პოლიტიკა
არჩეული მერის 3 წლიანი პოლიტიკა ქუთაისში
FaceBook
სამი წელი და ორი კვირა - სწორედ, ეს დროა გასული 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან აქამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველად ქუთაისს არჩეული მერი მართავდა.

ვის და როგორ დაამახსოვრდება შოთა მურღულია, როგორც ქუთაისის პირველი არჩეული მერი, ამ საკითხზე ადგილობრივი ოპოზიციური პარტიები შეფასებებს აკეთებენ. მანამდე კი, ამომრჩევლები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები გამოვკითხეთ. ოპოზიცია ქუთაისის მერის მოღვაწეობას აკრიტიკებს, მოქალაქეთა, მედიისა და მესამე სექტორის აზრი კი ნახეთ ვიდეოგამოკითხვაში, რომელიც მიმდინარე წლის მაისში მოვამზადეთ:



თავად, ქუთაისის მერი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ პოლიტიკური თანამდებობის მიუხედავად, მეურნე მერია, თუმცა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა მაინც მოუხდა. მისი თქმით, ეს იმაზე აისახა, რომ ქუთაისის თვითმმართველობა, სხვა თვითმმართველობებს შორის, ყველაზე სტაბილურია და მან ISO სერიფიკატიც კი მოიპოვა.

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გია თევდორაძე (ყოფილი მერი) ამბობს, რომ მოქმედმა მერმა ქუთაისს, უსაფრთხოების კუნძულების გარდა, ახალი ვერაფერი შემატა და ის მომავალ თაობებს საშუალო სტატისტიკის ხელისუფლად დაამახსოვრდება.

"იმ ეპოქალური მნიშვნელობის გადაწყვეტილების მიღების დროს, რასაც ქუთაისის საპარლამენტო სტატუსის მქონდე ქალაქად გადაქცევა ჰქვია, აირჩია სამარცხვინო და კოლაბორაციონისტული ქმედებები," - ამბობს გია თევდორაძე.

ქუთაისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ნატო ქათამაძე ქალაქის მერს როგორც პოლიტიკოსსაც იწუნებს და როგორც მეურნესაც. ის შოთა მურღულიას "საკუთარ თავზე შეყვარებულ ნარცისს" უწოდებს და ამბობს, რომ მას მხოლოდ მისი გარემოცვის კეთილდღეობა ადარდებს.

"ის რომ პოლიტიკოსი იყოს, იმ დივიდენდებს, რაც ჰქონდა "ქართულ ოცნებას", არ გააცამტვერებდა. ის რომ მეურნე იყოს, მაშინ ქალაქს უფრო ფეხზე დააყენებდა და არა ისე, რომ პარალიზებულია ქალაქი," - ამბობს ნატო ქათამაძე.

ქალაქის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი და უქიმერიონის მაჟორიტარი, ზაზა ლომინაძე კი შოთა მურღულიას საქმიანობას დადებითად აფასებს.
"დადებითად ვაფასებ, მეტი რა გითხრათ," - განმარტავს ზაზა ლომინაძე.

თუმცა, ზოგიერთი პოლიტიკოსი თვლის, რომ იმ ფონზე, როდესაც თვითმმართველობა რეალურად დამოუკიდებელი არაა, ქუთაისის მერს სხვა გზა არ დარჩენია.

"თუ რეალური თვითმმართველობა არ იქნა და მაინც ცენტრია ყველაფერი, იშოვის ფულს აბა რას იზამს. სტადიონზე დროშას აწევენ თუ დაწევენ, ეს მერის გადასაწყვეტი არაა, თუმცა საყვედური მაინც მას ხვდება, ამიტომ ამას შეგუებულია და ადგება და გადავა ფულის შოვნაზე. ამ ფულის საშოვნი ადგილისთვის მიდის თავქუდმოგლეჯილი ბრძოლა. საერთოდ პოლიტიკური ცხოვრებაა მკვდარი მთელს ქვეყანაში და მათ შორის, ქუთაისშიც," - მიაჩნია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გოგი წულაიას.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი თვლიან, რომ ამ დროისთვის "ქართული ოცნების" რეიტინგი კრიტიკულ ზღვარს მიღმაა, ხოლო ქუთაისის მერი კი გადათხრილი ქალაქით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით, ცენტრალური მოედნის დამახინჯებით და უსახური შენობებით, ნეპოტიზმითა და საკუთარი ახლობელების დანიშვნით დაამახსოვრდებათ.

"ასევე, თავს დაგვამახსოვრებს ტრანსპორტის ტარიფის გაძვირებით და ბავშვებისათვის გადასახადის შემოღებით. კარგი იყო ორმაისობისთვის დახაზული ზებრაგადასასვლელები, თუმცა უხარისხო საღებავით იხატება და ძალიან მალე წაშლილია და ამაშიც სერიოზული თანხები იფლანგება," - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გიგა შუშანია.

ქუთაისის ადგილობრივ ოპოზიციურ წრეებში მიაჩნიათ, რომ ქალაქის მერი ცენტრიდან მეტად დამოუკიდებელი უნდა იყოს ისევე, როგორც საკრებულომ რიგი საკითხები მერიისგან დამოუკიდებლად გადაწყვიტოს. ოპოზიციაში თვლიან, რომ ქალაქის საკანონმდებლო ორგანო მთლიანად შოთა მურღულიას ემორჩილება.

"4 წელი კარგად მოეწყვნენ და სურვილიც არ აქვთ, რომ რამე საწინააღმდეგო გამოთქვან. ამის "ჟილკა" არც მთავრობაში აქვთ და არც საკრებულოში," - ამბობს გოგი წულაია.

"საკრებულო მორჩილია მერის, უფრო მეტიც, ის ნოტარიუსად გადაიქცა და ხელს აწერს მის ყველა შემოტანილ საკითხს," - ეს კი ნატო ქათამაძის მოსაზრებაა. ის ამბობს, რომ საკრებულოს სხდომამდე ერთი დღით ადრე, საკითხები შოთა მურღულიასთან წყდებოდა, ის "ალაითებდა" სიტუციას და "საკრებულო ჯიბეში" ჩაისვა.

ამ მოსაზრებას არ იზიარებს ქუთაისის საკრებულოს წევრი, ზაზა ლომინაძე. ის ამბობს, რომ პირადად დამოუკიდებელია და 3 წლის განმავლობაში უმრავლესობის გადაწყვეტილებებს ბევრჯერ შეეწინააღმდეგა.

"გადახედეთ და ნახავთ, რამდენჯერ წავსულვარ წინააღმდეგი უმრავლესობის წარმოდგენილ პროექტზე. ჩემს მიმართ ეს არ ითქმება და თუკი ვინმე იქცა "ნოტარიუსად", არ ვიცი, მაგრამ ვთვლი, რომ დეპუტატებიც დამოუკიდებელი არიან. თუნდაც, ნატო ქათამაძეა ამის მაგალითი, რომელიც "რესპუბლიკური პარტიის" წევრი იყო, ასევე რობინზონ წინწკალაძეც," - ამბობს ზაზა ლომინაძე.

ის, რომ მერიასა და საკრებულოს შორის 4 წლის განმავლობაში დაპირისპირება არ ყოფილა ქუთაისის მერიც ადასტურებს. თუმცა, ამბობს, რომ ეს ამ ორ რგოლს შორის თანამშრომლობის შედეგია.

"გაგიგიათ რაიმე დაპირისპირება მერიასა და საკრებულოს შორის, ჩავარდნილა რაიმე თემა? არ არსებობს თემა, რომელიც მერს და საკრებულოს ერთად არ გაევლოთ," - ამბობს შოთა მურღულია.

ქუთაისის საკრებულოსა და მერის თანამშრომლობაზე საუბრობს ქალაქის ყოფილი ხელისუფალი. გია თევდორაძე იხსენებს, რომ "ნაციონალური მმართველობის" დროს საკანონდებლო ორგანო გაცილებით სოლიდური იყო და პოლიტიკური სახეებისგან შედგებოდა.

"მართალია, სხდომებამდე არასოდეს მისულა ეს მომენტი, მაგრამ ოპონირების რეჟიმი იყო. დღეს კი სუსტი ადამიანები შეარჩია მმართველმა გუნდმა, რაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სტილია და საკრებულო თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. სამწუხაროდ, მას აქვს სტატისტის და ნოტარიუსის ფუნქცია, ვიდრე სრულფასოვანი და სრულუფლებიანი პოლიტიკური მოთამაშის და არ არის იმ გამოწვევების პასუხის გამცემი, რაც მას უნდა ჰქონდეს წესით და რიგით," - ამბობს გია თევდორაძე.

ქუთაისის საკრებულო და მერია ამჟამინდელი შემადგენლობით საქმიანობას მიმდინარე წლის 22 ოქტომბრამდე გააგრძელებს. სწორედ, ეს დღე პრეზიდენტმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღად გამოაცხადა.

ქუთაისში უკვე წინასაარჩევნო კონსულტაციები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებშიც დაწყებულია. ბოლო ინფორმაციით, "ოცნება" მერის პოსტზე ქუთაისის მოქმედი მერის, შოთა მურღულიას კანდიდატურას უჭერს მხარს, იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, გიორგი ჭიღვარია კი დაბლოკა, რომელიც ამ დრომდე მერობის ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებოდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავად მურღულიას, ქალაქის მერად მეორე ვადით არჩევის სურვილი არ აქვს. თუმცა, აცხადებს, რომ რიგითი ჯარისკაცია და მზად არის ქვეყანას ემსახუროს.

ოპოზიცია ვარაუდობს, რომ თუკი შოთა მურღულიას ნაცვლად, კანდიდატად სხვა დასახელდება, მოქმედი მერის კადრებს ახლადარჩეულის კადრი ჩაანაცვლებს.
ქუთაისის საკრებულოს წევრს, ნატო ქათამაძეს საუბარი იმაზე, რა პოლიტიკას განახორციელებს ახალი მერი, ნაადრევად მიაჩნია, თუმცა ამბობს, რომ მერობის სახელისუფლებო კანდიდატი, პარტიული და ე.წ "ქუთაისური" დამოკიდებულისგან ვერ გათავისუფლდება.

"მასთანაც მოძებნიან მისავლელებს და ის იქნება გაორებულ სიტუაციაში, რადგან აქეთ პარტია შეაწუხებს, იქეთ ეს საახლობლო," - ამბობს ნატო ქათამაძე.

ვინ იქნებიან ქუთაისის მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატები სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიებიდან, ეს მიმდინარე თვეში გაჟღერდება. მანამდე კი, ყველა პოლიტიკურ პარტიაში კონსულტაციები მიმდინარეობს.



Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის წევრები ქუთაისის
2023 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ხარჯებს აპროტესტებენ.
11:43 / 27.11.2022
ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის წევრები ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტში განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ხარჯებს აპროტესტებენ.
პარლამენტს ფრაქცია
16:45 / 20.11.2022
პარლამენტს ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ პროექტის საკუთარი ვარიანტი წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.