სამართალი
ინცინდენტი რესტორანში - ნაცემი პოლიციელი და მოჩხუბარი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
FaceBook
სადღესასწაულო სუფრა რესტორან "წინა ველში", სადაც ბაღდათის საკრებულოს წევრები ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ, ჩხუბით დასრულდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ გიორგიძე ჯერ კოლეგებს ეჩხუბა, ბოლოს კი მათ გასაშველებლად მისულ მოქალაქეს გრაფინი ჩაარტყა. დაზარალებული შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.

ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ნოდარ გიორგიძე სამსახურში არ იყოფებოდა. ბაღდათის საკრებულოში განგვიცხადეს, რომ ის ექიმთან იყო. ის არც სატელეფონო ზარებს პასუხობს.

შსს-მ რესტორან "წინა ველში" მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. რა სახის პასუხისმგებლობა დაეკისრება ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გამოძიების დასრულებამდე უცნობია. კანონმდებლობა კი ამ დანაშაულისთვის ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რას ამბობენ რესტორანში

8 მარტს რესტორან  "წინა ველში" რამდენიმე სადღესასწაულო შეკვეთა მიიღეს. ერთ-ერთი იყო ბაღდათის საკრებულოს წევრების  შეკვეთაც, რომლებიც მეუღლეებთან ერთად ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ. რესტორანში გვითხრეს, რომ სუფრა 30 პერსონაზე იყო გაშლილი.

სტუმრებს იმ დღეს მიმტანი შალვა ბურჯანაძე ემსახურებოდა. მისი თქმით, ხმაური და შელაპარაკება მაშინ მოხდა, როდესაც სუფრა თითქმის ცარიელი იყო. თუმცა, ის ამტკიცებს, რომ შელაპარაკების მიზეზი მისთვის უცნობია და არც ის იცის, ვისთან მოუვიდა კამათი ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს.

"არ ვიცი ზუსტად რა მოხდა, ხმაური გავიგონე და დეტალები არ ვიცი. გვიანი იყო, სტუმრები მიდიოდნენ უკვე," - გვიყვება შალვა ბურჯანაძე.
საქმის დეტალები არ იცის არც მეორე მიმტანმა, რომელიც იმ დღეს რესტორნის სტუმრებს ემსახურებოდა.

"ძირითადად, გარეთ კუპეებს ვემსახურებოდი. ვიცი, რომ დარბაზში რამოდენიმე სუფრა იყო. რომ გამოვედი, ხმაური და ჩოჩქოლი იყო ეზოში. თუმცა, ჩხუბი და გაწევ-გამოწევა არ იყო. ამ დროს შემოვედი შიგნით და გარეთ აღარ გავსულვარ, რადგან ეს გვეკრძალება," - ამბობს მაკა ჭარხალაშვილი.

რესტორნის თანამშრომლების თქმით, ჩხუბის შედეგად მხოლოდ ერთი ჭიქა და თეფში გატყდა, ამის შესახებ კი მათ პოლიციისგან შეიტყვეს. ორივე მიმტანი სამართალდამცავებმა უკვე დაკითხა. ისინი ამტკიცებენ, რომ დაკითხვის დროსაც იგივე განაცხადეს, რაც ჩვენთან საუბრისას.

რესტორან "წინა ველში" ზუსტად ვერ აკონკრეტებენ ვინ გამოიძახა საპატრულო პოლიცია. ამას არც მიმდებარე ბენზინგასამართი სადგურის სადღეღამისო მარკეტში ამბობენ. თუმცა, მაღაზიის თანამშრომელი ადასტურებს, რომ მან პატრულის ეკიპაჟთან ერთად, სასწრაფო დახმარების მანქანაც შენიშნა.

რას ამბობენ ბაღდათის საკრებულოში

"წინა ველში" მომხდარის შესახებ განმარტებებს არ აკეთებენ სადღესასწაულო სუფრის წევრებიც. საუბარი არ ისურვა ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარემაც. შალვა მშვილდაძემ მიზეზად ის დაასახელა, რომ 8 მარტს, ქალაქის მერთან ერთად, მივლინებაში იმყოფებოდა.

საკრებულოს თავმჯდომარის მდივანმა, მარიკა ჩიქვინიძემ კი გაგვიცხადა, რომ სადღესასწაულო სუფრა ადრე დატოვა და შესაბამისად, სხვა დეტალები მისთვის უცნობია. თუმცა, მისივე თქმით, კამათი იმ დროს მოხდა, როდესაც სუფრასთან მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო შემორჩენილი, მათი ვინაობა კი ვერ დაგვისახელა. მარიკა ჩიქვინიძემ ვერც საკრებულოს თანამშრომლებს შორის მომხდარი ჩხუბის მიზეზზე ისაუბრა.

ნოდარ გიორგიძე ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე ის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სხდომის მდივნად მუშაობდა. საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გახლდათ მისი ნათესავი, დავით ახალბედაშვილი, რომელიც ამჟამად მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გახლავთ.

ნოდარ გიორგიძის მეუღლე კი დღემდე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სხდომის მდივნის პოზიციაზე მუშაობს.

დაზარალებული

რაცა შეეხება, პიროვნებას, რომელსაც ბაღდათის საკრებულოს მოადგილემ ჩხუბის დროს გრაფინი ჩაარტყა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, შოთა გეგეშიძეა. ის დაცვის პოლიციაში მუშაობს. მომხდარ ინციდენტზე დაზარალებული არ საუბრობს. თუმცა, მისი მამის, ვალერი გეგეშიძის ინფორმაციით, 8 მარტს შოთა გეგეშიძე, ბიძაშვილებთან ერთად, რესტორან "წინა ველში" ახლადშერთული მეუღლის დაბადების დღეს აღნიშნავდა.

"რა მოხდა არ ვიცი. თვითონაც მის ბიძაშვილებს ეკითხებოდა რა მოხდაო," - ამბობს ვალერი გეგეშიძე ჩვენთან საუბარში.

მისივე ინფორმაციით, შოთამ თავის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო და საავადმყოფოდან იმ ღამესვე გაეწერა.

დაცვის პოლიციის პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ შოთა გეგეშიძე სამსახურებრივ მოვალეობას მომხდარი ინციდენტიდან მეოთხე დღეს შეუდგა.
სამართალდამცავები.
***
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რესტორან "წინა ველში" მომხდარზე გამოძიება სსკ 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. საქმეს თავდაპირველად თერჯოლის პოლიცია იძიებდა, თუმცა მოგვიანებით ის იმერეთის სამხარეო პოლიციამ გადაიბარა. თუ რატომ მოხდა საქმის გადატანა სამხარეო პოლიციაში, შსს-ში აცხადებენ, რომ ამას მნიშვნელობა არ აქვს.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში
დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების,
ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას
განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას
ართმევს.
14:18 / 01.04.2024

ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე უხეში დარღვევაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრებისა და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა,
562 საქმე კი მორიგებით დასრულდა - ასეთია აღსრულების ბიუროს 2023
წლის მონაცემები.
10:46 / 15.03.2024
აღსრულების პოლიციამ საქართველოს მასშტაბით 600-მდე ოჯახი გამოასახლა, 562 საქმე კი მორიგებით დასრულდა - ასეთია აღსრულების ბიუროს 2023 წლის მონაცემები.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.