, მოგებული დავები მოქალაქეების სასარგებლოდ. ამაზე უნდა ვისაუბროთ კიდევაც, თუმცა ეს არ არის საკმარისი დემოკრატიული და სამართლიანი სასამართლოს სისტემის მისაღწევად, კომპლექსური მიდგომა და მუშაობაა საჭირო,“ - აღნიშნავს სასამართლოს სადამკვირებლო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებლის, ნაზი ჯანეზაშვილი.


სტატია მომზადდა “ქუთაისიპოსტის” მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქუთაისიპოსტი” და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

The article was prepared by the Kutaisipost.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI).
The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია
საქართველოსთვის უცხო არ არის.
12:00 / 30.04.2024
იპოთეკური სესხის გამო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ტრაგედია საქართველოსთვის უცხო არ არის.
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების
დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის
მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა
სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.
17:09 / 28.04.2024
საჯარო უწყებიდან გათავისუფლებულმა სამსახურის უფროსმა უფლებების დასაცავად 5 წელი იბრძოლა. შედეგად, მერთან სამართლებრივი დავის მოგება და 80 000 ლარამდე ოდენობის თანხის მიღებაც შეძლო, თუმცა სამსახურში დაბრუნებაზე უარი პრინციპულად განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.